Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში ისევ გაიღო ბანკები


ნიქოზია, 28 მარტი: რიგი ბანკ "ლაიკის" ფილიალთან
ნიქოზია, 28 მარტი: რიგი ბანკ "ლაიკის" ფილიალთან
კვიპროსში ისევ გაიღო ბანკები, რომლებიც თითქმის ორი კვირა იყო დახურული, ქვეყანაში საფინანსო კრიზისის დაწყების შემდეგ.

კვიპროსის დასახლებებში ბანკებთან ჯერ კიდევ მათ გაღებამდე დადგა გრძელი რიგები, რაც მოსალოდნელი იყო - თითქმის ორი კვირის წინ 16 მარტს გაიყინა ანაბრების უდიდესი ნაწილი, რათა მათ მფლობელებს არ მისცემოდათ ფულის გატანის საშუალება, სანამ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კვიპროსის საფინანსო კრიზისის მოგვარების გეგმაზე.

გეგმაზე შეთანხმება ორშაბათს, დილაუთენია მოხერხდა. როგორც ბრიუსელში, ხანგრძლივ შეხვედრაზე გადაწყდა, იმისათვის, რომ კვიპროსმა 10 მილიარდი ევროს დახმარება მიიღოს ე.წ. სამეულისაგან (ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან), კვიპროსის ბანკებში დიდი წილი უნდა ჩამოეჭრას საბანკო ანაბრებს, რომლებიც 100 000-ს ევროს აღემატება. რა მოცულობის დანაკარგი მოელით ამ ანაბრების მფლობელებს, ჯერ ოფიციალურად არ უთქვამთ.

სამაგიეროდ ცნობილია შეზღუდვები, რომლებიც ხუთშაბათს ბანკების გაღების შემდეგ ეხება, ზოგადად, მეანაბრეებს კვიპროსში. დღეში დაშვებულია საბანკო ანგარიშიდან არაუმეტეს 300 ევროს მოხსნა, აკრძალულია ჩეკების განაღდება, დაწესებულია ლიმიტი კვიპროსში გაცემული საკრედიტო ბარათების უცხოეთში გამოყენებაზე და დაწესებულია ლიმიტი ნაღდ ფულზე, რომლის უცხოეთში წაღებაც შეიძლება.
ჩემი აზრით, თავი უნდა დავანებოთ სამეულს (ევროკავშირს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს) და ეს ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ, რადგან მათ გვაიძულეს მომჭირნეობის ამ ზომების მიღება...
მეთიუ ელეფტერიუ

კვიპროსის ფინანსთა მინისტრის, მიხალის სარისის განმარტებით შეზღუდვების მიზეზია არასაკმარისი ლიკვიდურობა და ანგარიშების დაცლის სერიოზული საფრთხე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს საკრედიტო ინსტიტუტების კოლაფსი, ხოლო ამის შედეგად, კვიპროსში მთელი ეკონომიკის დესტაბილიზაცია.

ეს განმარტება, როგორც ჩანს, დიდად ვერ ანუგეშებს რიგით კვიპროსელებს, რომლებშიც მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს ბანკებიდან ანაბრების გამოტანის შეზღუდვა და ანაბრების ნაწილის დაკარგვის შიში.

„ჩემი აზრით, თავი უნდა დავანებოთ სამეულს (ევროკავშირს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს) და ეს ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ, რადგან მათ გვაიძულეს მომჭირნეობის ამ ზომების მიღება. არადა ხალხი, ჩემი აზრით, დამნაშავე არ არის. საფასური ბანკებმა უნდა გაიღონ და არა ხალხმა“, ამბობს 20 წლის მეთიუ ელეფტერიუ, რომელიც მონაწილეობდა ნიქოზიაში კვიპროსის პრეზიდენტის სასახლესთან ოთხშაბათს გამართულ საპროტესტო აქციაში.

ამავე აქციის მონაწილე კატრინა გადრია კრიტიკისაგან არ ინდობს არც კვიპროსელ პოლიტიკოსებს - უწინარეს ყოვლისა, პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს: „სანამ ნიკოს ანასტასიადისი პრეზიდენტი გახდებოდა, მან პირობა დადო, რომ პრობლემებს მოაგვარებდა. მაგრამ ის ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. მათ გაანადგურეს კვიპროსის ეკონომიკა და ანასტასიადისი ჩვენ გვანადგურებს“.

ასე კრიტიკულად ბევრი ადამიანია განწყობილი კვიპროსში - ევროზონის პირველ ქვეყანაში, რომელსაც ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საბანკო ანაბრების დაბეგვრა მოსთხოვეს. ოფიციალური განცხადებით, პენსიები, სოცუზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული ანაზღაურებები და საჯარო მოხელეების ხელფასები მომავალ კვირაში, სამშაბათს და ოთხშაბათს ჩაირიცხება შესაბამის საბანკო ანგარიშებზე. ცხადდება ისიც, რომ ხუთშაბათიდან დაწესებული შეზღუდვები სულ შვიდი დღე დარჩება ძალაში - მომავალ ოთხშაბათამდე. ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ თუ შეზღუდვების მოქმედების ვადა მნიშვნელოვნად გაგრძელდება, კვიპროსში შემოღებული ზომები დაარღვევს საერთო ვალუტის ძირითად პრინციპს - ფულის შეუზღუდავ, იოლ ბრუნვას ევროზონაში შემავალ 17 ქვეყანაში.

ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტმა მეოთხედით შეამცირა საკუთარი ხელფასი, რიგითი კვიპროსელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ხელფასი უმცირდებათ მთავრობის კაბინეტის წევრებსაც.
XS
SM
MD
LG