Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა „ახალი მზიურისთვის“


„მზიური“
„მზიური“

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პროექტ „ახალი მზიურის“ მხარდამჭერი ვიდეომიმართვები გამოჩნდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმაზე ლაპარაკობენ, როგორი სურთ იყოს „მზიური“. ვერეს ხეობაში მდებარე პარკის გაცოცხლებისა და აღდგენის იდეა კი „მზის ფესტივალის“ ორგანიზატორს, ანა გოგუაძეს, და მის მეგობრებს ეკუთვნით. ახალი მზიური აღარ უნდა ჰგავდეს ძველს, ის უნდა იყოს უფრო ხმაურიანი, უფრო სუფთა, მოვლილი და ღია ყველასათვის - ეს არის იდეის მთავარი არსი.

„როგორი მინდა იყოს ახალი „მზიური“? დისნეიმ თავისი ოცნება აისრულა, როდესაც „დისნეი ლენდი“ შექმნა. ბავშვებისათვის საყვარელი ადგილი გაკეთდა ამერიკაში, იაპონიასა და საფრანგეთში. მეც ვიოცნებებდი, რომ ახალი „მზიური“ ასეთი იყოს“.

ეს ზალიკო სულაკაურია, მხატვარი, კარიკატურისტი. მისი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და ის ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ფოტოგრაფ ანა გოგუაძის იდეის, „ახალი მზიურის“, მხარდასაჭერად დაიწყო. ანა უკვე ათი წელია „მზის ფესტივალის“ ორგანიზატორიცაა, რომელიც სწორედ „მზიურში“ ტარდება. ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა „მზიური“ცოცხალი და ფერადია. ამ დღის შემდეგ პარკში ყველაფერი ძველებურ რიტმს უბრუნდება: იქაურობა მოსავლელია, დასასუფთავებელი, ინფრასტრუქტურა - მოძველებული, კაფე - დაკეტილი, ამფითეატრი - ცარიელი.

პროექტი „ახალი მზიური“ ამ „არაფრის“ გასაქრობად გაჩნდა, დაიწერა და ახლა ანა და მისი რამდენიმე მეგობარი მის რეალობად ქცევას ცდილობენ.

ანა გოგუაძე (ალეკო შარვაძის ფოტო)
ანა გოგუაძე (ალეკო შარვაძის ფოტო)

„მე მინდა, რომ „მზიური“ არ იყოს ისეთი პარკი, სადაც მთელი დღის განმავლობაში არაფერი ხდება. მე მინდა, რომ „მზიური“ იყოს ცოცხალი, „მზიური“ იყოს ყველასთვის, იქცეს საყვარელ ადგილად თბილისელებისათვის და არამხოლოდ. სადაც ხელოვანი ხალხი შეიკრიბება, ჩატარდება სხვადასხვა ფესტივალი - ამ ტერიტორიაზე ეს შესაძლებელია. ძალიან გული მწყდება,რომ ამდენი წელია იქ ყველაფერი გაჩერებულია“.

„მზიური“ ხალხმა უნდა გააცოცხლოს. მოხალისეებმა. ყველამ. ანა ამით იწყებს და ამით ასრულებს პროექტზე ლაპარაკს. უკვე არაერთი ადამიანი შეეხმიანა. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ „მზიურის“ აღდგენაში, ვისაც, ანას მსგავსად, სურს იქ იყოს ხმაური, მუსიკა, იცოდეს, რომ მთელი კვირის მანძილზე იქ რაღაც საინტერესო მოხდება.

"მზიური"
"მზიური"

„მზიურის“ ბავშვთა ქალაქად ქცევის იდეა მწერალ ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. ანა გოგუაძისა და მისი მეგობრების პროექტმა ბოლო დღეებში ბევრს გაახსენა დუმბაძის ცნობილი წერილი, სადაც ის წერდა თავის ოცნებაზე, მზიური ექცია ნამდვილ ბავშვთა ქალაქად. დღეს ნოდარ დუმბაძის შვილი, ქეთევან დუმბაძე, ამ წერილის ყურადღებით გადაკითხვას ურჩევს ყველას, ვისაც „მზიურის“ ბედის გადაწყვეტა შეუძლია:

„მამას სურდა, რომ ეს დიდი ქალაქის მოდელი ყოფილიყო, სადაც ბავშვები ყველაფერს თავისი ხელით გააკეთებდნენ - ხეებს დარგავდნენ, მოუვლიდნენ, თავისი მერი ეყოლებოდათ და მერე ნამდვილ ცხოვრებაში უფრო ადვილად შევიდოდნენ. დღეს თუ იმ ცნობილ წერილს, „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“, ყურადღებით გადახედავენ ქალაქის მესვეურები, გაიზიარებენ მის მთავარ იდეას, ძალიან ადვილი იქნება ამ ოცნების ახდენა. მანდ უნდა ხდებოდეს ყველანაირი ახალგაზრდული ფესტივალი თუ ღონისძიება, პრეზენტაცია. სიცოცხლე უნდა იყოს ქალაქში დილით, საღამოს, ღამით... სულ რაღაც უნდა ხდებოდეს „მზიურში“.

შემოსული თანხა თანამშრომლებსაც შეინახავს და ყველა იმ საქმეს მოხმარდება, რაც გვინდა, რომ „მზიურში“ გაკეთდეს - ფესტივალის დაგეგმვა იქნება, საბავშვო კუთხის მოწყობა თუ პარკის განვითარება...
ლია ტაბატაძე

რატომ არ შეიძლება თბილისშიც იყოს თუნდაც ერთი ასეთი ადგილი, მოვლილი, გამწვანებული, სუფთა პარკი, სადაც დაუბრკოლებლად შესვლა შეეძლება ყველას - ბავშვებს და მათ მშობლებს, მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთ, ყველას, ვისაც სურს დაისვენოს, წიგნი წაიკითხოს, სუფთა ჰაერი ისუნთქოს, გაირუჯოს და ა.შ. და, რაც მთავარია, ამისთვის არავინ მისცეს შენიშვნა, არავინ მიუთითოს გასასვლელისაკენ. ორი სიტყვით, ამას თავისუფალი სივრცე ჰქვია. „ახალი მზიურის“ იდეაც ეს არის, ამბობს წარმომადგენელი ორგანიზაციისა „კავშირი ჩვენი ბავშვები“ ლია ტაბატაძე, რომელიც ანა გოგუაძესთან ერთად უკვე დიდი ხანია „მზიურის“ გაცოცხლებაზე ოცნებობს. მიუხედავად იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ეს ადგილი შუაგულ ქალაქში, ლია ტაბატაძე ფიქრობს, რომ იქაურობის ყველასთვის საყვარელ ადგილად გადაქცევა შესაძლებელია:

„არსებობს ხომ ამფითეატრი, რომელიც წლიდან წლამდე უფუნქციოდ არის და მხოლოდ პირველ ივნისს არის დატვირთული. დენის წყაროც კი არ არის, ფესტივალის დღეს ანას საკუთარი კაბელებით მიჰყავს იქ შუქი. პარკში დასალევი წყალი არ არის, ძირითადად დასასუფთავებელია, მაგრამ მაინც გვიყვარს, მაინც... როცა ბავშვები მიმყავს, მოვიკიდებ ხოლმე ყველაფერს ზურგზე - წყალს, წიგნებს, სათამაშოებს, საჭმელს - და მივდივართ. იქვეა ძველი კაფეც, რომელიც დღეს ჩამონგრეულია. ახლაც რომ ჩახვიდეთ „მზიურში“, საშინელი მდგომარეობა დაგხვდებათ. 13 ივნისს რაც გაკეთდა, მას შემდეგ არც არავის მიუხედავს. ყველა ურნა სავსეა, სკამზე ვერ დაჯდები, თუ არ გაწმინდე..."

„მზიური“
„მზიური“

„მზიურის“ კაფეს, ძველი სანაყინის სოციალურ კაფედ გადაკეთების იდეაც პროექტ „ახალი მზიურის“ ნაწილია. ლია ამბობს, რომ ამ კაფეს არ ექნება კომერციული მიზნები, მისი მოგება მთლიანად „მზიურის“ გაცოცხლებას უნდა მოხმარდეს:

„შემოსული თანხა თანამშრომლებსაც შეინახავს და ყველა იმ საქმეს მოხმარდება, რაც გვინდა, რომ „მზიურში“ გაკეთდეს - ფესტივალის დაგეგმვა იქნება, საბავშვო კუთხის მოწყობა თუ პარკის განვითარება. თუ მერია არ იქნება წინააღმდეგი, ამ ფინანსებით შეიძლება პარკსაც მივხედოთ - დარგვა-მორწყვა იქნება ეს, დასუფთავება თუ სხვა რამ“.

„მზიური“ ყველასი უნდა გახდეს, იქ შესვლა ყველას უნდა შეეძლოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პარკში უნდა იყოს პანდუსები, მოაჯირები, ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელი, ბრაილის შრიფტის მენიუ თუ სხვა საინფორმაცო ბუკლეტები, დიდი შრიფტით დაბეჭდილი აუცილებელი მასალა ცუდად მხედველთათვის- ასეთი ადაპტირებული გარემო სჭირდებათ არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ მოხუცებს, ვისაც გადაადგილება უჭირს, ან მშობლებს ბავშვების ეტლებისათვის.

„მზიური“
„მზიური“

პროექტის ავტორებს დიდი იმედი აქვთ, რომ „მზიურის“ აღდგენის იდეას სამოქალაქო აქტივისტები გამოეხმაურებიან და, როგორც 13 ივნისს, ახლაც ბევრი მოხალისე გამოჩნდება. სხვანაირად „მზიური“ ვერ გახდება ყველასი, ვერ იქცევა იმ ადგილად, სადაც, მაგალითად, ახალგაზრდა არტისტებს შეეძლებათ თავიანთი შემოქმედება წარმოადგინონ, პოეტებმა ლექსები წაიკითხონ, მუსიკოსებმა დაუკრან, მხატვრებმა გამოფენები მოაწყონ და ა.შ.

პროექტის ავტორებმა უკვე მიმართეს დედაქალაქის მთავრობას, მერიაში შეტანილია „ახალი მზიურის“ პროექტიც. მათი თხოვნაა, ეს ტერიტორია უიჯაროდ გადაეცეთ. როგორც ანა გოგუაძემაც გვითხრა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან პროექტის ფინანსურ მხარეზე იზრუნონ. ახლა ყველაფერი მერიის თანხმობაზეა დამოკიდებული. მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერია დადგენილ ვადაში განიხილავს „ახალი მზიურის“ პროექტს და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან მისი ავტორებიც. რატი ამბობს, რომ მერიისთვის მნიშვნელოვანია ყველა სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტაციას, განსაკუთრებით, სარეკრეაციო ზონების მოწყობას ისახავს მიზნად.

სანამ მერია ფიქრობს, „მზიურში“ არაფერი ხდება, მაგრამ იქ მაინც დადიან - იქაურობა ჯერ კიდევ უყვართ. ზოგს ის ძველი სანაყინე ახსოვს, ზოგს - თავის ბავშვობაში გატარებული დღეები, ზოგს ის, თუ როგორ შეხვდა შეყვარებულს რომელიღაც ხის ქვეშ ან როგორ წაიკითხა პირველი ლექსი ამფითეატრის სცენაზე, როგორ დალია პირველი ბოთლი ლუდი როკკონცერტზე. ყველას თავისი განუმეორებელი ამბავი აქვს, ამ ამბების თავშესაფარს კი დღეს გადარჩენა სჭირდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG