Accessibility links

logo-print
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, 42 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის სასტარტო ბიუჯეტს თითქმის 1 მილიონი ლარით ჩამორჩება. როგორც მერიაში განმარტავენ, შემოსავლების სიმცირის გამო მომავალ წელს, ქალაქი, გათანაბრებითი ტრანსფერის სახით, ფინანსთა სამინისტროსგან დამატებით 30 მილიონამდე ლარსაც მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გამოიყოფა ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შარაბიძის განმარტებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი უკვე მიეწოდა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს და მათ 10 დღის ვადაში უნდა გინიხილონ და შენიშვნებით აღმასრულებელს დაუბრუნონ. გიორგი შარაბიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, 2013 წლისგან განსხვავებით, პრიორიტეტულია სოციალური პროგრამების დაფინანსება და თითქმის გაორმაგებულია მათი ბიუჯეტი.

ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან ახალი მუხლები დაემატება, რომელთა მიხედვით, გაიზრდება სოციალური შემწეობები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის დახმარების პროგრამა. როგორც მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს, 2014 წლიდან მზრუნველობამოკლებული პირები, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ, ადგილობრივი თვითმმართველობისგან 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას და უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ფართით. ფინანსური დახმარების ოდენობა იზრდება მრავალშვილიანი დედებისთვის. ამასთან, ის ოჯახები, რომლებსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ, თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას 20 ლარის ოდენობით.

მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ნადირაძის განცხადებით, სიახლეა ისიც, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტიდან დაიფარება საჯარო სკოლების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის - 4 500 ბავშვისთვის - პროფილაქტიკური ორთოპედიული და ქირურგიული გამოკვლევების ხარჯების, ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებს კი მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი 100 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდებათ.

როგორც მერიაში განმარტავენ, მომავალ წელს ქალაქის პრიორიტეტულ სფეროებში ასევე შედის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ქალაქის საკრებულო აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მიმდინარე კვირაში განიხილავს. როგორც მოსალოდნელია, პროექტში დამტკიცებამდე ცვლილებები განხორციელდება. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარით გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა, რაც, დაახლოებით, 5 მილიონი ლარით მეტი იყო 2012 წლის ბიუჯეტზე.
XS
SM
MD
LG