Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი: „საქართველო ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად უნდა ვაქციოთ“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება სტრასბურგში, 20 აპრილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს. სხვა საკითხებს შორის, რაზეც ტორბიორნ იაგლანდმა და გიორგი კვირიკაშვილმა ნახევარსაათიანი შეხვედრის დროს ისაუბრეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი უმთავრესი ყოფილა საქართველოს მომავალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც უმთავრესი ადგილი უჭირავს ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

კვირიკაშვილს, ხელისუფლების სახელით, პირობა მიუცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნისათვის, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდება. ტორბიორნ იაგლანდი დარწმუნებულია, რომ თბილისი შეასრულებს ამ პირობას, რაშიც საკუთარ წვლილს მედია და ევროპელი დამკვირვებლებიც შეიტანენ.

„პრემიერ-მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია მოახლოებულ არჩევნებზე და მე გამახარა იმის მოსმენამ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებზე უკვე დაპატიჟა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, კერძოდ, ODIHR-ი (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი). ისინი, როგორც ცნობილია, აკვირდებიან არა მხოლოდ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები უშუალოდ საარჩევნო უბნებზე, არამედ იმასაც, თუ რა ხდება არჩევნების წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ინტერესშია, მედიას ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის დროს თავისუფალი და ღია მუშაობის შესაძლებლობა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ბრიფინგი სულ 6 წუთი გრძელდებოდა. მოკლე შესავალი სიტყვების შემდეგ ტორბიორნ იაგლანდმა და გიორგი კვირიკაშვილმა სულ ოთხ შეკითხვას უპასუხეს. პროტოკოლის თანახმად, სტუმარ-მასპინძელი ბრიფინგზე ინგლისურად საუბრობდნენ, თუმცა რადიო თავისუფლებამ ევროსაბჭოს გენერალური მდივნისაგან აიღო ნებართვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩვენი შეკითხვისათვის ქართულად ეპასუხა. შეკითხვა კი შეეხებოდა იმას, თუ რა მესიჯი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს არა მხოლოდ მხარდამჭერები, არამედ ოპონენტები, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახით.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ხვალ ოპოზიციის წევრები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება. ჩვენთვის არ არის უცხო საუბარი ოპოზიციასთან. რამდენიმე თვეში უკვე არაერთი შეხვედრა მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და, რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვას გავცემ პასუხს“, განაცხადა კვირიკაშვილმა და საქართველოს ხელისუფლების დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკის დასადასტურებლად მოიტანა ბოლო ანგარიში ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

„დღეს გამოვიდა ახალი რეიტინგი ორგანიზაციისა „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“, სადაც საქართველომ, 2012 წლის შემდეგ, 36-ჯერ გააუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და, ამ თვალსაზრისით, არაერთ ქვეყანას უსწრებს. 64-ე ადგილზეა, თუ არ ვცდები, 180 ქვეყანას შორის“, აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, კმაყოფილება კი არ მალაპარაკებს, არამედ სურვილი, რეფორმები შემდგომშიც შეუქცევადად გაგრძელდესო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობის კუთხით და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და სწორედ ამიტომ ვიხილავთ გენერალურ მდივანთან ერთად 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად“, განცხადა 20 აპრილს, რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად, გიორგი კვირიკაშილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეიძლება ითქვას, ოთხშაბათის ხანმოკლე ბრიფინგზე ერთგვარი მოთელვა გაიარა უფრო დიდი პრესკონფერენციის წინ, რომელიც უკვე 21 აპრილის დილის 10 საათსა და 45 წუთზეა დანიშნული ევროსაბჭოში აკრედიტებული ყველა ჟურნალისტისათვის.

პრესკონფერენციის შემდეგ, იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოვა სიტყვით და შემდეგ პარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს მთავრობის მეთაურს სტრასბურგში ახლავს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ხვალ საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით იქნება საპარლამენტო ასამბლეაში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს.

მაგრამ მანამდე, 20 აპრილს, საღამოს, საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთ ღონისძიებას უმასპინძლა. ოთხშაბათს, საღამოს ცხრის ნახევარზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, სტრასბურგში, ევროპის სასახლის რესტორანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG