Accessibility links

ძვირად ღირებული ყინულის მოედნის მიზნობრიობა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის ყინულის მოედანზე

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის ყინულის მოედანზე

ქუთაისის ყინულის მოედანზე 4-დან 10 წლამდე ბავშვების მიღება სექტემბრის თვიდან განახლდება. მოედნის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად სამოსწავლო და სპორტულ ჯგუფებში ფიგურული სრიალის ხელოვნებას 1000-მდე მოზარდი ეუფლება. სწავლება უფასოა, ყინულის მოედნის ხარჯები კი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სუბსიდირების წესით ფინანსდება. მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყინულის მოედნის ტექნიკური უზრუნველყოფისა და 25 თანამშრომლის - მათ შორის, 3 მწვრთნელის - სახელფასო ანაზღაურებისთვის 380 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც, გასულ წელთან შედარებით, 24 ათასი ლარით ნაკლებია. საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ავალიანის თქმით, სასურველია ყინულის მოედნის ადმინისტრაციამ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხის მობილიზება შეძლოს და ბიუჯეტში ხარჯები გამოთავისუფლდეს.

საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მსგავსად, ყინულის მოედნისთვის ალტენატიული დაფინანსების წყაროს მოძიებას აუცილებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე. მღვდელაძის განცხადებით, აუცილებელია მსგავსი ორგანიზაციები ეტაპობრივად თვითდაფინანსებაზე გადავიდნენ.

„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას რეკომენდაციას აძლევს, გადახედოს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპი), ყინულის მოედნის, დაფინანსების მიზნობრიობას.
ფიგურული სრიალის სამოსწავლო და სპორტულ ჯგუფებში გადასახადის დაწესებას ამ დროისთვის მიზანშეუწონლად მიიჩნევს ყინულის მოედნის დირექტორი გივი ფანჩულიძე, რომელიც მოზარდების სპორტის ამ სახეობით დაინტერსებას მისი გამაჯანსაღებელი ფუნქციით ხსნის და მოედნის ფუნქციონირების წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს.

ყინულის მოედნის კონსტრუქცია ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით 2011 წელს დამონტაჟდა და ქალაქის ბიუჯეტიდან მის შესაძენად 600 ათას ლარი გამოიყო. გამართულად მუშაობისთვის მოედანზე აგვისტოს თვეში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტული ობიექტი მოზარდებს სექტებმრიდან ივლისის ჩათვლით ემსახურება.
XS
SM
MD
LG