Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე აისახა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე აისახა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, კერძოდ: საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody's Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამასთან, Moody's Investors Service-მა საქართველოს Ba3-ის რეიტინგი (გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის რეიტინგი) დაადასტურა. კომპანია ამ ცვლილებას ასე განმარტავს: ცვლილების მთავარი ფაქტორი 2014 წლის სექტემბერში საქართველოსა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებაა, რომელიც, Moody's-ის პროგნოზით, მიიზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და ხელს შეუწყობს ექსპორტს.

Moody's Investors Service, რისკების ანალიზის თვალსაზრისით, მსოფლიოში მოწინავე კომპანიაა. მისი დამოუკიდებელი საკრედიტო რეიტინგები ხელს უწყობს საფონდო ბირჟების, სადაზღვევო ბაზრების განვითარებას, რადგან საკრედიტო რისკების ობიექტურად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საკრედიტო ანალიტიკოსები სუვერენულ საკრედიტო რეიტინგსა და ქვეყნის რისკს ერთმანეთისგან მიჯნავენ. ქვეყნის რისკი ფართო ცნებაა და ძირითადად დამოკიდებულია ქვეყანათაშორის ინვესტიციებსა და ხელისუფალთა მიერ ვალუტის კურსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კი რეალურად აფასებს ქვეყნის გადახდისუნარიანობას, მის მიერ ვალების დაფარვის შესაძლებლობას.

ორგანიზაცია Moody's Investors Service აკვირდება ვალის გასტუმრების დინამიკას 130 ქვეყანაში, ასევე 11 000 კორპორაციულ კლიენტს, 21 000 საჯარო ფინანსების კლიენტს და 76 000 სტრუქტურიზებულ ფინანსურ ობლიგაციას. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წელს ქართული ექსპორტის 21% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა, მაშინ როცა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ევროპული ბლოკიდან – უმეტესად ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან და გერმანიიდან - 2010-2013 წლებში საქართველოში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43% შეადგინა.

უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მთავარი სიახლე ისაა, რომ სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე ამაღლდა, რაც, მართლაც, მნიშვნელოვანი ფაქტია. რაც შეეხება B კატეგორიას, იგი საქართველოსთვის ახალი არაა და ეს კატეგორია საქართველოს სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიებმა ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში მიანიჭეს:

2011 წლის დეკემბერში "Fitch Ratings"-მა აამაღლა საქართველოს IDR (Issuer Default Ratings) რეიტინგი „B+"-დან „BB-"-მდე, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 2013 წლის ივნისში. იმავე 2011 წლის ნოემბერში „Standard & Poor's" სარეიტინგო სერვისმაც ანალოგიურად გაზარდა საქართველოს რეიტინგი.

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა "მსოფლიო ბანკის" Easy of Doing Business-ის ანგარიშში, რომლის მიხედვით, 2005 წელს ქვეყანა მე-100 პოზიციაზე იყო, 2014 წელს კი 189 ქვეყანას შორის მე-8 პოზიცია დაიკავა და არის პირველი ათეულის ერთადერთი ახალი ქვეყანა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება.

ბიზნესის წარმოების სიმარტივის გარდა, საქართველო სხვა რეიტინგებშიც ლიდერთა შორის იმყოფება. მაგალითად, 2013 წლის რეიტინგებით, საკუთრების უფლების დარეგისტრირების რეიტინგში საქართველო 1 ადგილზეა, ბიზნესის წამოწყების რეიტინგში - მე-7, მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხით კი მე-4 ადგილი უკავია.

საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში - „Paying Taxes 2013", გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, მდგომარეობა 6 პოზიციით გაიუმჯობესა და 185 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავა.

ცხადია, ეს რეიტინგები მნიშვნელოვანი არგუმენტია ქვეყანაში ინვესტიციების მასშტაბის გასაზრდელად. მართალია, ამ ბოლო წლებში განსაკუთრებული საინვესტიციო ბუმი არ შეიმჩნევა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება ამ თვალსაზრისით დადებითად აისახება ქვეყნის არა მხოლოდ რეიტინგებზე, არამედ რეალურ საინვესტიციო შემოდინებებზეც.

XS
SM
MD
LG