Accessibility links

ქუთაისის მერობის მსურველმა 11-მა კანდიდატმა 7 წევრიან საკონკურსო -საატესტაციო კომისიასთან გასაუბრება 27 და 28 მაისს გაიარა. კომისიამ პირველ ეტაპზე 70-მდე კონკურსანტიდან, სრულყოფილი დოკუმენტაციის მიხედვით, 12 შეარჩია. საკონკურსო კომისიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე ჯიქიამ, რომელიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობს, საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დღეს მოხსნა. გასაუბრების შედეგად, კომისია 10 ქულიანი სისტემით შერჩეულ საპარლამენტო დედაქალაქის მერობის ერთ კანდიდატს საკრებულოს დასამტკიცებლად ხვალ, 29 მაისს, წარუდგენს. მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მუშაობის დაწყების დღიდან მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საკონკურსო კომისია 7 წევრითაა დაკომპლექტებული და მას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მიდმივმოქმედ კომისიაში საკრებულოს ორი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი წარმომადგენელია გაერთიანებული. მერობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს წინ უსწრებდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადება, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მერობის კანდიდატის შერჩევაზე საუბარი პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს, მის მიერ მხარდაჭერილი კადრი კონკურსში მონაწილეობის განაცხადს შეიტანს და ეს ავტომატურად ნიშნავს მის გამარჯვებას. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ამერიკაში მცხოვრებ დიმიტრი კოპალიანზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც სთხოვეს რეაგირება მოეხდინა დავით თარხან-მოურავის 13 მაისის განცხადებაზე.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გიორგი უკლებას განცხადებით, კომისიისადმი ნდობის ხარისხს რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს, რომელთა არარსებობის გამო ამჟამად მოქმედი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს საკრებულოს სხდომაზე მხარს არ დაუჭერს.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მამუკა მღვდელაძის განცხადებით, კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილებაზე შესარჩევი კონკურსისას განვითარებული მოვლენები არ იმოქმედებს.

საკონკურსო კომისიის წევრებთან გასასაუბრებლად და საკუთარი პროგრამის წარსადგენად ქუთაისის მერობის კანდიდატებს თითო-თითო საათი ჰქონდათ. გასაუბრების პროცესს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა“ და „ახალგაზრდა ეკონომისტთა“ ასოციაციებისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადგილობრივი ოფისების სამი წარმომადგენელი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი თეო ზაქარაშვილი აცხადებს, გასაუბრება მშვიდ და ნორმალურ გარემოში მიმდინარეობდა.

გასაუბრებიდან გამოსულმა ქუთაისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დიმიტრი კოპალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა უკომენტაროდ დატოვა.
XS
SM
MD
LG