Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: „ქართული ოცნება“ - ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა


ლუის ნავარო
ლუის ნავარო
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა. გამოკითხულებს ყველაზე ძალიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 52% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მიიჩნევს, თუმცა ის გამოკითხულთა მხოლოდ 9 %-ს მოსწონს. კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და მასში 3 915 ინტერვიუერი მონაწილეობდა.

NDI-ის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 61% მმართველ კოალიციას თავისთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს. ეს - ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით. სექტემბრის შემდეგ მაჩვენებელი გაზრდილია 11%-ით. პარტიების რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობა“, 12%-ით, მეორე ადგილზეა. მას სექტემბერში 9% ჰქონდა ანალოგიურ კვლევაში.

ძლიერი ოპოზიციური ძალის საჭიროებაზე მიუთითებს 82%, 52% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს.
კითხვაზე „მოგწონთ თუ არ მოგწონთ“, პირველ ადგილს საქართველოს პატრიარქი იკავებს: ის 94%-ს მოსწონს. მას, 74%-ით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსდევს, რომელმაც თანამდებობა სწორედ გამოკითხვის პერიოდში დატოვა. მოწონებულ პოლიტიკოსებს შორის სახელდებიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია - 72-72%-ით. მათ მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 71%-ით და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 65%-ით. დავით უსუფაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 41%.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, კოალიცია „ქართული ოცნება“ რჩება ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად საქართველოში. 61% აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს...
ლუის ნავარო
ყველაზე მოწონებულ ოპოზიციურ ლიდერად კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რჩება, 48%-ით, რაც სტატისტიკურად უცვლელი მაჩვენებელია სექტემბრის კვლევასთან მიმართებით.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ამბობს:

„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, კოალიცია „ქართული ოცნება“ რჩება ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად საქართველოში. 61% აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი წარმოადგენენ კოალიციის ყველაზე პოპულარულ ლიდერებს. დავით ბაქრაძე კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად. მოსახლოების 52 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია მათთვის კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. რაც შეეხება რეიტინგების ჩამონათვალში ახალ სახეებს, ძირითადად ეს ადამიანები არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომელთაგან ზოგიერთმა უკვე სხვა პოსტი დაიკავა, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადავიდა“.

NDI-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებს რეალობის ამსახველად მიიჩნევს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე:
„აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, სჯერა მისი დაპირებების და სჯერა იმ ძალის, რომელიც მზად არის ქვეყანას გაუძღვეს სწორი მიმართულებით“.

მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, მხარდამჭერთა რაოდენობას ინარჩუნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მას ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად აფასებენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრო ბარნოვი ამბობს, ის NDI-ის კვლევებს ადრეც სანდოდ მიიჩნევდა და ახლაც ასევე ფიქრობს:

თვითონ „ქართული ოცნება“ მუშაობს ახლა ღარიბაშვილზე ყველაზე მეტად, მაგრამ თვითონ ალასანია, წულუკიანი და მათი პიარ-საკომუნიკაციო გუნდი საკუთარი თავის წარმოჩენაზე კარგად მუშაობენ. უსუფაშვილი, უბრალოდ, კარგი პოლიტიკოსია და ხალხს მოსწონს, იმიტომ რომ გამოკვეთილი ტიპია, იმიტომ რომ განსხვავებული, სერიოზული პოლიტიკოსია და პარლამენტშიც საქმე ასე მიჰყავს...
კახა მაღრაძე
„თავისთავად შედეგები საოცარი ნამდვილად არ არის. ქვეყანა იმყოფება გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ამ დუღილის შემდეგ დაწმენდა იწყება, ასე ვთქვათ, თუმცა ის, რომ ხელისუფლების პირველი პირები გარკვეულ პოპულარობას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ და, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცხადდება, ამ კვლევის მიხედვით, მთავარ ოპოზიციურ ძალად, მე ვფიქრობ, ეს, უბრალოდ, ასახავს ჩვენს რეალობას“.

ის, რომ კოალიციიდან რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ლიდერი გამოყვეს გამოკითხულებმა, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ მთავარ კონსულტანტს კახა მაღრაძეს ძალიან ბუნებრივად ეჩვენება. მისი სიტყვებით, ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კულტურა ნაკლებადაა განვითარებული, პოლიტიკურ პარტიებს აფასებენ როგორც პოლიტიკოსთა ნაკრებს. კახა მაღრაძის თქმით, გამოკითხულები თავიანთი პოზიციის გამყარებასაც ცდილობენ ამით, თუ რატომ უჭერენ მხარს კოალიციას - ეს არის რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია. მეორე მიზეზს კი კახა მაღრაძე თავად კოალიციის მცდელობაში ხედავს, რომ წარმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის საპირწონე პოლიტიკოსები:

„თვითონ „ქართული ოცნება“ მუშაობს ახლა ღარიბაშვილზე ყველაზე მეტად, მაგრამ თვითონ ალასანია, წულუკიანი და მათი პიარ-საკომუნიკაციო გუნდი საკუთარი თავის წარმოჩენაზე კარგად მუშაობენ. უსუფაშვილი, უბრალოდ, კარგი პოლიტიკოსია და ხალხს მოსწონს, იმიტომ რომ გამოკვეთილი ტიპია, იმიტომ რომ განსხვავებული, სერიოზული პოლიტიკოსია და პარლამენტშიც საქმე ასე მიჰყავს და რაკი არის მკვეთრად განსხვავებული, ზემოთ დგას ამ ყველა პარლამენტარზე. ამიტომ გამოჩნდა უსუფაშვილი, როგორც დამოუკიდებლად ძლიერი პოლიტიკოსი“.

კახა მარღაძის სიტყვებით, კოალიციის ამხელა რეიტინგს ისიც განსაზღვრავს, რომ იმ მანდატის შემდეგ, რაც ქართულმა საზოგადოებამ კოალიციას მისცა, ახლა ძნელიც იქნებოდა იმის აღიარება, რომ შეცდა. ამასთან, ძლიერია შიში „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ესეც ამაღლებს კოალიციის რეიტინგს“.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს კვლევის მეთოდოლოგიის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს - მას კითხვის დასმა „მომწონს არ მომწონს“ არ მიაჩნია პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოების რეალური დამოკიდებულების გამოვლენის საშუალებად, თუმცა, მისი სიტყვებით, პარტიების რეიტინგები მეტ-ნაკლებად კანონზომიერია:

„ხელისუფლებაში ყოფნა გარკვეუწილად ზრდის ხოლმე პარტიისა და პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკურ წონას, მით უმეტეს, რომ როგორც ოპოზიცია, არცთუ ისე ეფექტურია „ნაციონალური მოძრაობა“. ის ჯიუტად აგრესიული კი არის, მაგრამ ოპოზიციამ მარტო აგრესიულობა არ უნდა გამოავლინოს, მან უნდა ჩაავლოს ხალხის განწყობილებაში იმას, თუ რა იწვევს კრიტიკას, გამოკვეთოს ეს და იყოს ხალხის კრიტიკული განწყობილების რუპორი და არა საკუთარი კრიტიკული განწყობილების რუპორი. „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც დიდად არ უწევს ანგარიშს ხალხის განწყობას და მხოლოდ თავის სათქმელს ამბობს“.
NDI-ის მიერ დაკვეთილი კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან სულ მალე - 13-დან 27 ნოემბრის პერიოდში - ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ და გამოკითხა 3 915 რესპონდენტი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG