Accessibility links

logo-print

საქართველოს უსაფრთხოება ტერორიზმის საფრთხის ფონზე


პარიზი, 18 ნოემბერი

პარიზი, 18 ნოემბერი

13 ნოემბრის პარიზის ტერაქტმა საერთაშორისო თანამეგობრობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, მათ შორის, საქართველოც. კითხვა, რომელიც აქამდეც არაერთხელ დასმულა და რომელსაც ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, უსაფრთხოებას ეხება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ინტერნეტსივრცეში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის შემცველი ვიდეოგზავნილები. მაინც რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო დღეს, როდესაც ევროპის შუაგულში უკანასკნელ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი და სისხლიანი ტერაქტის მოწმე ხდება მსოფლიო? ემუქრება თუ არა ქვეყანას რეალური საფრთხე ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეს პროცესი? ამ კითხვის გარშემო გასულ კვირაში რადიო თავისუფლების ეთერში არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა აზრი. მათ შორის იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ე.წ. „გურჯისტანის ვილაიეთის“ ჩამოყალიბებას აპირებს, რაც საქართველოში მის შემოსვლას ნიშნავს. გიორგი გობრონიძე ამ ინფორმაციას სადეზინფორმაციო პოლიტიკად აფასებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ხალხის დაშინების მიზნით წარმოებული ეს საინფორმაციო კამპანია რუსეთის მიერ იმართებოდეს. მისი აზრით, რუსეთი ახალი რეალობის დამკვიდრებას ცდილობს:

​„ხდება ამგვარი იდეის გაღვივება, რომ ეს საფრთხე რეალურია და მოდი, ჩვენ ამის გარშემო გავერთიანდეთ, ანუ დავივიწყოთ საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დავივიწყოთ საუბარი ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც განახორციელა რუსეთის ფედერაციამ საქართველოში, დავივიწყოთ საუბარი განგრძობადი ოკუპაციის პროცესზე, იმიტომ რომ, ხალხო, რა დროს ეს არის – „ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში, ერთი მიმართულებით, რადგანაც კავკასიის საამირო უკიდურესად დასუსტებულია...

გიორგი გობრონიძე

გიორგი გობრონიძე

მეორე მხრივ, აგერ, სარფის საბაჟოს მიღმა ახლო აღმოსავლეთი იწყება და თურქეთის შემდეგ უკვე სირიაა (გეოგრაფიულად, მართლაც, ძალიან ახლოს ვართ)... აი, ამას იყენებენ იმისთვის, რომ ერთგვარი აზრის ფორმირებას შეუწყონ ხელი საქართველოში“.

გასულ კვირაშივე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლოა რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) კავშირის გამო. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახური იძიებს ქართულ ენაზე გაკეთებული რამდენიმე პროპაგანდისტული საიტის წარმომავლობასა და მათ მომხმარებელს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ასევე საქართველოს მოქალაქის თამაზ ჭაღალიძის მიერ 2015 წლის 12 იანვარს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ფაქტზე.

ვებსაიტმა islam.georgia.com გამოაქვეყნა წალკის რაიონის სოფელ კოხტას ყოფილი იმამის, 56 წლის მურმან პაიჭაძის, მიმართვა, რომელშიც სირიაში წასული საქართველოს მოქალაქე, მისი სიტყვებით, მუსლიმების საოცნებო ისლამური ხალიფატის მებრძოლი, მიმართავს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩაერთონ ჯიჰადში. მურმან პაიჭაძის ეს განცხადება და კიდევ „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა პროპაგანდისტული საიტები გახდა მიზეზი იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ 17 ნოემბერს შესაძლო სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება:

„ჩვენ, ბუნებრივია, დაწყებული გვქონდა გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში მიზანშეწონილი იყო, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, გარკვეული პერიოდის ფარგლებში დაკვირვების განხორციელება, მათ შორის, ოპერატიული მიზნით. და ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ უკვე ამ გამოძიების ფარგლებში“.

ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური უზრუნველყოფა უნდა გაიზარდოს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, თუ რა მძიმე ვითარებაა დღეს და ასევე მძიმეა სამომავლო პროგნოზიც. საერთაშორისო ტერორიზმი უფრო ძლიერდება თანდათანობით და მომავალში კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება...

სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელი ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საჭიროა ინსტიტუციური ცვლილებები, რაც გულისხმობს ანტიტერორისტული მიმართულების გამოყოფას სუსიდან.

„მისი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური უზრუნველყოფა უნდა გაიზარდოს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, თუ რა მძიმე ვითარებაა დღეს და ასევე მძიმეა სამომავლო პროგნოზიც. საერთაშორისო ტერორიზმი უფრო ძლიერდება თანდათანობით და მომავალში კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება. ასევე გასაძლიერებელია სასაზღვრო უწყების მუშაობა, გასაძლიერებელია ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა განსაკუთრებთი მაღალი რისკის ზონებში, საიდანაც მიდიან სირიაში. გარდა ამისა, ამ წასულებზე უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი მათი ვინაობის დადგენითა და გადაადგილების მარშრუტის ცოდნით“, უთხრა ბესო ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუკი ქრონოლოგიურად მივყვებით ტერორიზმისა და უსაფრთხოების თემას, მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გასული კვირის ოთხშაბათს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ პარიზში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით მოიწვია. ცხადია, სხდომაზე განიხილეს ტერორიზმის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია. სხდომა დახურულ კარს მიღმა შედგა. სხდომის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ქვეყანაში გამკაცრებულია სტრატეგიული ობიექტების დაცვა და სასაზღვრო კონტროლი.

მაქსიმალურად ვცდილობთ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან და არ მოხვდნენ ჩვენი ქვეყნის გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის თქმით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების გამო რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე შეეზღუდა გადაადგილება:

„მაქსიმალურად ვცდილობთ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან და არ მოხვდნენ ჩვენი ქვეყნის გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის ქვეყანაში არშემოშვება და დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია სხვადასხვა მიმართულება საზღვარზე და კოორდინირებული მუშაობა შედგა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და, კიდევ, დაიგეგმა გამკაცრება სხვადახვა ზომების სტრატეგიულ ობიექტებზე და ა.შ...“

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყანაში მყისიერი საფრთხის მოლოდინი არ არის და ყველა შესაბამისი ძალოვანი უწყება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

გასულ კვირაში საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე ირაკლი შოთაძე აირჩია. ირაკლი შოთაძემ 14 ხმიდან 13 მიიღო. როგორც საპროკურორო საბჭოს წევრებმა განმარტეს, ირაკლი შოთაძეს მათ მხარი მისი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების ნიშნით დაუჭირეს.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს უმრავლესობით შერჩეული ირაკლი შოთაძე 32 წლისაა. იგი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მას არჩევნებზე მისულ მედიასთან არ უსაუბრია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ პროცესმა ობიექტურად, სამართლიანად ჩაიარა:

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

“ყველამ ნახა, მათ შორის, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა, თუ რამდენად გამჭვირვალე იყო კენჭისყრა და ხმების დათვლის პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც არის ამ პროცესში მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ის, რომ პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, საპროკურორო საბჭოს წევრებს მიეცათ საშუალება ეთქვათ თავიანთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ურჩევნიათ მათ, რომ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი“.

კანონის თანახმად, ირაკლი შოთაძე კანდიდატად ითვლება მანამ, სანამ მის კანდიდატურას ჯერ მთავრობა არ მოიწონებს, შემდეგ კი პარლამენტი არ უყრის კენჭს, თუმცა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორობის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი და პროკურატურის რეფორმის მთავარ ხარვეზადაც სისტემის პოლიტიზება მიიჩნევა, სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ირაკლი შოთაძე პრაქტიკულად უკვე უნდა ჩაითვალოს მთავარ პროკურორად. დამტკიცების შემთხვევაში, კანონის თანახმად, იგი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროკურატურას. რაც შეეხება მის დამოუკიდებლობას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი გია გვილავა ფიქრობს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მთავარი პროკურორის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა.გია გვილავა ფიქრობს, რომ სისტემა იძლევა მანიპულაციების საშუალებას იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ და ხელისუფლებამ მთავარ პროკურორზე ზემოქმედების საშუალება არ დაკარგონ.

გარდაიქმნება თუ არა პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „საქართველოს განვითარების ფონდი“ პოლიტიკურ ძალად, მსოფლიო ბანის სიტყვებით, „ამას ცხოვრება აჩვენებს“. 20 ნოემბერს გაიმართა „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრთა პირველი შეხვედრა. პაატა ბურჭულაძის თქმით, მას არასდროს უფიქრია ოპერის მომღერლობასა და ქველმოქმედებაზე, თუმცა ცხოვრებისგან მიცემული ეს შანსი გამოიყენა, ახლა კი სხვა შანსის გამოყენებასაც აპირებს. მანვე დაადასტურა, რომ ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა, რაც ახლად დაარსებული ფონდის გაძლიერების აუცილებლობით ახსნა. ფონდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უფრო მეტი ილაპარაკა ფონდის ერთ-ერთმა წევრმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლის თქმითაც, ფონდის ერთ-ერთი მიზანი იქნება ახალგაზრდების შემოკრება:

ხათუნა ლაგაზიძე

ხათუნა ლაგაზიძე

„მიზანი გახლავთ საზოგადოებაში არსებული პროფესიონალური და ინტელექტუალური პოტენციალის თავმოყრა ერთ მინდორზე და შესაბამისი ხედვების ჩამოყალიბება. 13 ივნისს ახალმა თაობამ სოციალური სოლიდარობა გვიჩვენა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალური კოორდინაცია მოვახდინოთ ამ თაობასთან. პოლიტიკური კონსულტაციები არ გვქონია, ჩვენ ყველანი ჩვენი წარსულით და ბიოგრაფიით მოვდივართ“.

მაშინ, როცა „პოლიტიკური სივრცე მოსუფთავებულია“ და „პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია“ და როცა ძალაუფლება „პირდაპირ ქუჩაში გდია“ და ამღები არავინაა, ბუნებრივია, რომ ახალი პოლიტიკური ინტერესის მქონე ძალები ჩნდება, თქვა ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისი აზრით, სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს ახლა პაატა ბურჭულაძე.

იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძის ფონდი პოლიტიკური ძალის კონტურებს შეიძენს, მას კონკურენცია „თავისუფალ დემოკრატებთან“ მოუწევს, ვარაუდობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

გასულ კვირაში კიდევ ერთ ხმაურიან თემად იქცა ე.წ. დანამატების საკითხი. საჯარო მოხელეების პრემიები სახელფასო დანამატებმა შეცვალა. მართალია, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, მაგრამ 45 მილიონით გაიზარდა სახელმწიფო დანამატების რაოდენობა, - განაცხადა საქართველოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ და ამასვე ვკითხულობთ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ კანონპროექტზე დაწერილ დასკვნაში. საჯარო მოხელეების პრემიები და დანამატები იმდენად თვალშისაცემია, რომ ხალხის გულისწყრომას იწვევს. ეს გასაგებიცაა, უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომისტმა რომან გოცირიძემ, თუმცა, მისი აზრით, ეს საკითხი ყოველთვის ჩრდილავს უფრო ღრმად წასულ პრობლემას, რომელიც საქართველოს საჯარო უწყებებში არსებობს, ტოტალურ ბიუროკრატიზაციას, როცა ერთი ადამიანის გასაკეთებელ საქმეს ათი კაცი აკეთებს, გაზრდილი სახელმწიფო ბიუროკრატია კი რეალურად იქცევა პარაზიტად, რომელიც ჯანსაღ ეკონომიკაში შექმნილ დოვლათს, ფაქტობრივად, უშრომლად იყენებს. რაც შეეხება ხელფასებსა და დანამატებს, რომან გოცირიძე მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეს ისეთი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომელიც პრემიებითა და დანამატებით არ შეინიღბება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG