Accessibility links

logo-print

ქუთაისის მერიის ქონების მართვის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქონების პრივატიზაციის გეგმა უკვე შესრულდა და საპრივატიზაციოდ და სარგებლობაში გადასაცემი ობიექტებიდან ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიონ 400 ათასი ლარი შევიდა. ამასთან, საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შემოსავლის გეგმა წლის ბოლომდე 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ქონების ქალაქის ბალანსზე გადმოცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 2015 წელს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანილია 380 ობიექტი, რომელთა ნაწილი უკვე გასხვისდა. სამშენებლო-საპროექტო კომპანია „ხუროს“ ხელმძღვანელის, არქიტექტორ დავით მელქაძის განცხადებით, აუცილებელია მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება, რადგან ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქონების ნაწილს მეპატრონე საერთოდ არ ჰყავს.

მერიის იურიდიულ სამსახურში ადასტურებენ, რომ ქალაქში არის ქონება, რომელიც ამ დრომდე არც თვითმმართველობას ეკუთვნის და არც ქვეყნის ცენტრალურ სტრუქტურებს. იურისტების განმარტებით, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ამოქმედდა თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, უნდა განისაზღვროს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ქონების გამიჯვნის წესი. კოდექსის მიხედვით, წესი ქვეყნის მთავრობამ უნდა შეიმუშაოს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა- ნაგებობისა და მიწის ფართების აღრიცხვა და მათი საკუთრებაში დარეგისტრირება ამჟამადაც მიმდინარეობს, რის შემდეგაც ობიექტები საპრივატიზაციოდ და სარგებლობაში გადასაცემი ქონების ნუსხას დაემატება.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილისავე განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შემოსავალი საპრივატიზაციოდ განსაზღვრული ობიექტების ღირებულებიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარიდან 3 მილიონამდე გაიზარდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG