Accessibility links

logo-print

იმერეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პრობლემების შესაბამისად, პრიორიტეტები უცვლელია


ქუთაისი

ქუთაისი

2015 წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან 71 მილიონი ლარი დაიხარჯა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 43 მილიონი ლარის ღირებულების 151 პროექტი. მუნიციპალური ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტია შესრულებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი განხორციელდა რვა-ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოები და სტიქიის ფონდიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულ მიმართულებებია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის სისტემებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია-მშენებლობა. გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან იმერეთში ყველაზე დიდი თანხა - 31 მილიონი ლარი - საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯა 78 პროექტზე. სასმელი წყლის სისტემების რეკონსტრუქციისთვის 2 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების 5 პროექტი შესრულდა. აშენდა 10 საბავშვო ბაღი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბაგა–ბაღის 30-მდე შენობას, რისთვისაც ოთხ-ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო და ყველაზე მცირე თანხა - მილიონ-ნახევარ ლარამდე - მოხმარდა ოთხი სპორტული ობიექტის რეკონსტრუქციას.

განხორციელებული პროექტების მიუხედავად, რადიო თავისუფლების იმ რესპონდენტთა ნაწილი, რომლებიც იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოვრობენ, კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

მოსახლეობის საპასუხოდ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან42 მილინი ლარის ღირებულების 122 პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი და თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 11 მილიონი ლარი - ქუთაისის მუნიციპალიტეში 22 პროექტის შესრულებას მოხმარდება. პაატა ნადირაძისავე განცხადებით, მხარის მუნიციპალიტეტებში პრიორიტეტები უცვლელია და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფონდიდან სამმილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამ-სამ მილიონამდე თანხა მოხმარდება პროექტებს ჭიათურის, თერჯოლის, საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, დამტკიცებული პროექტების მიხედვით ორ-ნახევარ-ორ-ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი ბაღდათში, ხარაგაულში, ტყიბულში, სამტრედიასა და ვანში. და ყველაზე მცირე თანხა - 2 მილიონი ლარი - მოხმარდება ხონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებს. პაატა ნადირაძის თქმით, პრიორიტეტები მოსახლეობის მოთხოვნების საფუძველზე იკვეთება და მუნიციპალიტეტების სოფლებში ეტაპობრივად წესრიგდება გზის საფარი, რეკონსტრუქცია უტარდება წყლის სისტემას და ხდება მოსახლეობის გაზიფიცირება.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორ პაატა ნადირაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, იმერეთის სოფლებში 8 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG