Accessibility links

logo-print

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების დღიდან, 2012 წლის 21 ოქტომბრიდან, პარლამენტის შესასვლელთან ყველაზე მეტი აქცია გაიმართა სამომხმარებლო სეხების გადავადებისა და გრძელვადიანი სესხების დაბალი პროცენტით მინიჭების მოთხოვნით. იპოთეკური სესხით დაზარალებული ადამიანები ქვეყნის ხელისუფლებას გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გამოყოფასთან ერთად გამოსახლებების შეჩერებას მესამე წელია სთხოვენ. მოქალაქეებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ რამდენჯერმე შიმშილობის აქციებსაც მიმართეს. საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ზაფხულში „გასხვისებას დაქვემდებარებული ბინებიდან მცხოვრებთა გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებისთვის“ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო და იგი პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც, თუმცა დოკუმენტი კანონად ვერ იქცა, მიზეზად კი საბანკო სექტორისთვის ზიანის მიყენების რისკი დასახელდა.

ერთ-ერთი ბოლო გამოსახლება ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გასულ კვირაში უნდა განხორციელებულიყო. ონიანების 11-სულიანი ოჯახის წევრებმა აღმასრულებელს წინააღმდეგობა გაუწიეს. მირზა ონიანის თქმით, ბინა 2011 წელს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღეს, მოგვიანებით კი საცხოვრებელი სახლი 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთეს. ონიანის თქმით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში პროცენტის თანხას დროულად იხდიდნენ, ბოლო ხანებში კი დავალიანებამ 10 ათას დოლარს გადააჭარბა.

ონიანების ოჯახის გამოსახლების პროცესი ერთი თვით შეჩერდა. მირზა ონიანმა კერძო იპოთეკარის ადვოკატთან მოლაპარაკება შეძლო და მას თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განესაზღვრა.

თავად იმ ადამიანების თქმით კი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულად მიიჩნევენ თავს, ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატვირთა საცხოვრებელი სახლი იპოთეკით, აღებული თანხა კი სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენა.

იპოთეკური სესხით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის დარეჯან სულაქველიძის თქმით, გამოსახლების აღსრულების ცნობა ყოველდღიურად ბარდებათ ოჯახებს და მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი თუ მცირეწლოვანი შვილების პატრონი ადამიანები ღია ცის ქვეშ დარჩენის მოლოდინით ცხოვრობენ. როგორც დარეჯან სულაქველიძე ამბობს, წლების განმავლობაში მათი მოთხოვნა უცვლელია.

დარეჯან სულაქველიძის თქმით, აუცილებელია პარლამენტმა განაახლოს მუშაობა იმ კანონპროექტზე, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG