Accessibility links

logo-print

საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებით ჩამოდიან ქუთაისში ქვეყნის შიგნით მოგზაური თუ საზღვარგარეთიდან შემოსული ტურისტები, თუმცა ქუთაისში ჩამოსულ ვიზიტორებს ქალაქის შემოგარენსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კულტურული ობიექტის მონახულება მხოლოდ კერძო სატრანსპორტო საშუალებებით შეუძლიათ.

ტუროპერატორები ტურისტულ ჯგუფებს ტურის დაგეგმვისას სასურველ ადგილამდე მიკროავტობუსითა და მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებას სთავაზობენ. როგორც ერთ- ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი არჩილ გეგენავა ამბობს, კომპანია ძირითადად ხუთი და მეტი ადამიანისთვის გეგმავს ტურს, რადგან ინდივიდუალური ვიზიტორის მომსახურების ფასი ძვირია, ქუთაისში შემოსულ ტურისტებს კი ხელმისაწვდომი სერვისის მიღება სურთ.

როგორც ქუთაისის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში განმარატავენ, ინდივიდუალურ ტურისტებს, რომლებიც დაუგეგმავად მოდიან, ქუთაისის შემოგარენში განთავსებულ ობიექტებამდე ფეხით, ტაქსით ან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უწევთ გადაადგილება, ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ დანიშნულების ადგილამდე არ მიდის. ასე მაგალითად, ტურისტების დაინტერესების მიუხედავად, ქუთაისიდან სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებამდე ტრანსპორტი არ მუშაობს, ამიტომ ვიზიტორებს ოკაცეს კანიონამდე მისასვლელად ჯერ მუნიციპალურ ცენტრამდე მიკროავტობუსით მგზავრობა უწევთ, ხოლო შემდეგ 45 კილომეტრს ფეხთ გადიან, ქუთაისიდან სვანეთში მიმავალი მგზავრებისთვის კი ყოველდღიურად ერთი მიკროავტობუსი გადის ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან.

როგორც ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის შემომყვანი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, სასურველია ქალაქის შემოგარენში მდებარე ობიექტებამდე, რომლებიც ქუთაისში ჩამოსული ვიზიტორებისთვის საინტერესოა, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობდეს. ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ქალაქში დღემდე გადაუჭრელია ნიშნულების საკითხი.

ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის განყოფილება მუშაობს. როგორც სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი განმარტავს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორმაგ დაქვემდებარებაშია და მერია მისი ფუნქციების გაზრდას გეგმავს.

მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილისავე ინფორმაციით, ამჟამად ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზეა დროებით განთვსებული და ახლა ცდილობენ საკუთრივ მისთვის ხელსაყრელი ადგილი შეარჩიონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG