Accessibility links

logo-print

10 სტუდენტისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, ქალაქის მერისა და ახალგაზრდების კვალიფიციური და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს - შექმნის წინადადებით, ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, შეხვდა. ახალგაზრდებმა ქალაქის მერს პირველი ინიციატივა გააცნეს, რომელიც ბაღებსა და სკვერებში ღია ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს.

ქუთაისელი ახალგაზრდების ინიციატივით, ერთმანეთზე ზრუნვის, ერთმანეთის მიმართ ნდობისა და სოლიდარობის ნიშნად, ქალაქის 5 ბაღში განთავსებული ღია ბიბლიოთეკებისთვის ორიგინალური ფორმის კარადები დაიდგმება, სადაც წიგნები და ჟურნალ-გაზეთები განთავსდება. ყველა მსურველს საშუალება ექნება წიგნები და ჟურნალ- გაზეთები ადგილზე წაიკითხოს ან სახლში წაიღოს და დააბრუნოს. მსურველებს ასევე შეეძლებათ თავად დატოვონ წიგნები და უკვე წაკითხული ჟურნალ -გაზეთები. საინიციატივო ჯგუფის წევრის მიხეილ მუმლაძის თქმით, პროექტი მერიის მიერ გამოცხადებული თავისუფალი ინიციატივების პროექტების ფარგლებში დაფინანსდება.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი მიხეილ მუმლაძე განმარტავს, ახალგაზრდული საბჭოს ჩამოსაყალიბებლად სტუდენტები არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სამოტივაციო ესეებისა და გასაუბრების შედეგად შეირჩნენ, პროექტ „ღია ბიბლიოთეკების“ განსახორციელებლად კი ისინი გამომცემლობებსა და ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას გეგმავენ.

ქალაქის ბაღებსა და სკვერებში ღია ბიბლიოთეკების მოწყობას ქუთაისელი სტუდენტები და ახალგაზრდები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდებიან.

თავის მხრივ, ღია ბიბლიოთეკების მოწყობის ინიციატორები ამბობენ, რომ, მართალია, მათ თანაქალაქელების კეთილგონიერების იმედი აქვთ, მაგრამ კარადების დაზიანებისა და წიგნების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად სკვერებში მაინც ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ ინიციატივა სსვა სიახლეების დანერგვასაც შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG