Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისი – ყველაზე მტვრიანი ქალაქი


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში ეკოლოგიურ პრობლემად რჩება გარემოს დაბინძურება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე საშუალოდ 4,4-ით აღემატება დაშვებულ ნორმას. სპეციალისტების აზრით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირაა დაკავშირებული ავტოტრანსპორტის მომრავლებასთან.

ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისში მსუბუქი ავტომობილების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა და, სტატისტიკური მონაცემებით, ქალაქში, დაახლოებით, 40 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, რასაც ემატება მუნიციპალური ტრანსპორტი, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების სახით. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად აუცილებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემცირება, საწვავის კონტროლის გაძლიერება და ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების აღდგენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელის, ეკოლოგ ქეთევან ცხაკაიას განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების გაზრდა და სათბურის აირების ემისიის შემცირება. ქეთევან ცხაკაიასავე განცხადებით, ეკოლოგიური საფრთხეების შესამცირებლად, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პარალელურად, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და საყოფაცხოვრებოდ ენერგოეფექტიანი ხელსაწყოების გამოყენება.

ეკოლოგ ქეთევან ცხაკაიასავე განცხადებით, ქალაქის ეკოლოგიურად სწორად განვითარებისთვის აუცილებელია 2011 წელს ხელმოწერილი ევროკავშირის ქვეყნების ქალაქთა მერების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და 2020 წლამდე ქუთაისში გამონაბოლქვის – CO2-ის – შემცირებისთვის ენერგოეფექტიანი ღონისძიებების აქტიურად დანერგვა.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, მერების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით ახლახან ორი ენერგოეფექტიანი პროექტი განხორციელდა და ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ხიდთან მდებარე სკვერში, დამონტაჟდა დიდი ზომის გვირილები, რომლებზეც 30-მდე უესბი კაბელია დამონტაჟებული და მსურველებს მობილურის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დამუხტვა გვირილებზე დამონტაჟებული მზის პანელების მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის გამოყენებით შეუძლიათ. ამასთან, საფეხბურთო კლუბ „ ტორბედო-ქუთაისის“ ბაზაზე დამონტაჟდა გაგრილებისა და წყლის გათბობის ენერგოეფექტიანი სისტემა.

თავის მხრივ, სპეციალისტების აზრით, ეკოლოგიური საფრთხეები და მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობებითა და გამწვანების ნაკლებობითაა გამოწვეული. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოეს მომავალში შეიმუშავებს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებისა და ზონირების გეგმას, რომლის მიხედვითაც მშენებლობისას ფართის 20 % მწვანე საფარს უნდა დაეთმოს.

შოთა მურღულიასავე განცხადებით, ქალაქში მწვანე საფარის გაზრდისთვის გზებზე მოწყობილ უსაფრთხოების კუნძულებზე მწვანე ნარგავები უკვე გაშენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG