Accessibility links

logo-print

ძალთა გადანაწილების, სტაგნაციისა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების დაწყების წელი


2013 წლის შეფასებისას წლის მონაპოვრად რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები მშვიდ ვითარებაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მიიჩნევენ, თუმცა, რესპონდენტთა ნაწილის აზრით, ეს წელი ქუთაისისთვის სხვა მხრივ გამორჩეული და საინტერესო არაფრით ყოფილა: პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებისა და თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები არ გაუმჯობესებულა და დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა პრობლემებიც მოუგვარებელია.

2013 წელს ქუთაისი ყურადღების ცენტრში მოექცა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად ქალაქის მერის თანამდებობისთვის დაბრუნებული დიმიტრი კოპალიანის დანიშვნითა და სამ თვეში მისი საკუთარი სურვილით პოსტის დატოვებით, მერის მოვალეობის შემსრულებელთა ხშირი ცვლითა და მერიაში რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებულთა სასამართლო პროცესებით, რომელთა შემდეგ მერიის 12 თანამშრომელი, მათ შორის, ორი ვიცე-მერი სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა. პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესად მიაჩნია რესპონდენტთა ნაწილს ქუთაისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიისა და ფრაქციის დატოვება და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანება, თუმცა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც საკრებულოში უმრავლესობას ქმნიდა და 12 წევრს აერთიანებდა, შექმნიდან 8 თვეში 6-მა დეპუტატმა დატოვა და ახალ წლამდე ორი კვირით ადრე საკრებულოში დამატებით ორი ფრაქცია - „ჩემი ქუთაისი“ და „ქუთაისის მომავლისთვის“ - შეიქმნა. ამ პროცესებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისად მიიჩნევს საკრებულოს უკვე უმცირესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიორგი უკლება. მისივე განცხადებით, 2013 წელი ქუთაისისთვის სტაგნაციის წელი იყო.

ქვეყნის მეორე დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნება და პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება საპროტესტო აქციების საფუძველი რამდენჯერმე გახდა. ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს თოთხმეტთვიანი ფუნქციონირების შემდეგ, მოსახლეობა, სამოქალაქო სექტორი და თავად ხელისუფლება განსხვავებული აზრის არიან იმაზე, თუ რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და რამდენად დაეტყო ქალაქს მისი არსებობა. „დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის“ გამგეობის წევრის გიგა შუშანიას აზრით, პარლამენტის ადგილმდებარეობის თაობაზე გაუთავებელმა დებატებმა და დაპირებებმა ქუთაისის განვითარება შეაფერხა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა შორის ერთ- ერთი, ვინც 2013 წლის შეფასებისას პოზიტიურ მოვლენებსა და შედეგებზე საუბრობს, ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელი ქეთი ბიბილეიშვილია. მისი თქმით, ცენტრის ხელშეწყობით, წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული შეხვედრა, დისკუსია და საჯარო დებატი გაიმართა, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდაზე მიუთითებს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა მოლოდინით, 2014 წელი, წინა წელთან შედარებით, უფრო სტაბილური იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი, შესაძლოა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იყოს.
XS
SM
MD
LG