Accessibility links

წყალი დეფიციტის გარეშე ქუთაისისთვის კვლავ პრობლემად რჩება


წყლით მომარაგება, მისი ხარისხი და გრაფიკით მიწოდებული სასმელი წყალი ქუთაისის მოსახლეობისთვის წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში განხორციელებული წყლის სისტემის რეკონსტრუქციის შედეგად, 24-საათიან რეჟიმში წყალი ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებ 14 ათას აბონენტს მიეწოდება, რაც ქალაქის მთლიანი მოსახლეობის 20 %-ია. რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები, რომლებიც ქუთაისის სხვა უბნებში ცხოვრობენ, წყლის მიღების გრაფიკის ხანგრძლივობით უკმაყოფილონი არიან და ალტერნატიულ გზებს ეძებენ. წყლის სისტემის მშენებლობისას მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე ლაპარაკობს გელათის ქუჩის მცხოვრები ივანე გვენეტაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადგილობრივი ოფისის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტის „იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე ქალაქის მოსახლეობის წყლით მომარაგება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. პროგრამების კოორდინატორის ნოდარ ჯიქიას განცხადებით, ორგანიზაციის ცხელ ხაზზე მას მოქალაქეები ყოველდღიურად უკავშირდებიან.

ქუთაისში წყლით მომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ქალაქის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2013 წლის სექტემბრიდან მორიგ პროექტს ახორციელებს. წყლის სისტემის რეკონსტრუქციის შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს კომპანია „ეპტისა“. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბიჭიაშვილი ამბობს, მისთვის მოსახლეობის პრობლემები ცნობილია. ამასთან, შენიშნავს, რომ ამჟამად წყლის სისტემის რეაბილიტაციაშეფერხებებით მიმდინარეობს.

პირველი ბანერები ქუთაისში, რომლებიც მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგებას ჰპირდებოდა, 2007 წელს გაჩნდა, თუმცა საინფორმაციო სტენდები მალევე აიღეს და ახლით ჩაანაცვლეს, რომლებიც უკვე წყლის მიწოდებას დეფიციტის გარეშე იუწყებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ევროს ღირებულების პროექტები განხორციელდა, სასმელად ხარისხიანი წყლის მიღება მოსახლეობისთვის დღემდე პრობლემად რჩება.

XS
SM
MD
LG