Accessibility links

logo-print

მომხმარებლებისთვის საინტერესო თემა, თუ რამდენად შეესაბამება სტანდარტებს საკვები პროდუქციის ხარისხი, ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. რძისა და ხორცის ნაწარმი, ბურღულეული, პური და სხვა ყოველდღიური საკვები, რომელიც მაღაზიათა საცალო ქსელში იყიდება, რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხულ რესპონდენტთა ნდობას ნაკლებად იმსახურებს. მომხმარებლებს შენიშვნები აქვთ პროდუქტის შენახვის პირობების მიმართ. მათი ნაწილისთვის ასევე მიუღებელია ქუჩებსა და ტროტუარებზე სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე გამოტანილი საკვების შეძენა.

მომხმარებლებისგან განსხვავებით, შენახვის კარგ პირობებზე ლაპარაკობენ საცალო და საბითუმო ვაჭრობის მომსახურე მაღაზიების მეპატრონეები. მათი თქმით, ყველა პროდუქტი საჭიროებისამებრ ინახება, დახლმაცივრებში აქვთ განთავსებული რძის, ხორცისა და თევზის პროდუქტები. შენახვის პირობებთან ერთად, მაქსიმალურადაა დაცული პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ვადები, ვადაგასულ პროდუქტებს კი მომწოდებლებს უბრუნებენ. მაღაზიების მეპატრონეების თქმით, მყიდველი თავადაც აკონტროლებს პროდუქტის ვარგისიანობას და მომწოდებლისინტერესია მომხმარებელს კარგი სურსათი შესთავაზოს.

მაღაზიების მეპატრონეების თქმით, სურსათის უვნებლობის სამსახური პერმანენტულად ამოწმებს პროდუქციის ეტიკეთან შესაბამისობას და მათი ნაწილი ლაბორატორიული კვლევებისთვისაც მიაქვთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, სურსათის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 530 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან გეგმიურად შემოწმდა 190, ხოლო არაგეგმიურად - 31 ბიზნესოპერატორი. ამასთან, 300-ზე მეტი გადამოწმდა, რის შედეგადაც დაჯარიმდა 41 ბიზნესოპერატორი, 8 მათგანს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა. პრობლემა, რომელზეც სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ სამმართველოში ამახვილებენ ყურადღებას, სხვადასხვა საკვები პროდუქტით გამოწვეული დაავადებებია, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლებელი ხდება დაავადების კერის მიკვლევა, რადგან საკვები ხშირად მაღაზიებსა და აგრარულ ბაზარში არაა შეძენილი, გარემოვაჭრეები კი სხვადასხვა ადგილას ვაჭრობენ და არაიშვიათად თავად მომხმარებლებიც იკავებენ თავს პროდუქტის შეძენის ადგილის დასახელებისგან. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ კეპულაძის განცხადებით, აუცილებელია კანონმდებლობა შეიცვალოს და ადგილობრივ თვითმმართველობას მიეცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება გარე ვაჭრობის მოსაწესრიგებლად. ამჟამად მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს გარემოვაჭრეთა მხოლოდ გაფრთხილების უფლება აქვთ, დაჯარიმებისა და პროდუქციის ჩამორთმევის უფლება კი საპატრულო პოლიციას აქვს, რომელიც გარემოვაჭრეების მიმართ ლიბერალურად არის განწყობილი. თემურ კეპულაძის თქმით, დაბალია მომხმარებელთა ცნობიერების დონეც, რაც გარევაჭრობის ხელშემწყობი ფაქტორია.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ კეპულაძის განმარტებით, 200-ზე მეტი დაავადება ვრცელდება სურსათის მეშვეობით და საკვები პროდუქტების უვნებლობა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG