Accessibility links

logo-print

ამ წიგნს რომ დახედავ, შეიძლება ნიკო სამადაშვილის სტრიქონები გაგახსენდეს - "ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა / და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს" - და წარმოიდგინო, რომ რაღაც ასეთები ხდება აქაც, მაგრამ ნობელიანტი ჯონ მაქსველ კუტზეეს ბოლო რომანი, "იესოს ბავშვობა", რომელიც ინგლისურიდან გია ბერაძემ თარგმნა და შარშან "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" დაბეჭდა, სრულიად სხვა ტიპის ნაწარმოებია. აქ 2000 წლის წინანდელი ამბები არაა მოყოლილი, არაა წარმოსახული, როგორ ზრდიდა მარიამი ყრმა იესოს, როგორ უვლიდა, თუნდაც როგორ სჯიდა (როგორც ეს მაქს ერნსტის ცნობილ ნახატშია „ქალწული სჯის ყრმა იესოს სამი მოწმის, ანდრე ბრეტონის, პოლ ელუარის და მხატვრის თანდასწრებით"). აქ გაურკვეველი პერიოდის მომავლის ამბებია აღწერილი, აღწერილია უცნაური სამყარო, ერთი მხრივ, ახალი ცხოვრება რომ დაუწყია და კეთილშობილებითაა გაჯერებული, ასკეტური ყოფა დაუმკვიდრებია და უარი უთქვამს ტექნოლოგიურ მიღწევებზე, მეორე მხრივ კი, ამ ყველაფერს ერთგვარი სულისშემხუთველობა სდევს თან. მოქმედება ესპანურენოვან გარემოში მიმდინარეობს, ადამიანები რომელიღაც დაუკონკრეტებელი, "ძველი" სამყაროდან ახალში გადმოდიან, იღებენ ახალ სახელებს, ითვისებენ ესპანურს, მიდიან გამანაწილებელ პუნქტებში, საიდანაც საცხოვრებელს და სამუშაოს იღებენ, და ძველ ცხოვრებას იმდენად ტოვებენ, რომ ამნეზია ემართებათ, ძველი ვნებებისა და მოგონებებისგანაც კი თავისუფლდებიან. და ეს Tabula rasa ადამიანები უკიდურესად გულუბრყვილონი ხდებიან, წრფელი მეტყველება უჩნდებათ, "მაგიდების და სკამების ფილოსოფია"... ისინი რელიგიურობისაგან დაცლილი ადამიანები არიან, მათ საუბრებში არსად ფიგურირებს რომელიმე რელიგიური კონცეფცია, არსებობს მხოლოდ უცნაური, მიამიტური ლოგიკა და სამყაროს ხედვა. აი, ასეთ გარემოში ვითარდება ის ძირითადი ხაზი, სადაც იესოს სახე უნდა დაინახოს მკითხველმა.

როგორ უნდა წავიკითხოთ წიგნი? ეს იყო პირველი კითხვა, რითიც პოეტ პაატა შამუგიას მივმართე.

პაატა შამუგია

პაატა შამუგია

პაატა შამუგია: "კომპლექსური წიგნი არის და კომპლექსური მწერალია თვითონ ჯონ მაქსველ კუტზეე. თითქმის ყველა რომანში რაღაც რებუსებს გვთავაზობს და მისი ამოხსნა უკვე მკითხველზე არის დამოკიდებული, რაც ძალიან რთულია თავისთავად. ამ რომანშიც, ალბათ, ტერმინატორის ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ყველა სიმბოლოს გაშიფვრა მოახერხო, შეუძლებელიც კი მგონია. ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის სიმბოლოებით დაშიფრული და მისი დეკოდირება ჩვენზეა დამოკიდებული. ცხადია, რომ "იესოს სახარება" როცა ჰქვია ნაწარმოებს, გასაგები ხდება ყველაფერი, მაგრამ როგორც კი იწყებ კითხვას, აღმოაჩენ, რომ იესო საერთოდ არ არის არსად. იესო არის სიმბოლოებში. ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ღმერთი უნდა ეძებო არა მატერიალურ საგნებში, არამედ მეტაფორებში, სიმბოლოებში, სწორედ ასე არის ამ წიგნშიც. მთლად რადიკალი ათეისტიც რომ იყო, ფაქტობრივად, მაინც ღმერთის ძიების გზაზე იქნები შემდგარი ამ წიგნის კითხვის პროცესში მაინც".

თუ რომანის ნარატივს ორი სიტყვით მოვყვებით, ესაა წიგნი პატარა ბიჭ დეივიდზე, რომელსაც "ახალ სამყაროში" გადმოსვლისას ნავში ეკარგება წერილი, სადაც მისი მშობლების შესახებაა ინფორმაცია და მისი ნამდვილი სახელიც წერია. იმავე ნავში მყოფი საიმონი საკუთარ თავზე იღებს დეივიდზე ზრუნვას, მასთან ერთად იწყებს ცხოვრებას და საიდანღაც აქვს მტკიცე რწმენა, რომ ბიჭის დედას აუცილებლად იპოვის. და პოულობს კიდეც: შემთხვევითობა და ინტუიცია მართავს ამ პროცესს. და ქალი, აინესი, რომელსაც იგი სრულიად მოულოდნელად განუცხადებს, რომ დეივიდის დედაა, ირწმუნებს ამას და ბავშვის დედა ხდება. საიმონი ბინას უთმობს მას, რათა დედა-შვილი ცალკე იყოს, მიდის და, ფაქტობრივად, უსახლკაროდ იწყებს ცხოვრებას და, რაც მთავარია, დეივიდის გარეშე მისი ყოფა აუტანელი ხდება. შემდეგ, რაღაც გზებით, თანდათანობით ის დეივიდს ნელ-ნელა კვლავ უახლოვდება. ცხადია, ამ ნარატივში უკვე იკითხება რომანის სახელწოდების იდეა, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული შრეა, შრე კი ამ ნაწარმოებს ბევრი აქვს და ინტერპრეტაციებიც სრულიად მოულოდნელი შეიძლება იყოს.

მოვუსმინოთ კვლავ პაატა შამუგიას.

პაატა შამუგია: "მაგალითად, საიმონი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, პირობითი მამა დეივიდის, რომელიც შესაძლოა იყოს იესო, და ძაღლი, რომელსაც ჰქვია ბოლივარი. საიმონი ბიბლიური სიმონია, სავარაუდოდ, თუმცა აქ სახელებს ვერ ვენდობით, ვინაიდან იესოსაც აქ დეივიდი ჰქვია, მაგრამ, სავარაუდოდ არის ეს სიმონ-პეტრეს ალეგორია, ძაღლს კი რატომღაც ჰქვია ბოლივარი და სიმონ ბოლივარი გამახსენდა, პირველ რიგში, რომელსაც უწოდებდნენ ისტორიულად გამათავისუფლებელს. გარდა ამისა, იყო ერთი საინტერესო მომენტი, როცა ძნელად აღსაზრდელ იესოს პროტოტიპს გააგზავნიან პანსიონში, სადაც უნდა "გამოასწორონ". ის ძვრება ეკლიანი მავთულხლართიდან და მაშინ იწყებს, ასე ვთქვათ, იესოობას, იესოდ ფორმდება, რეგისტრირდება ჩვენს ცნობიერებაში დეივიდი.... და ესეც საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ რეალურად ქრისტეს ქრისტედ დარეგისტრირება ხდება მისი ეკლიანი გვირგვინით. ასე რომ, თავიან ბოლომდე ეს არის სიმბოლოები, რომელიც რაღაცნაირად უნდა გავიგოთ, და თუ ვერ გავიგებთ, არც ეს არის პრობლემა, რადგან მრავალგვარად საკითხავი წიგნია. შენ სწორად აღნიშნე ის ფსევდონაივურობა, რომ თითქოს ერთგვარად მიამიტი მწერალი წერს, რომელმაც თითქოს რაღაცები არ იცის, სახელებს ურევს და ა.შ. ასეც შეგვიძლია წავიკითხოთ, ასე უფრო მარტივი იქნება, თუმცა ეს არ არის მარტივი წიგნი, ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული წიგნი დღევანდელ მსოფლიოში".

ფაქტობრივად, სხვადასხვა ჟანრის ზღვარზე არის: უტოპიაც არის და არის ანტიუტოპიაც, იმიტომ რომ შექმნილი არის ისეთი მომავლის სამყარო, სადაც იმდენად იდეალურად არის ყველაფერი, რომ უკვე აუტანელი ხდება, იმდენად მოწესრიგებულია ყველაფერი, რომ ცხოვრება არ შეიძლება, შენ თვითონაც ცუდად ხარ რეალურად, როცა კითხულობ...

პირადად მე, კუტზეეს "იესოს ბავშვობას" როცა ვკითხულობდი, სიმბოლოების გაშიფვრაზე არ და ვერ ვფიქრობდი. მე ბოლომდე შემიპყრო იმ სამყარომ, ადამიანური ურთიერთობების იმ ფორმატმა, რომელსაც მწერალი აღწერს. შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მთავარი სცენა ის ნავსადგურია, სადაც საიმონი მტვირთავად მუშაობს. ესაა აგორა (ერთ ადგილას ეს შედარება გაიჟღერებს კიდეც), სადაც მტვირთავებს შორის გამართულ დებატებს მოაქვს რომანის მთავარი ინტონაცია, ყოველგვარი სარკაზმის თუ ირონიის გარეშე. ეს ინტონაცია, აზროვნების წყობა მთელ ტექსტშია განფენილი. შეიძლება თქვა, რომ ესაა აზროვნების დასაწყისი ან დასასრული, ან რაღაც ახალი, უცნობი ეტაპი, სადაც არაა დიდი ჭკუისკოლოფობა, პირიქით, ბევრი სიბრიყვეცაა, მაგრამ სინათლის რაღაც შარავანდედი ამ აზროვნებას ადგას.

რაც შეეხება აღწერილ ცხოვრების წესს, იგი თან ძალიან უცხო იყო და თან რაღაცას მახსენებდა. კითხვის პროცესში თანდათან გამოიკვეთა, თუ რას - საბჭოთა კავშირს, რომელიც გამოვიარეთ და თითქოს უკვე დავივიწყეთ. ყოველივე ეს გაორებულ განცდას გიჩენს. ეს აღნიშნა პაატა შამუგიამაც.

პაატა შამუგია: "ფაქტობრივად, სხვადასხვა ჟანრის ზღვარზე არის: უტოპიაც არის და არის ანტიუტოპიაც, იმიტომ რომ შექმნილი არის ისეთი მომავლის სამყარო, სადაც იმდენად იდეალურად არის ყველაფერი, რომ უკვე აუტანელი ხდება, იმდენად მოწესრიგებულია ყველაფერი, რომ ცხოვრება არ შეიძლება, შენ თვითონაც ცუდად ხარ რეალურად, როცა კითხულობ. ვისაც წაუკითხავს, მათთან ბევრჯერ მისაუბრია, იმიტომ რომ მომწონს ეს წიგნიც და ავტორიც, და ყველას ეგ შეგრძნება აქვს, რომ თითქოს იქ ცხოვრობდა და დაითრგუნა. ეს არის ერთგვარად საბჭოთა კავშირთანაც ალუზია, იმიტომ რომ იქ არის გარკვეული სოციალისტური წყობა, კარგი პირობები აქვთ მუშებს და ა.შ. პირადი ურთიერთობებიც კი რაღაც კანონებით რეგულირდება, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში იყო. ასე რომ, უტოპიაც არის, ანტიუტოპიაც არის, არის ფსიქოლოგიური დრამაც, ბევრი ჟანრის გადაკვეთაც და, რაც მთავარია, არის დეტექტივი, იმიტომ რომ რაღაცის დედუქციური მეთოდით ძიება არის და ამ შემთხვევაში გამომძიებელი არავინაა, თუ არა მკითხველი".

მე კი ასე ვიტყოდი: ესაა კუტზეეს აპოკრიფი, სახელად Tabula rasa.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG