Accessibility links

თუ ხელისუფლება პასუხისმგებლიანია, ვალი უნდა გაისტუმროს, - ფიქრობენ მეანაბრეები


ქუთაისი

ქუთაისი

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საბჭოთა ანაბრებზე დაბანდებული - სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული - თანხის მოსახლეობისათვის დაბრუნების საკითხი აქტუალური არაერთხელ გამხდარა. იმას, თუ რამდენი მოქალაქის ვალი აქვს სახელმწიფოს, რა რაოდენობის თანხაა ანაბრებზე დარიცხული და როგორ უნდა მოხდეს მათი რესტრუქტურიზაცია, გასული წლის დეკემბერში შექმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია იკვლევს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ანაბრების დაბრუნების საკითხს სპეციალური კომისია სწავლობს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას მეანაბრეთათვის თანხის დაბრუნებას რთული და კომპლექსური პროცესი უწოდა და განაცხადა, რომ კომისიის ფუნქციონირების ვადა 2014 წლის 1 იანვრამდეა განსაზღვრული და შესწავლის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ანაბრების დაბრუნება-არდაბრუნების შესახებ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა მოსახლეობაში გარკვეული იმედი გააჩინა. მეანაბრეთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეების მიერ შემნახველ სალაროებში შეტანილი რუსული მანეთის კურსი დღევანდელ ლართან მიმართებაში და ვალი ისე აანაზღაუროს. მეანაბრეთა მცირე ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ ვალის დაბრუნების შემთხვევაში თანხა არაადეკვატური იქნება.

როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე შემნახველ სალაროში დანაზოგს სხვადასხვა მიზნით ინახავდნენ, ძირითადად კი - საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ამასთან, ოჯახებში დღემდე აქვთ შემონახული შემნახველი სალაროს წიგნაკები და მათზე დარიცხულ ათასობით ლარზე, ორ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, დანანებით საუბრობენ.

ე.წ. საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხზე სახელმწიფო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წამომადგენლობის ხელმძღვანელი. პაატა კლდიაშვილის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს მეანაბრეთა რაოდენობისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის განსაზღვრას. ეკონომისტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია წლების მიხედვით დაზუსტდეს ანაბრების ოდენობა და სწორად შეფასდეს ქვეყნის საფინანსო სისტემის შესაძლებლობები.

თავის მხრივ, მეანაბრეები ხელისუფლებისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება პასუხისმგებლიანია, მაშინ ვალი უნდა გაისტუმროს.
XS
SM
MD
LG