Accessibility links

logo-print

„კაბელები“, პრემიერის პრესკონფერენცია და უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე


ნინო გვენეტაძე პარლამენტში

ნინო გვენეტაძე პარლამენტში

გასული კვირის ორშაბათს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ერთთვიანი განხილვების შემდეგ პრეზიდენტის მიერ 28 კანდიდატიდან შერჩეული კანდიდატი, ნინო გვენეტაძე, 20 მარტს პარლამენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთხმად დაამტკიცა. 23 მარტს ის პრეზიდენტმა ოფიციალურად წარუდგინა მოსამართლეებს, რის შემდეგაც ნინო გვენეტაძემ ფიცი დადო:

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად აღვასრულო მოსამართლის მაღალი დანიშნულება“.

ნინო გვენეტაძის წარდგენას უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრებოდა, რაც, პრეზიდენტის თქმით, სამართლებრივი ინსტიტუტებისადმი პატივისცემის ნიშანია.

ორშაბათს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად მზადება დაიწყო. უნდობლობის პროცედურის ინიცირებისთვის საპარლამენტო უმცირესობას 60 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამჟამად “ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 50 დეპუტატი ჰყავს. მათ ინიციატივას მხარს უბამს დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე. ცნობილია, რომ თავისუფალი დემოკრატები ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. კოალიცია„ქართული ოცნება“, რომლის წევრებიც ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი წარუმატებელი იქნება, მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს თემა უფრო საინფორმაციო სივრცეში მოსახვედრად სჭირდება.

"ნაციონალური მოძრაობისთვის“, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი მომგებიანია: რომც ვერ მოახერხონ უნდობლობის გამოცხადება, ამით ისინი არაფერს კარგავენ - პირიქით, ცვლილებების ინიციატორებად გამოჩნდებიან...

როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო მარათონში ერთვება და ცდილობს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის სახელი დაიმკვიდროს:

„ნაციონალური მოძრაობისთვის“, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი მომგებიანია: რომც ვერ მოახერხონ უნდობლობის გამოცხადება, ამით ისინი არაფერს კარგავენ - პირიქით, ცვლილებების ინიციატორებად გამოჩნდებიან“.

გასულ კვირაში გახდა ცნობილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოდანაშაულებსა და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ 2014 წლის ანგარიშის შინაარსი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გასულ წელს ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად არის შეფასებული.

გასულ კვირაში აქტუალური იყო მსჯელობა იმაზე, მივლენ თუ არა მთავრობის წევრები 31 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად. „პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ. - “შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად წარმომადგნელობითი იქნება შეხვედრა“. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობა ვალდებული არ არის დაესწროს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, მინისტრების განმარტებით, მათი მისვლა პარლამენტში სამუშაო განრიგზე იქნება დამოკიდებული. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, უნდა მოუსმინონ მთავრობის წევრებმაც:

„მე, მაგალითად, სწორად ჩავთვლიდი იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მისულიყო ამ ღონისძიებაზე, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი დაასრულებდა თავის გამოსვლას, დებატებში მონაწილეობა აღარ მიეღო. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი“.

24 მარტს საქართველოს რამდენიმე მედიასაშუალებამ ოფიციალურ პრეზენტაციამდე ადრე გაავრცელა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები. ორგანიზაციის პროგრამის ოფიცერი ლადო რაზმაძე აღნიშნავს, რომ შედეგების გასაჯაროებას პარტიებს ვერ აუკრძალავენ, თუმცა ოფიციალურ პრეზენტაციამდე IRI არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებული ციფრების სიზუსტეს. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, პოლიტიკური პარტიების რეიტინგების სათავეში, 36%-იანი მაჩვენებლით, პარტია „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 14% - პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 10% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 6% - ლეიბორისტულ პარტიას. „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ კი არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა 12%, ხოლო რესპონდენტთა 11%-მა საერთოდ უარი თქვა პასუხზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მარტს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოკლედ მიმოიხილა მიღწევები და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ხელისუფლების წინაშე დგას - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით დაწყებული, ლარის კურსის, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, საშინაო თუ საგარეო პრობლემებით დამთავრებული. შემდეგ კი ჟურნალისტებს ბოლო სამ თვეში დაგროვილ შეკითხვებზე უპასუხა.

