Accessibility links

logo-print

ქვეყნის უსაფრთხოება ტერორიზმის საფრთხის კვალდაკვალ


სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით მოიწვია, ტერორიზმის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ სტრატეგიული ობიექტების დაცვა და სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი განვიხილეთ, განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, თუმცა კონკრეტული დეტალების ჩამოთვლისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება:

„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ის შედის უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო ათეულში და მართლაც ბევრი კეთდება უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით".

გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან...

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის თაობაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც, რომლის თქმითაც, სასაზღვრო რეჟიმი და საპოლიციო კონტროლი გამკაცრებულია:

„მე კონკრეტულად ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის თქმით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების გამო რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე შეეზღუდა გადაადგილება:

„მაქსიმალურად ვცდილობთ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან და არ მოხვდნენ ჩვენი ქვეყნის გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის ქვეყანაში არშემოშვება და დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია სხვადასხვა მიმართულება საზღვარზე და კოორდინირებული მუშაობა შედგა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და, კიდევ, დაიგეგმა გამკაცრება სხვადახვა ზომების სტრატეგიულ ობიექტებზე და ა.შ...“

პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია, ეს არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და კონკრეტული ზომები, რაც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ჯგუფურ-მასობრივად თუ ინდივიდუალურად ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ელემენტების...

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის სიტყვებით, ქვეყანაში მყისიერი საფრთხის მოლოდინი არ არის და ყველა შესაბამისი ძალოვანი უწყება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს:

„მაგრამ უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ბუნებრივია ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში... პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია, ეს არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და კონკრეტული ზომები, რაც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ჯგუფურ-მასობრივად თუ ინდივიდუალურად ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ელემენტების“.

საქართველოსთან მიმართებით არსებულ და შესაძლო ტერორისტულ საფრთხეებზე მსჯელობდნენ პარლამენტშიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები იყვნენ მიწვეული. დახურული სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ შეხვედრაზე ისმოდა კითხვები იმის თაობაზე, თუ რა შესაძლებლობებს ფლობს საქართველო ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

გიორგი გობრონიძე

გიორგი გობრონიძე

იმაზე, რომ საქართველო არ წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტერორისტულ სამიზნეს, ლაპარაკობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძეც. მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგის არჩევის გარკვეული კრიტერიუმები აქვს - მათ ინტერესშია, რომ განხორციელებული ტერორისტული აქტები იყოს რეზონანსული და ამიტომ პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტი მათთვის დიდი მიღწევაა იმის საჩვენებლად, რომ უძლიერესი სახელმწიფოებიც კი უძლურნი არიან. ამ თვალსაზრისით, საქართველო მათ ინტერესში ვერ ექცევა:

„საქართველო არ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ისლამური სახელმწიფოსთვის“. საქართველო არ არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის წევრი, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, და არ აწარმოებს იქ არანაირ სამხედრო ჩარევას და არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელოს ტერორისტული შეტევები საქართველოზე“.

ამ თვეში უშიშროების საბჭოს სხდომაც უნდა შედგეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავს პრეზიდენტი საბჭოს სხდომას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG