Accessibility links

ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი შესაძლოა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდეს. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოდან გაგზავნილი სანომინაციო წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, რომლის სხდომა 2013 წლის დეკემბერში ბაქოში გაიმართება. რას აძლევს ქვევრის ღვინის მსოფლიო საგანძურად გამოცხადება საქართველოს და კიდევ რა სანომინაციო წინადადებებს ამზადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში?

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, ანუ UNESCO-ს, კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წელს იქნა მიღებული. მაშინვე გამოქვეყნდა მსოფლიო ზეპირსიტყვიერების შედევრების ნუსხა, რომელშიც, სხვა 19 არამატერიალურ საგანძურს შორის, აღმოჩნდა ქართული მრავალხმიანი სიმღერაც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის რუსუდან მირზიკაშვილის თქმით, საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია 2007 წელს მოახდინა, 2011 წლიდან კი დაიწყო იმპლიმენტაციის პროცესი, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობდა იმას, რომ ქვეყანაში შემდგარიყო არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული რეესტრი და განსაზღვრულიყო არამატერიალური მემკვიდრეობის განმარტება:

რუსუდან მირზიკაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

რუსუდან მირზიკაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

„ამას სხვანაირად „სულიერ საგანძურს“ ან „სულიერ მემკვიდრეობასაც“ ეძახიან, იმიტომ რომ ეს არის ისეთი რამ, როცა მემკვიდრეობად, ძეგლად და ფასეულობად მიიჩნევენ არა კონკრეტულ ფიზიკურ ნივთს, არამედ იმ ტექნოლოგიას, ტრადიციას, რომელიც ამ ნივთის შექმნასთან არის დაკავშირებული“.

არამატერიალური კულტურის ძეგლად შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის რიტუალი, სიმღერა, კერძის დამზადების წესი, სპორტის ეროვნული სახეობა, ამა თუ იმ ნივთის (მაგალითად, ქვევრის) დამზადების მეთოდი. რუსუდან მირზიკაშვილის თქმით, არამატერიალური კულტურის თვალსაჩინო ნიმუშია უძველესი ქართული წესით ქვევრში ღვინის დაყენების 8 ათასწლოვანი ტრადიცია, რომლის შესაბამისი ნომინაცია იუნესკოში 2012 წელს გაიგზავნა.
„ნომინაცია იმით არის საყურადღებო, რომ იქ არის, ერთი მხრივ, აღწერა იმის, თუ რატომ არის შენ მიერ წარდგენილი ელემენტი ისეთი მნიშვნელოვანი, რომ დაიმსახუროს საერთაშორისო სტატუსი, მაგრამ, მეორე მხრივ, იქ არის ნაწილი, სადაც ქვეყანა წარადგენს სამოქმედო გეგმას, ანუ იმას, თუ როგორ იცავს ან რა ღონისძიებებს ატარებს ამ მნიშვნელოვანი ელემენტის დასაცავად და მხარდასაჭერად“, უთხრა რუსუდან მირზიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თანამედროვე საქართველოში ხშირად შეხვდებით ე.წ. კახური ტიპის ტრადიციულ ღვინოს, რომელიც არ არის ქვევრში დაყენებული. გასაგებია, რომ მეთოდი იგივეა გამოყენებული ჭაჭაზე და კლერტზე დავარგების სახით, მაგრამ მთავარი პირობა მაინც არის ქვევრი, ანუ ჭურჭელი, სადაც დუღილი გაიარა ღვინომ...
ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ნომინაციას მიენიჭოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი, ტრადიციის ხანდაზმულობაა, რომელიც არ უნდა იყოს 70 წელზე ნაკლები. ამასთან, ტრადიცია უნდა იყოს ცოცხალი, ანუ ხალხის ჯგუფს ის უნდა მიაჩნდეს საკუთარ კულტურად. ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და დღემდე ჰყავს მიმდევრები. ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციის აღორძინებასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ღვინის კლუბს“, რომლის პრეზიდენტის მალხაზ ხარბედიას თქმით, ქვევრის ღვინოდ ჩაითვლება მხოლოდ ტრადიციული მეთოდით და სრული ციკლის დაცვით დაყენებული ღვინო:

„თანამედროვე საქართველოში ხშირად შეხვდებით ე.წ. კახური ტიპის ტრადიციულ ღვინოს, რომელიც არ არის ქვევრში დაყენებული. გასაგებია, რომ მეთოდი იგივეა გამოყენებული ჭაჭაზე და კლერტზე დავარგების სახით, მაგრამ მთავარი პირობა მაინც არის ქვევრი, ანუ ჭურჭელი, სადაც დუღილი გაიარა ღვინომ, სადაც მეორადი დუღილი გაიარა და სადაც ის დაიწმინდა და გახდა ღვინო. ყველა ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქვევრმა“.

ქვევრში ღვინის დაყენების წესისა და, ზოგადად, არამატერიალური საგანძურის დასაცავად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შესაბამისი კანონმდელობის შექმნაზე მუშაობს. სააგენტოს წარმომადგენლის კოტე ნაცვლიშვილის თქმით, დასაცავია როგორც თავად საგანძური, ასევე მისი მატარებელი პერსონაც:

„კანონმა უნდა შეუწყოს ხელი ამქრების, გილდიების, ასოციაციებისა და მსგავსი ტრადიციული გაერთიანებების შექმნას, რომლებიც დაიცავენ თავიანთ უფლებებს და ასევე შექმნიან კონტროლის მექანიზმს, რომელიც დაიცავს როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ტექნოლოგიები, რომელთა მატარებელი გახლავთ ასაკოვანი ხალხი. ვაპირებთ შემოვიღოთ შემდეგი წოდებები: „ცოცხალი საუნჯე“ ან „ცოცხალი საგანძური“.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ის უნიკალური ჩვევები, ტრადიციები, ხელსაქმე, სიმღერა, ცეკვა, თამაში, რომელიც, როგორც წესი, სასიამოვნოა და ამის გაზიარება სტუმრისათვის არის ის მთავარი ფენომენი, რითაც ჩვენი ქვეყანა არის ღირებული და საინტერესო დანარჩენი სამყაროსთვის...
კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ასეთ ადამიანებს კანონის საფუძველზე შეექმნებათ განსაკუთრებული პირობები პრაქტიკის გასატარებლად, რათა აიყვანონ შეგირდები და გაავრცელონ თავიანთი ცოდნა. საკანონმდებლო რეგულაცია, ისევე როგორც იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის აღიარება, სულზე მიუსწრებს გაქრობის პირას მისულ ბევრ ტრადიციასა თუ წესს, - ასე ფიქრობს ზაზა გაგუა, „ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი:

„პირველ რიგში, ეს არის მექვევრეობა, რომელიც სამეგრელოში გაქრობის პირას არის და სულ რაღაც სამი-ოთხი მექვევრე თუ იქნება შემორჩენილი. გაქრობის პირას არის მისული სამეგრელოში გუდის ყველის დამზადების ტრადიციაც, რომლის შესახებ ისედაც მცირე ცოდნა არსებობს. არადა, სამეგრელოს ამის დიდი ტრადიცია აქვს, თუმცა ამჟამად მეგრულ გუდის ყველს ძალიან ცოტა თუ აკეთებს და ისიც ძირითადად მთაში. პირველ რიგში, ამის დაცვა და პოპულარიზაციაა საჭირო“.

ზაზა გაგაუას თქმით, ამგვარად ტრადიციაც შენარჩუნდება და ხალხსაც გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი, რაც მათ რთულ პირობებში ცხოვრებისა და საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს. მართლაცდა, საკითხავია,
რა მატერიალური თუ სხვა სახის სარგებლის მოტანა შეუძლია არამატერიალური კულტურის დაცვასა და საერთაშორისო აღიარებას? ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ვანო ვაშაყმაძის თქმით, იუნესკო არის საუკეთესო პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენც სათანადოდ გავიაზროთ და სხვებისთვისაც გასაგები გავხადოთ ქართული არამატერიალური კულტურის შედევრები. და კიდევ:

„დღეისათვის ტურიზმის განვითარების მთავარი მიმართულება არის შთაბეჭდილებების მიღება, ანუ მარტო სუფთა სასტუმროსა და საწოლის გამო ადამიანი აქ არ ჩამოვა, არც მარტო დიდი მთებისა და ზღვის დამზერაა ყველაფერი. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთაბეჭდილებებისა, რომელიც შეიძლება მიიღოს ტურისტმა. შთაბეჭდილების მისაღებად აუცილებელია ცოცხალი კონტაქტი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ის უნიკალური ჩვევები, ტრადიციები, ხელსაქმე, სიმღერა, ცეკვა, თამაში, რომელიც, როგორც წესი, სასიამოვნოა და ამის გაზიარება სტუმრისათვის არის ის მთავარი ფენომენი, რითაც ჩვენი ქვეყანა არის ღირებული და საინტერესო დანარჩენი სამყაროსთვის“.

ეროვნული მასშტაბით, გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ელემენტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ იღებს კულტურის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელსაც, სპეციალური სააღრიცხვო ბარათის შევსების შემდეგ, მიმართავენ ინიციატიორი ფიზიკური ან იურიდიული პირები. საბჭოს გადაწვეტილებას ადასტურებს კულტურის მინისტრი, ძეგლისათვის სტატუსის მინიჭება კი პრეზიდენტის ბრძანებულებით ხდება. დღეისათვის, ეროვნული რეესტრის მიხედვით, ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს დედა ენას, როგორც საანბანე სახელმძღვანელოს შექმნის მეთოდს, ცეკვა ფერხულს, მრავალჟამიერს, ბერიკაობას და ქვევრში ღვინის დაყენებას. ამ უკანასკნელს, როგორც უკვე ვთქვით, არამატერიალური კულტურის საგანძურის სტატუსი შესაძლოა იუნესკომაც მიანიჭოს. რაც შეეხება მომდევნო ნომინაციებს, რომელთა აღიარების მოთხოვნითაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აპირებს მიმართოს იუნესკოს, ის ასე გამოიყურება: ქართული სამზარეულო, ქართული სუფრა და ქართული ჭიდაობა.
XS
SM
MD
LG