Accessibility links

logo-print

ნაგავსაყრელის საფრთხე და ნარჩენების დახარისხების აუცილებლობა


ქუთაისი

ქუთაისი

იმერეთში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 პრიორიტეტული ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად საქართველომ, გრანტისა და შეღავათიანი კრედიტის სახით, 40 მილიონ ევრომდე თანხა მიიღო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროკავშირისგან. 10 მილიონი ლარი გამოიყოფა კომპანიისთვის, რომელიც ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობას გააგრძელებს.

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში, უკვე აწესრიგებენ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ ნაგავსაყრელის პოლიგონს და, ნარჩენების განთავსების პარალელურად, საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ დეისაძე განმარტავს, პოლიგონი მართვაში გერმანულ მხარეს გასული წლის სექტემბრის თვიდან გადაეცა. კომპანია ტერიტორიის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ატარებს და მდინარე რიონის სანაპიროზე დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის ჯებირი ააგო.

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მიხედვით, რომელსაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი 2016 წელს დაიხურება და ახალი პოლიგონი რეგიონალური ნაგავსაყრელისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა, აიგება მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც იმერეთის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. ამ დროისთვის ნიკეას ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ქუთაისის გარდა, თერჯოლის, წყალტუბოსა და რამდენიმე ახლომდებარე მუნიციპალიტეტიდან თავსდება.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ, ნაგავსაყრელის მოწესრიგებასთან ერთად, აუცილებელია მოსახლეობა ნარჩენების დახარისხებას მიეჩვიოს.

ნაგავსაყრელი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, 1959 წელს ამოქმედდა და 42 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა. ეკოლოგების დასკვნით, არ არსებობს გარემოზე ნაგავსაყრელის ზემოქმედების შეფასება, რის გარეშეც მისი ფუნქციონირება უკანონოდ ითვლება. ამასთან, ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს, რადგან, ბოლო მონაცემებით, მისი დიდი ნაწილი მდინარე რიონმა ჩარეცხა და პოლიგონისთვის მხოლოდ 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთია დარჩენილი.

ქუთაისის ნიკეას დასახლების მცხოვრებნი დიდი ხანია ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ქალაქის მრავალათასიანი დასახლებიდან კილომეტრ-ნახევარში მდებარე ნაგავსაყრელი მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს გაუსაძლის პირობებს უქმნის.

ამჟამინდელი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც, თავის მხრივ, ახალი პოლიგონის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG