Accessibility links

logo-print

ლარის კურსის მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში ყოველდღიური ღელვის საგანია ქუთაისში. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დაფაზე გამოსახული ნიშნულები მოსახლეობის უკმაყოფილებას სულ უფრო ხშირად იწვევს. 24 თებერვლის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 27 თეთრია. ლარის დევალვაციითა და პროდუქტების ფასის ინფლაციით უკმაყოფილონი არიან როგორც მყიდველები და გამყიდველები, ასევე მიმწოდებლები და ის მოქალაქეები, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი.

ნონა ხარაბაძე ერთ-ერთია, ვისაც, როგორც თავად ამბობს, ლარის დევალვაციის გამო ბოლო თვეებში სესხის დაფარვისას მეტი თანხის გადახდა უწევს, ვიდრე გასულ წელს იხდიდა.

ახალი წლის შემდეგ 30 %-ით შემცირდა პროდუქციის რეალიზაცია „იმპერიალის“ ქსელის სუპერმარკეტში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს. სუპერმარკეტის მენეჯერის ხათუნა კუტალაძის თქმით, ლარის კურსის ცვალებადობა ერთნაირად უარყოფითად აისახება როგორც მოქალაქეთა მყიდველუნარიანობაზე, ასევე გაყიდვებზე. ხათუნა კუტალაძის განმარტებითვე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმწოდებლებმა პროდუქციის მიწოდება შეაჩერეს და მათი ფასის განსაზღვრისთვის ლარის დასტაბილურებას ელოდებიან.

იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების ზრდას ადასტურებს სასურსათო მაღაზიის მეპატრონე გივი ენდელაძეც. მისი თქმით, ჯერჯერობით ფასი არ მომატებია იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომლებიც ადგილობრივი წარმოებისაა.

ეკონომისტ პაატა კლდიაშვილის თქმით, იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ლარის დევალვაციის ფონზე, პროდუქტებზე ფასის ზრდა მინიმალურია.მისივე ინფორმაციით, გასული თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 0,2 % -იანი ინფლაცია, რაც, ლარის გაუფასურების ფონზე, საგანგაშო არ არის. პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება შესაძლებელია.

მისივე განცხადებით, ეკონომიკური ცვლილებები ქუთაისისთვის ისევე დამახასიათებელია, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის და ქალაქს არ გააჩნია რაიმე სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც შეცვლიდა პირობებს.

XS
SM
MD
LG