პირველივე შეკითხვა, რომელიც პრემიერს 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და ლარის არასტაბილურ კურსს შეეხებოდა - კონკრეტულად კი, ხომ არ გეგმავს მმართველი პოლიტიკური ძალა ეკონომიკური გუნდის შეცვლას და ამ გზით სიტუაციის გამოსწორებას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლარის დღევანდელი მდგომარეობა შემაწუხებელია მთელი ქვეყნის მოსახლეობისა და პირადად მისთვისაც, თუმცა რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება და საგარეო შოკიც ახსენა და განმარტა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა არა მთავრობის შეცდომების, არამედ სწორედ გარე ფაქტორების ბრალია:

„ამ ფონზე კი არც ჩვენი ვალუტაა გამონაკლისი. ლარი გაუფასურდა დაახლოებით 30%-ით. ანალოგიური ვითარებაა მთელ სამეზობლოში. ჩვენი ეკონომიკა კი, სამწუხაროდ, დღეს არ არის იმდენად ძლიერი, რომ ასეთ რყევებს გაუძლოს. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება ამ მხრივ, საგარეო შოკითაა გამოწვეული და, რაც მთავარია, ეს არ არის მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. ველოდებით, რომ ლარი ზაფხულში უფრო სტაბილური გახდება“.

საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას ღარიბაშვილს ჰკითხეს, როგორ უყურებს კოალიცია „ქართული ოცნება“ მისივე წევრი „მრეწველების“ლიდერთა ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს, ასევე მათ მოსაზრებებს ევრაზიული კავშირის საინტერესოობის შესახებ.პრემიერის სიტყვებით, გოგი თოფაძის განცხადებები არ გამოხატავს კოალიციის აზრსდა საქართველოს მთავრობა მიჰყვება დეკლარირებულ კურსს.

26 მარტს ამოიწურა სასამართლოში მტკიცებულებათა გადაგზავნის ვადა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მთავრი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს. 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავა, 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც, პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნის ნაწილია, რასაც კატეგორიულად უარყოფს მთავარი პროკურატურა, რომელმაც ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა დაცვის მხარის მიერ მიწვეული ექსპერტის გატაცების თაობაზე.

ირაკლი ალასანიას თქმით, პროკურატურამ ზეწოლა განახორციელა დაცვის მხარის მიერ მიწვეულ ფინანსურ ექსპერტ ავთანდილ გუნთიაშვილზე, რომელმაც თავი შეიკავა ხელი მოეწერა ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე. დაკავებული სამხედროების ადვოკატის იოსებ ბარათაშვილის თქმით, გუნთიაშვილმა მას განუცხადა, რომ თავი შეიკავა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების გამო.

იოსებ ბარათაშვილი

იოსებ ბარათაშვილი

„ჩვენ დავუსვით შეკითხვა: თუ 9 მარტს დაიწყო მუშაობა, მაშინ რატომ არ გვითხრა 9 მარტსვე, მით უმეტეს, რომ 12 მარტს დაბარებული იყო პროკურატურაში საიდუმლო მასალების გასაცნობად. ეს არის ერთი მხარე და მეორე ის, რომ ხელშეკრულება იყო გაფორმებული ამ ექსპერტთან დეკემბერში და პირობების შეუსრულებლობის შესახებ რატომ არ შეგვატყობინა ჩვენ? მან ამის თაობაზე არაფერი არ თქვა. იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გამოიყურებოდა ძალიან ცუდად... გვითხრა, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ის ჰყავდათ ქალაქის პროკურატურაში და აიძულეს ხელი არ მოეწერა ექსპერტიზის დასკვნისათვის“, უთხრა იოსებ ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა თავად ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვილი, სოსო ბარათაშვილის ამ განცხადების პასუხად, ამბობს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ექსპერტზე ზეწოლა უარყო მთავარმა პროკურატურამაც.

27 მარტს დილით კი ე.წ. „კაბელების საქმის“ პროკურორებსა და ადვოკატებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურისგან საქმეზე მტკიცებულებები სრულად არ მიუღიათ. მიუხედავად პროკურორების და ადვოკატების კამათისა, 21 ტომისგან შემდგარი მასალები ბრალდების მხარემ სასამართლოს 27 მარტის დილითვე წარუდგინა. „კაბელების საქმეზე“ სასამართლო სხდომა დანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის ყოფილ თანამშრომლებს გაამართლებს, თუმცა, როგორც პროკურატურის სამომავლო გეგმებიდან ირკვევა, შესაძლოა, საქმე მხოლოდ ხუთი პირის დაკავებით არ დასრულდეს. პროკურატურას აქვს კითხვები სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც, მიმდინარეობს ძიება და თუკი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამის შესახებ საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

XS
SM
MD
LG