Accessibility links

logo-print

ქუთაისის ბიუჯეტიდან პროგრამებში 6 თვეში გახარჯული თანხები


ქუთაისი

ქუთაისი

ქუთისის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ მომზადებული 6 თვის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის შესრულების ხარვეზების მიუხედავად, სეკვესტრი არ იგეგმება, თუმცა რამდენიმე პროგრამაში თანხის დიდი ნაწილი გახარჯულია. მაგალითად, მედიკამენტებით დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის 75 % და სოციალური დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის 99 %-ია გახარჯული.

ქუთაისის 6 თვის ბიუჯეტის შესრულებით უკმაყოფილოა საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აკისრებს. მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო წლის პირველი 6 თვის მანძილზე ცალკეული პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის 50% ზე მეტი თანხის გახარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა იყო.

მღვდელაძის აზრით, აუცილებელია გამოიძებნოს თანხები, რომ სოციალური დახმარების პროგრამები არ შეფერხდეს და მოქალაქეებმა საჭირო სერვისები მიიღონ. საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ ხელმძღვანელი გიორგი უკლება მამუკა მღვდელაძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ თანხები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის კანონიერადაა გამოყოფილი.

თავის მხრივ, გიორგი უკლება ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილის შეუსრულებლობაზე საუბრობს და ხელისუფლებას ადმინისტრირების გამკაცრებას ურჩევს.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი თვეა მუშაობს, ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულების ხარვეზებს სამსახურების მიერ ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვით ხსნის.

საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარით განისაზღვრა, ამ დრომდე ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება 7-ჯერ განხორციელდა და გრანტებითა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერებით 13 მილიონი ლარით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG