Accessibility links

logo-print

ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს ქონების პრივატიზებით შემოსული თანხა შეადგენს. 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის ბალანსზე არსებული 900 ათასი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობისა და 1 მილიონ 900 ათას ლარად შეფასებული მიწის გასხვისებას გეგმავს, რაც ნახევარი მილიონი ლარით აღემატება გასულ წელს დაგეგმილ ქონების პრივატიზებისთვის განსაზღვრულ თანხას.

2014 წლის საბიუჯეტო მონაცემებით, მიწის პრივატიზებისთვის დაგეგმილ თანხას ფაქტობრივმა შესრულებამ 600 ათასი ლარით გადააჭარბა და მილიონ 387 ათასი ლარი შეადგინა, შენობა-ნაგებობა კი, დაგეგმილთან შედარებით,ნახევარი მილიონი ლარით ნაკლები ღირებულების გასხვისდა და მათი პრივატიზებით გასული წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარი შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ქონების პრივატიზებისთვის დაგეგმილი თანხის ყველაზე მაღალი ნიშნული 2013 წელს იყო და ის 4 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა 2013 წელს ქალაქის თვითმმართველობამ მიწისა და ნაგებობების გაყიდვით მხოლოდ მეხუთედი თანხის, 800 ათასი ლარის, მიღება შეძლო ბიუჯეტში.

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზება ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს, რაც, თავის მხრივ, ინვესტორების მოზიდვას, ხელშეწყობასა და ქალაქის განვითარებას უნდა გულისხმობდეს.

ბესიკ ბრეგაძის ინფორმაციით, ქალაქში არსებული საპრივატიზაციო მიწის ფასს საკრებულო ყოველწლიურად თებერვლის თვის ბოლოს ადგენს. გასულ წელს მიღებული ნორმის მიხედვით, ქუთაისში, ზონებისა და ქვეზონების გათვალისწინებით, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი 62-დან 240 ლარამდე მერყეობს, აუქციონის შედეგად კი დაინტერესების მიხედვით იცვლება და იმატებს. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მიმდინარე წლიდან მიწის პრივატიზებისთვის დამატებით აუდიტის შეფასებაა საჭირო, რაც, თავის მხრივ, პრივატიზების პროცესს გააჭიანურებს.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად სასურველია სწორად შეირჩეს საპრივატიზაციო ობიექტები და ისინი რაც შეიძლება მაღალ ფასად გასხვისდეს. კლდიაშვილი, ამავე დროს, მიიჩნევს, რომ, ბიუჯეტში თანხების მოზიდვის გარდა, მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, დაინტერესება და მოთხოვნა გაიზარდა ნიკეას ქუჩაზე მდებარე საპრივატიზაციო მიწის ფართებზე, სადაც ქალაქში შემოსასვლელი მთავარი გზა ეწყობა.

XS
SM
MD
LG