Accessibility links

logo-print
ქუთაისის მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად უკვე 10 ადამიანი დარეგისტრირდა. კონკურსი გასულ კვირაში გამოცხადდა და მსურველებს ერთი კვირის მანძილზე კიდევ შეუძლიათ მასში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით ან წერილობით.

მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიმდინარე წლის 12 აპრილს შეიქმნა - მას შემდეგ, რაც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სახით ქალაქის საკრებულოს ახლად შემდგარმა უმრავლესობამ ქუთაისის უკვე ყოფილ მერს, ბესიკ ბრეგაძეს, უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. საკონკურსო კომისია 7 წევრითაა დაკომპლექტებული და მას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მუდმივმოქმედ კომისიაში საკრებულოს ორი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი წარმომადგენელია გაერთიანებული.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძეა. კომისიის წევრები არიან: ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგისთვის შექმნილი კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ წარმომადგენელი ზურაბ ხურციძე, „იმერეთის ჟურნალისტთა კლუბის“ ხელმძღვანელი ნესტან ნებურიშვილი, ორგანიზაცია „ინავრას“ წევრი ნინო დვალი და „ჩემი საქართველოს" წარმომადგენელი გელა მშვენიერაძე.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, კონკურსანტთა რაოდენობამ რამდენიმე ათეულ ადამიანს გადააჭარბოს.

„განაცხადების მიღება მიმდინარეობს ძალიან გამჭვირვალედ. არის ნდობა კომისიისადმი და, უფრო მეტიც, არ არსებობს შეჯერებული კანდიდატი. თვითონ მმართველ გუნდშიც რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა. ეს უფრო საინტერესოს ხდის კონკურსს, რომ უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებული. ამ ეტაპისთვის ვიტყვი, რომ პროცესები სრულიად დემოკრატიულად მიმდინარეობს და რომ ქუთაისში მერობის მსურველი 50-ზე მეტი კანდიდატი შეიძლება იყოს, მე მგონი, გასაკვირი არ არის“, - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.

მერის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდება, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, შვიდი წევრისგან შემდგარი კომისია, გასაუბრების საფუძველზე, 10 ქულიანი სისტემით ერთ კანდიდატს შეარჩევს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს.

კომისიის წევრი ზურაბ ხურციძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა „გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“, იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომლებსაც მერობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

„განათლება-კვალიფიკაცია გულისხმობს კანდიდატის გამოცდილებას; მუშაობის სტაჟი უნდა ჰქონდეს; მოეთხოვება სამართლებრივ სფეროში ცოდნა, რაც აუცილებლად სჭირდება ქალაქის მერს; ასევე უნდა ფლობდეს ინფორმაციას საბიუჯეტო საკითხების შესახებ. ეს არ მოწმდება პირველ ეტაპზე. საბუთებით შერჩევის შემდეგ აირჩევა კანდიდატები, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება და შესაბამის კითხვებს დავუსვამთ მეორე ეტაპზე“.

კითხვაზე, როგორი მერი სურთ, რადიო თავისუფლებას ქუთაისელი რესპონდენტები არაერთგვაროვნად პასუხობენ:

„ქუთაისს მინდა ჰყავდეს მერი - კარგი ორგანიზატორი. ადამიანი, რომელიც ფლობს ქალაქის მართვის ტექნოლოგიებს. პირველ რიგში, არ მინდა, რომ ეს თანამდებობა იყოს პოლიტიკური. მერი უნდა მოერგოს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, იზრუნოს მის კეთილდღეობაზე, დასახოს პრიორიტეტები - რა არის გასაკეთებელი ქალაქში, რა სჭირდება მის მოსახლეობას. უფრო გამოაცოცხლოს, მიმზიდველი და შემოსავლიანი გახადოს ქალაქი, რათა აქ ცხოვრების სურვილი უჩნდებოდეს ადამიანს, გაქცევის ნაცვლად უკან ბრუნდებოდნენ და სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ“.

„გვინდა კარგი მერი, გაგვიკეთოს რაღაც ქალაქში და თუ რამე შეიძლება, დაგვეხმაროს“.

„ხალხს მიხედოს, მისი გაჭირვება გაიზიაროს, რა სჭირდება, რა უნდა და მარტო დაპირებები თუ არ იქნება, კარგია“.

„იყოს ქუთაისელი პიროვნება, ქუთაისი რომ იცოდეს, მასზე გული შესტკიოდეს; ყველაფერს ყურადღება მიაქციოს, ხალხის გვერდით იდგეს და ქალაქის გვერდით. ააშენოს, გააკეთოს და უმოქმედო ქალაქის სახელი არ გვქონდეს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG