Accessibility links

logo-print

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ზამთრის სეზონისთვის ემზადება, რისთვისაც საბიუჯეტო ცვლილებები უკვე განხორციელდა. როგორც მერიაში განმარტავენ, დაახლოებით ერთ თვეში ქალაქს საკუთარი სპეციალური ტექნიკა ეყოლება, რითაც, უხვი ნალექის შემთხვევაში, ცენტრალური ქუჩები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდება. მერიის ინიციატივას მოწინააღმდეგეები საკრებულოს უმცირესობაში გამოუჩნდნენ. დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტექნიკის შენახვა და ექსპლუატაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ქუთაისის მწირი ბიუჯეტისთვის არახელსაყრელია.

ქუთაისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმ საბიუჯეტო ცვლილებებს აკრიტიკებენ, რომელთა მიხედვითაც, მერიამ სატენდერო ეკონომიის ხარჯზე 300 ათას ლარად ღირებული ორი ერთეული სპეციალური ტექნიკა უნდა შეისყიდოს. საკრებულოს წევრის ამირან ძოწენიძის განცხადებით, არაგონივრულია 300 ათასი ლარის დახარჯვა თოვლსაწმენდი მანქანისთვის, რადგან ქუთაისისთვის არ არის დამახასიათებელი ხანგრძლივი და უხვთოვლიანი ზამთარი. ამასთან, ამირან ძოწენიძის აზრით, უმჯობესი იქნებოდა მერიას ქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის, „ქუთსერვისისთვის“ სატენდერო პირობებით მოეთხოვა, საჭიროების შემთხვევაში, ქალქის ქუჩების თოვლისგან გაწმენდა

ამირან ძოწენიძის კრიტიკას არ იზიარებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მურღულიას განცხადებით, შეძენილი ტექნიკა მულტიფუნქციური იქნება და, თოვლის გაწმენდის გარდა, ქუჩების მორწყვასა და დაგვასაც შეძლებს. ამასთან, შოთა მურღულიას თქმით, გასულ ზამთარში შექმნილმა პრობლემებმა ტექნიკის შეძენის აუცილებლობა აქტუალური გახადა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ზამთრის სეზონის დაწყებისთვის ადგილობრივ თითმმართველობას უკვე საკუთარი მულტიფუნქციური ტექნიკა ეყოლება.

XS
SM
MD
LG