Accessibility links

logo-print

„ნუ წამართმევ პარლამენტს!“ - ქუთაისში კვლავ აქტუალურია


საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

გასული კვირის ბოლოს ელექტრონული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ინვენტარი ქუთაისიდან თბილისში გადააქვთ და ტვირთის გადასატანად 18 500 ლარი დაიხარჯება. როგორც პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ზურაბ მარაქველიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, გამოცხადდა ტენდერი, რომლის პირობებითაც გადამზიდავმა უნდა გადაიტანოს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, დასაწყობებული ინვენტარი ირაკლი აბაშიძის გამზირის 26 ნომრიდან თბილისში, რუსთაველის გამზირის 8 ნომერში. ზურაბ მარაქველიძე ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობების თბილისში გადატანას დედაქალაქში არსებული შენობის საჭიროებით ხსნის.

ჯერჯერობით უცნობია პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება თუ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმება მოხდება. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან, ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო ხმათა რაოდენობა პარლამენტის დეპუტატთა საერთო შემადგენლობის ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე გაიზარდა და 100-ის ნაცვლად საჭიროა 113 დეპუტატის თანხმობა.

პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებას რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა. საპარლამენტო უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტის თბილისში დაბრუნების აუცილებლობას ხარჯების სიდიდითა და მთავრობისგან სიშორით ასაბუთებენ.

პარლამენტის თბილისში ფუნქციონირებას აუცილებლად მიიჩნევს უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი. დეპუტატის განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტისთვის ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა მუშაობდეს.
პარლამენტის რეზიდენციის თბილისში დაბრუნებას საზიანოდ მიიჩნევს ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე.

ქვეყანაში მეორე ქალაქის გაძლიერებისა და პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების მომხრენი არიან მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე და მუსიკოსი ნანა დოღონაძე, რომლებიც პარლამენტის ქუთაისში დატოვების მომხრეთა გამართული აქციების „ნუ წამართმევ პარლამენტს“ აქტიური მონაწილეები იყვნენ.
XS
SM
MD
LG