Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა


ქუთაისი
ქუთაისი
სტატისტიკური მონაცემებით, ივლისი და აგვისტო ტურისტული სეზონის პიკია და ყველაზე მეტი ვიზიტორი როგორც ქვეყანაში, ასევე ქუთაისში სწორედ წელიწადის ამ დროს შემოდის. ქუთაისის ცენტრში ტურისტების სიმრავლე ადგილობრივთათვის თვალშისაცემია - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ვიზიტორი გადაადგილდება როგორც სამგზავრო ავტობუსით, ასევე ფეხით თუ მოტოციკლით. როგორც ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განმარტავენ, წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მეტი ტურისტი ქალაქს ორგანიზებული ტურის მეშვეობით ეწვია, 2011-2012 წლებში კი ინდივიდუალურად და ოჯახით ვიზიტორები ჭარბობდნენ.

საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ზაფხულის თვეებში უცხოელ ვიზიტორტა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს, ზამთარში კი საგრძნობლად იკლებს და 100-150-მდე ტურისტი მიდის ცენტრში სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ივნის-ივლისის თვეებში შესულ ვიზიტორთა რაოდენობა ყველაზე მეტი გასულ წელს დაფიქსირდა და 1400 ტურისტი შეადგინა, რაც 2011 წელს ვიზიტორთა რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში კი, საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ცენტრს მხოლოდ 410-მა უცხოელმა ვიზიტორმა მიმართა, რაც, თავის მხრივ, ტურისტული სააგენტოების მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის ნინო თორთლაძის თქმით, ცენტრს ყოველდღიურად აკითხავენ ინდივიდუალურად ჩამოსული ტურისტები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ სასტუმროების, კვების ობიექტებისა და გადაადგილების საშუალებების შესახებ. ნინო თორთლაძე მიიჩნევს, რომ ქუთაისის გეოგერაფიულად ხელსაყრელი მდებარეობა ტურისტებისთვის მიმზიდველია, თუმცა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დღემდე ვიზიტორთა უკმაყოფილებას იწვევს.

ნინო თორთლაძის ინფორმაციით, ტურისტების მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქში გაიზარდა საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კვების ობიექტების რაოდენობა. მომსახურების სფეროებში არსებული ხარვეზების მიუხედავად, ტურისტებს ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობა და შემეცნებით-კულტურული სანახაობები იზიდავს.

ტურისტული სააგენტო „ვანდერლენდის“ ქუთაისის ფილიალის მენეჯერის ლაშა ბერეკაშვილის განმარტებით, ქუთაისის აეროპორტის გახსნის შემდეგ გაიზარდა ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან ჩამომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობა, გახშირდა ტურისტების განმეორებითი ვიზიტებიც, თუმცა, ვიზიტორთა მატების შესაბამისად, ახალი სერვისების დამატების აუცილებლობა გაჩნდა.

ლაშა ბერეკაშვილს ქალაქში ტურიზმის განვითარებისა და უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად სასურველად მიაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობა ტუროპერატორებს ინფოტურების მოწყობაში დაეხმაროს. ტურისტების დაინტერესების ზრდასთან ერთად ტურისტული კომპანიები ტურისტებს, შემეცნებით-კულტურული სანახაობების გარდა, ეკო, საფეხმავლო და ექსტრემალურ ტურებს სთავაზობენ. ქუთაისში ჩასული ტურისტები კი ყველაზე ხშირად ბაგრატის ტაძარს, გელათისა და მოწამეთას მონასტრებს, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებს, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ვანის ანტიკური კულტურის არქეოლოგიურ მუზეუმებსა და კაცხის სვეტს ათვალიერებენ.
XS
SM
MD
LG