Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მომსახურების ხარვეზები


ქუთაისში მგზავრთა გადაყვანას 12 კომპანია უზრუნველყოფს. 9 საავტობუსო ხაზზე ყოველდღიურად 64 ავტობუსი მუშაობს, 42 მიკროსაავტობუსო მარშრუტზე კი - 162 მიკროავტობუსი. პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას მტკიცებით, გადამზიდავი კომპანიები, რომლებსაც მერია არ აკონტროლებს, ხელშეკრულების პირობებს არღვევენ.

რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, გარდა იმისა, რომ შიდასაქალაქო ტრანსპორტი ხშირად მოუვლელია, ტექნიკურადაც არაა გამართული. რესპონდენტის თქმით, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მფლობელებმა და მერიის შესაბამისმა სამსახურმა ტრანსპორტის გამართულად მუშაობა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ.

გადამზიდავი კომპანიების მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის პარალელურად, მათ მიერ ქუთაისის ბიუჯეტში შესატანი თანხის სიმცირეზე ლაპარაკობს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. მისი განცხადებით, შიდასაქალაქო ტრანსპორტიდან მისაღები თანხის შარშანდელ გეგმას 10 ათასი ლარი დააკლდა, წელს დაგეგმილი შემოსავლები კი მინიმალურია. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სატენდერო პირობების შეცვლით თანხის გასამმაგება და, 300 ათასი ლარის ნაცვლად, ქალაქის ბიუჯეტის მილიონი ლარით შევსებაა შესაძლებელი.

გოგი წულაიას ბრალდებების საპასუხოდ, მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა კეპულაძე განმარტავს, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მფლობელებთან ხელშეკრულების გაფორმება ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან შიდასაქალაქო მარშრუტები რამდენიმეწლიანი იჯარითაა გაცემული. კეპულაძის განცხადებითვე, ბიუჯეტში შესატანი მოსაკრებლის ოდენობა ეკონომიკური სამსახურის მიერაა დათვლილი, შიდასაქალაქო ტრანსპორტით მომსახურების ფასს შეესაბამება და ამ ეტაპზე მისაღებია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე გადამზიდავებისთვის. ნიკა კეპულაძის ინფორმაციით, შარშანდელი მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო გადამზიდავი კომპანიები გააფრთხილეს, რომ თუ დავალიანებას შეთავაზებულ ვადაში ვერ დაფარავენ, ხელშეკრულება შეუწყდებათ.
XS
SM
MD
LG