Accessibility links

ქუთაისში პრიორიტეტული სპორტის ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობები


ქუთაისი

ქუთაისი

2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქრო საქართველოს საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა. ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ზემძიმე წონაში მოასპარეზე 22 წლის სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა473 კგ-ის აზიდვით. 1952 წლიდან ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა შორის ოლიმპიური ოქრო საქართველოსთვის იმერელმა 9 სპორტსმენმა მოიპოვა, მათ შორის არიან ქუთაისელი სპორტსმენებიც. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ქალაქში სპორტულ სახეობათა შორის ოლიმპიური სახეობები პრიორიტეტულია, თუმცა სპორტის არაოლიმპიური დარგებიც ყოველწლიური ზრუნვის საგანია.

ქუთაისის 2016 წლის დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე დიდი დაფინანსება, მილიონ-ნახევარი ლარი, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო - ქუთაისისთვისაა“ გამოყოფილი. ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე ყინულის მოედანი, საკალათბურთო, ხელბურთის და ტაიკვანდოს სპორტული კლუბები. 4 მილონ ლარამდე თანხა იხარჯება ქალაქში მოქმედ სპორტულ გაერთიანებაში შემავალი 13 ორგანიზაციის დასაფინანსებლად, 600 ათასი ლარია გამოყოფილი წლის განმავლობაში შეჯიბრებებისთვის, სახელობითი ტურნირებისთვის, ჩემპიონატებისთვის, საერთაშორისო და საქალაქო პირველობებისა და სხვა სპორტული ღონისძიებებისთვის. ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიას 40 ათასი ლარით და სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებისთვის წლის განმავლობაში, ჯამში, 7 მილონ 400 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.

როგორც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპორტის განყოფილებაში განმარტავენ, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სპორტის ყველა ის სახეობაა პრიორიტეტული, რომელზეც ქალაქში მოთხოვნაა და რომელსაც გულშემატკივრები ჰყავს. სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, სოფო კიკნაველიძის, ინფორმაციით, წლის განმავლობაში ქალაქში 40-მდე სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. მათგან რამდენიმე გასულ წელს საპილოტე პროექტი იყო და რადგან წარმატებით განხორციელდა, მიმდინარე წელსაც დაიგეგმა. ქუთაისში უახლოეს მომავალში გაიმართება რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი, მათ შორისაა აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში.

ქუთაისში პოპულარობით სარგებლობს ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული შეჯიბრებები სასკოლო ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ორგანიზაციებს შორის. მიმდინარე წელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ქალაქის სკოლებს შორის შეჯიბრი წყალბურთში, რომელსაც კარგი რეზონანსი ჰქონდა და, სავარაუდოდ, პროგრამა მომავალ წელსაც გათვალისწინებული იქნება.

მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, გაერთიანების 13 ფილიალში სპორტის 38 სახეობას 4 ათასამდე მოსწავლე ეუფლება. ამასთან, სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ზრუნავენ თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე და იძენენ სპორტულ ინვენტარს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ქუთაისის მერიამ მცირე ზომის სპორტული მოედნების აღდგენა დაიწყო. ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ნაკაშიძის, განცხადებით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 39 მცირე ზომის მოედნის განახლება, აქედან რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 20-ს და 19 მოედანზე დამონტაჟდება ღამის განათებები.

სპორტული მოედნების რეკონსტრუქციის პარალელურად, ქუთაისში, ახალგაზრდების მოთხოვნით, სასრიალო ფიცრის, ე. წ. სკეიტბორდის მოედნის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც მერიამ 50 ათას ლარი გამოყო. მოსახლეობისავე თხოვნით, ქალაქის რამდენიმე უბანში, სკვერში, დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები, რომლითაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები სარგებლობენ. 2017 წელს ქუთაისი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება, რისთვისაც მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG