Accessibility links

logo-print
გზებისა და ღვარსადენების შეკეთება, გარეგანათების სისტემის მოწესრიგება, წყლის სისტემის რეკონსტრუქცია, სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა, თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტის სახეობების დანერგვა, ქონების ზუსტი აღრიცხვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც 2013-2017 წლებში ქუთაისში უნდა განხორციელდეს. მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი, რომელიც ამავე დროს პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრია, მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის განვითარების გეგმაზე არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ მიმდინარე წლის თებერვალში 2013-17 წლების ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი პროგრამა დაამტკიცა. მისივე აზრით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ნება, რათა ქალაქის განვითარების პროგრამა პროექტად გადაიქცეს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი ქალაქისთვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს ურბანული განვითარების მიწათსარგებლობის გეგმას, რომელზე მუშაობაც დონორი ორგანიზაციის დახმარებით მაისში უნდა დასრულდეს. ჭრელაშვილის განმარტებით, ქალაქის ახალმა საკადასტრო რუკამ და სივრცითი მოწყობისა და განაშენიანების გეგმამ მოსახლეობის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას ხელი უნდა შეუწყოს.

ქალაქის სტრატეგიული განვითარების საბჭო თვითმმართველობის სამსახურების, საკრებულოს კომისიების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი 15 წევრისგან შედგება. საბჭოს მიერ შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიმართ შენიშვნები აქვთ უფლებადამცველებს. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური რწმუნებულის მადონა ბასილაძის აზრით, პროგრამა ზოგადია და დასახვეწია ადამიანის უფლებათა და კეთილდღეობის საჭიროებათა გათვალისწინებით. ბასილაძე პროგრამის ავტორებს მიწის დაკანონებისას კერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხა უნდა გამოძებნოს სოციალურად დაუცველთათვის თავშესაფრის მოსაწყობად და იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე.

როგორც თავის მხრივ მალხაჭ ჭრელაშვილი განმარტავს, პოლიტიკურმა პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ აღნიშნულ პროგრამა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააცნო და შენიშვნები კონსულტაციების შესაბამისად იქნება გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG