Accessibility links

სტრასბურგში კვირიკაშვილს „ნაციონალური“ სიურპრიზი ელის


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც ნებისმიერი საპარლამენტო ტრიბუნა, არის შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების გამოსახატავად და ამ პლატფორმას ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს.

არ ვიცი, სხვა დროს როგორაა, მაგრამ 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე ლიდერობა ნამდვილად ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კანდელაკს, რომელმაც 18 და 19 აპრილს ორჯერ მოიპოვა სიტყვით გამოსვლის უფლება და ორივეჯერ მიიპყრო ასამბლეაზე ბარაქიანად აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტების ყურადღება. პირველ დღეს ქართველმა დეპუტატმა ევროპელი დეპუტატები გააფრთხილა იმ „უკანონო ფულის“ შესახებ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კერძო ბანკის საშუალებით საქართველოს მთავრობის წევრები უპროცენტო სესხების სახით იყენებენ. სესიის მეორე დღეს კი, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიმართვა დაასრულა, ქართველმა დეპუტატმა კვლავ ითხოვა სიტყვა კომენტარისათვის და მოუწოდა ევროკავშირს, არ დასაჯონ საქართველო მისი მთავრობის შეცდომებისათვის.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სავიზო ლიბერალიზება საქართველოსათვის. მე აქ წარმოვადგენ საქართველოს მთავარ ოპოზიციურ ძალას და მინდა გითხრათ, რომ მთელი ოპოზიცია გულმხურვალედ უჭერს მხარს საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ამ ზაფხულს. ამასთან, ჩვენ ყური მოვკარით, რომ საქართველოს შესაძლებელია წაუყენონ ზოგიერთი ახალი პირობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. იმ ამომრჩევლების სახელით, რომლებსაც მე წარმოვადგენ, მსურს განვაცხადო, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს მისი მთავრობის შეცდომების გამო, იმ შეცდომებისათვის, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულია“, განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გიორგი კანდელაკმა, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში გასცა პასუხი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, არავინ აპირებს რაიმე ახალი პირობების წამოყენებას ან ვინმეს დასჯასო:

„საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში არავითარი ახალი პირობები არ იქნება. რამდენიმე წუთში შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ხოლო 30 წუთში - საქართველოს პრემიერ-მინისტრს. და საქართველოს პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურებ ევროკომისიის წინადადებების სიმყარეს. ეს დაიმსახურა საქართველოს ხალხმა და საქართველოს ბოლო რამდენიმე მთავრობამ, რომელთა მოქმედებამ საშუალება მისცა კომისიას, მოემზადებინა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეთავაზების შესახებ“.

ევროკომისიის პრეზიდენტის პასუხით ვარ ძალიან კმაყოფილი, რადგან, პირველ რიგში, მან კარგად მიიღო ჩემი განცხადება, რომელიც მე გავაკეთე მთელი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“, სახელით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უვიზო მიმოსვლის მიღებას საქართველოს მოქალაქეებისათვის წლევანდელი წლის ზაფხულში...

ევროკომისიის პრეზიდენტის ასეთმა პასუხმა, როგორც ჩანს, დააკმაყოფილა პარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კანდელაკი, რომელსაც რადიო თავისუფლებამ სტრასბურგში სთხოვა განემარტა, თუ რა ახალ პირობებზე ჰქონდა მინიშნება და რა იგულისხმება იმ „შეცდოემებში“, რის გამოც შეიძლება „საქართველო დაისაჯოს“.

გიორგი კანდელაკი: „არა, უბრალოდ, იყო რაღაც ინფორმაცია, რომ კომისიამ, შესაძლოა, დააყენოს დამატებითი პირობები. მეტი არც მე არაფერი არ ვიცი.“

რადიო თავისუფლება: იუნკერის პასუხმა დაგაკმაყოფილათ?

გიორგი კანდელაკი: „ევროკომისიის პრეზიდენტის პასუხით ვარ ძალიან კმაყოფილი, რადგან, პირველ რიგში, მან კარგად მიიღო ჩემი განცხადება, რომელიც მე გავაკეთე მთელი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“, სახელით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უვიზო მიმოსვლის მიღებას საქართველოს მოქალაქეებისათვის წლევანდელი წლის ზაფხულში და რომ ქართველი ხალხი, რომელიც იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, არ უნდა დაისაჯოს ამჟამინდელი მთავრობის შეცდომების გამო“.

რადიო თავისუფლება: და რა შეცდომებია მაინც ეს?

გიორგი კანდელაკი: „ჩვენმა ხალხმა საქართველოს მთავრობის შეცდომების გამო ძალიან კარგად იცის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, 22 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტარებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პირველი მიმართვის შემდეგ დაგეგმილია ასევე დებატები. კულუარული ინფორმაციით, დებატების დროს კვირიკაშვილს რამდენიმე მწვავე შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, თავისუფალი მედიის მდგომარეობისა და საქართველოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ.

გარკვეული ფონი, როგორც ზემოთ ითქვა, უკვე 18 აპრილის სხდომაზე შეიქმნა. „საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ დარბაზში ამ კვირაში სიტყვით გამოვა, ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია. მთავრობის სხვა წევრებიც მისი ყოფილი თანაშემწეები, ექიმები ან მისი კომპანიების ყოფილი თანამშრომლები არიან. მათ აქვთ უპროცენტო სესხები გამოტანილი ივანიშვილის კერძო ბანკიდან და ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ სესხს ფარავენ თანხით, რომელიც მათ დეკლარაციებში მოყვანილ შემოსავლებს აღემატება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, 18 აპრილს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG