Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავას პატიმრობისა და სტრასბურგში გამარჯვების კვირა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება და სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოცხადება, რომლის მიხედვითაც 2006-2007 წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციისას რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2300-ზე მეტი დაზარალებულისთვის კომპენსაციის მოსაპოვებლად საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2007 წლის მარტში შეიტანა. პირველი საჯარო მოსმენა 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ილაპარაკა სტრასბურგში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

”ევროპელმა მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მაშინ რუსეთში ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების დაკავების, დაპატიმრების და მასობრივი გამოძიების, რაც იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა მაშინდელ რუსეთში ეთნიკურად ქართველი ადამიანების წინააღმდეგ”.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის ოდენობის საკითხი ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაწყდეს რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკებების შედეგად, თუმცა, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, საქმეში ისევ სასამართლო ჩაერევა.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება ასევე მიპყრობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ, სადაც 4 ივლისს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს, გიგი უგულავას, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, გიგი უგულავას ბრალდება წარდგენილი აქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ; ასევე გიორგი ღონიაშვილსა და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. უგულავას დაპატიმრება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა. მოგვიანებით პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობაში აყვანას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლების ანგარიშსწორება და უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა:

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ უკვე წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს პოლიტიკური დევნის კამპანია, უგულავას დაკავება, ჩვენი შეფასებით, ნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას, ნიშნავს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სრულიად დემონსტრაციული ფორმით, არჩევნების მეორე ტურამდე 1 კვირით ადრე დაეკავებინა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და კამპანიის უფროსი და ამით ყველასთვის გაეგზავნა ნათელი მესიჯი, რომ ხელისუფლებისთვის, ანგარიშსწორების გარდა, არ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი დღის თემა, მათ შორის არც არჩევნები, მათ შორის არც არჩევნების მეორე ტური და არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება".

თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა...
ირაკლი ღარიბაშვილი

ეს ბრალდებები უარყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს ევროპული კურსი და შესაბამის სტანდარტებსაც ნერგავს. პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყოფილი მერის დაპატიმრების კონტექსტში ახსენა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დაკითხვაზე დაბარება.

"თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია, ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტებს ვნერგავთ ჩვენ, რომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, მისი ყოფილი თანამდებობისა, არ უნდა იდგეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი".

გასულ კვირაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, კომისიის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა, განაცხადა, რომ ცესკომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა:

”კანონში პირდაპირ წერია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს მეორე ტურს და არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მინიმუმ ორი დღე უნდა მოიცადოს, ხომ არ გასაჩივრდება შემაჯამებელი ოქმი, ანუ 3 ივლისს რომ შეაჯამეს, როგორც მინიმუმ, 4 და 5 ივლისი უნდა დაიცადოს ცესკომ”.

პასუხად კი, ცესკოში აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს შემაჯამებელი ოქმები მიღებული აქვთ კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნებიდან მე-11 დღეს, და, შესაბამისად, ამ ოქმების გასაჩივრების ვადებიც ამოწურულია.

ასევე გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს. კომისიის ახალი თავმჯდომარე საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა:

შეწყალების აქტი დემოკრატიული განაცხადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, როდესაც დავთანხმდი ამ გადაწყვეტილებას, ესეც იყო, რომ ჩვენ შეწყალების პროცესი უნდა ვაქციოთ დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად...
ზვიად ქორიძე

„შეწყალების კომისია მუშაობას განაახლებს უახლოეს დღეებში და იმუშავებს იმ პრინციპებით, რა პრინციპებითაც მუშაობდა. ჩვენი ძირითადი მიზანი კი არის შეწყალება, ლმობიერების გამოჩენა და ჰუმანური პრინციპების დანერგვა“.

თავად ზვიად ქორიძემ კი განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მანამდე ნატვირთი ვალდებულების გაზრდას ნიშნავს. კომისიის ახალი ხელმძღვანელის თქმით, შეწყალების აქტით სახელმწიფო მოქალაქეებს თავის ჰუმანურ ბუნებას აჩვენებს:

„ამიტომ მგონია, რომ შეწყალების აქტი დემოკრატიული განაცხადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, როდესაც დავთანხმდი ამ გადაწყვეტილებას, ესეც იყო, რომ ჩვენ შეწყალების პროცესი უნდა ვაქციოთ დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად“.

იმის გამო, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შეწყალების კომისიას მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკაში წასვლის გამო დროებით ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული, შეწყალების მოთხოვნით პატიმართა დახლოებით 1200 განსახილველი განცხადება დაგროვდა. სწორედ ამიტომ, ზვიად ქორიძის თქმით, კომისიას დაჩქარებული წესით მოუწევს მუშაობა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG