Accessibility links

logo-print

ქუთაისის ქუჩებში, ქალაქის როგორც ცენტრალურ, ასევე გარეუბნებში მრავლადაა ძაღლი, რომელსაც ყურზე სპეციალური ნიშნული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აცრილი და სტერილურია. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ნიშნული არა აქვთ. როგორც რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები ამბობენ, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველები, რომლებიც საკვებს სხვადასხვა გზით მოიპოვებენ, ადამიანებს საფრთხეს უქმნიან.

ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრებთა თქმით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები ყოველდღიურად ხვდებათ ქუჩაში და იმის იხედვით, თუ რა საშუალება აქვთ, კვებავენ კიდეც, თუმცა ჯგუფებად შეკრებილი ძაღლები განსაკუთრებით აშინებთ ბავშვებსა და მოხუცებს. ამასთან, მაღალია სხვადასხვა გადამდები დაავადების გავრცელების რისკიც, რადგან სპეციალური ნიშნულით აღწერილ ძაღლებს თითქმის ყოველდღიურად ემატება პატრონებისგან სხვადასხვა მიზეზით უმეთვალყურეოდ მიტოვებული ძაღლები.

საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ძაღლების კვებით უზრუნველსაყოფად უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველებისთვის სპეციალური თავშესაფრის მოწყობის მომხრეა რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების აღრიცხვას, აცრასა და, შემდგომში მათი გამრავლების თავიდან აცილების მიზნით, სტერილიზაციასა და კასტრაციას ქუთაისში კომპანია „უნივესჯგუფი“ ახორციელებს, რომელმაც ქალაქის მერიის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 6 თვის განმავლობაში 47 ათას ლარად უზრუნველყოფს აღნიშნულ მომსახურებას. კომპანიის საქმიანობას მონიტორინგს უწევენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების სპეციალიტები. როგორც განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ ტყაბლაძე განმარტავს, 5 წევრისგან შემდგარი ინსპექტირების ჯგუფი ყოველდღიურად აკონტროლებს დროებით თავშესაფარში მყოფი ცხოველების კვებას და მოვლა-პატრონობის ხარისხს, მათ შორის, ვოლიერების სისუფთავეს, ვაქცინაციისა და დაავადებული ძაღლების მკურნალობის პროცესს.

როგორც მერიის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ ტყაბლაძე განმარტავს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით, კომპანია ყოველთვიურად 200-მდე ძაღლს ათავსებს თავშესაფარში და შესაბამისი მომსახურების გაწევიდან 10 დღის გასვლის შემდეგ ისევ ქუჩაში უშვებს. არჩილ ტყაბლაძის განცხადებითვე, უმეთვალყურეოდ დატოვებული ძაღლებისთვის მუნიციპალური თავშესაფრის მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამისთვის რამდენიმე მილიონი ლარია საჭირო, რაც ქალაქის ბიუჯეტისთვის დიდი ხარჯია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG