Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილმა დაასრულა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში


გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

პარიზში სამუშაო ვიზიტი ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრით დაასრულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, ლორან ფაბიუსთან შედგა დიალოგი მხარეებისთვის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებზე. „მათ შორის, სავიზო ლიბერალიზაციაზე საუბრისას ჩვენ მივიტანეთ მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა საშინაო დავალება და, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისით ევროპაში გამოწვეულმა მიგრანტების პრობლემამ არ უნდა იმოქმედოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ეს გზავნილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად მიიღო და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებიც დადებითი შეაფასა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზში შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა და ლორან ფაბიუსმა განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებიც, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობა. გიორგი კვირიკაშვილმა ლორან ფაბიუსს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ლორან ფაბიუსმა დადებითად შეაფასა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და ქვეყნის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობას და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილმა და ლორან ფაბიუსმა განიხილეს საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ოფისის გახსნის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას და ბიზნესპროექტების განხორციელებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG