Accessibility links

logo-print

ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი უსახლკარო ადამიანი ათევს ღამეს ქუთაისის სკვერებსა და პარკებში, არ არსებობს. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა პირმა მიმართა საბინაო ფართით დაკმაყოფილების თხოვნით, თუმცა უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დახმარება შორეული პერსპექტივაა, რადგან ჯერჯერობით მერიის ბალანსზე არ არსებობს ისეთი შენობა, რომელსაც სოციალურად დაუცველთა თუნდაც დროებითი განთავსებისთვის გამოიყენებდნენ.

ამ ზამთარს სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი ადამიანებისთვის ქუთაისში კარვები აღარ დაიდგმება. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ შარშან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 25 ადამიანზე გათვლილი კარავი დაიდგა, მაგრამ, როგორც ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ამბობს, იქ სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა.

უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილმა ქუთაისის მერიას დახმარებისთვის უკვე მიმართა. როგორც მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცეს ფართები, რომლებიც საცხოვრებლად მოეწყობა. თუმცა მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ბინებს საკუთრებაში ვერ გადასცემს და მხოლოდ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებითვე, აუცილებელია განისაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა შეირჩნენ, მიუსაფართა სახლის გახსნის შემთხვევაში, ბენეფიციარები.

სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი 800 ადამიანის ერთჯერადი კვებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 1 ლარს და 20 თეთრს ხარჯავს. „მადლიერების სახლი“ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და, როგორც მისი ხელმძღვანელი რევაზ ჩახუნაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელს, 2014 წელთან შედარებით, 100 ადამიანით მეტს ემსახურება.

ის ადამიანები, რომლებიც „მადლიერების სახლში“ ყოველდღიურად იკვებებიან, მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან მომსახურებითა და კერძებით.

ქუთაისში ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, 16-ბინიანი ორი სოციალური სახლი ფუნქციონირებს, სადაც მარტოხელა მოხუცები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. რამდენიმეწლიანი მცდელობის მიუხედავად, მათ სოციალური მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესეს და მუდმივი დახმარების მოლოდინში არიან.

XS
SM
MD
LG