Accessibility links

logo-print
ქუთაისის ერთ-ერთ ძველ დასახლებაში ვარლამიშვილის ქუჩის მცხოვრებთათვის ყოველი გაზაფხული საფრთხესთანაა გაიგივებული. მდინარე რიონის სანაპიროზე დასახლებულებს მდინარის წყალი ყოველწლიურად სახლებსა და სარდაფებში უვარდება და საცხოვრებელს უზიანებს. საფრთხე განსაკუთრებით დიდია ბაბლუანების ოჯახისთვის: ოჯახის რძლის, თინიკო სამსონიშვილის თქმით, მდინარესთან ერთად მათ სახლს პრობლემას უქმნის ღია სანიაღვრე არხი, რომელიც საცხოვრებელ ბინას ორი მხრიდან უვლის და ხშირი წვიმების დროს განსაკუთრებით დიდდება.
9 სულიანი ოჯახი განსაკუთრებით დააზარალა 5 წლის წინანდელმა სტიქიამ - მდინარიდან მოვარდნილმა წყალმა სახლის დიდი ნაწილი დასილა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა. როგორც ოჯახის უფროსი მიხეილ ბაბლუანი ამბობს, ქალაქის მაშინდელი ხელისუფლებისგან ერთჯერადი კომპენსაცია და განსახლების დაპირება მიიღო.

ოჯახში, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავში იზრდება, ნესტის გამო მათ ხშირ ავადმყოფობასაც უჩივიან. ინგა ყიფიანის თქმით, მრავალრიცხოვანი ოჯახის შემოსავლის წყარო სოციალურად დაუცველთა შემწეობაა.

ბაბლუანები მუდმივი საფრთხიდან გამოსავალს განსახლებაში ან სანიაღვრე არხის კაპიტალურად მოწყობასა და დახურვაში ხედავენ. როგორც მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში აცხადებენ, ოჯახის განსახლებისთვის შესაბამისი ფართი მერიას არ გააჩნია. ბინით დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანიც. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი ქუთაისში არც მომხდარა. მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ სანიაღვრე არხის მოწყობა შესაბამისი დაგეგმარებისა და ხარჯთაღრიცხვის შემდეგაა შესაძლებელი.

მოხვდება თუ არა ვარლამიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემის კაპიტალური გამართვა ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილმოწყობის სამსახურის 2013 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის, ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG