Accessibility links

logo-print

არჩევნების მეორე ტურისა და ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების კვირა


ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე

გასული კვირის ორშაბათს, 7 ივლისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლებისა და მსოფლიოს მოქმედმა და ყოფილმა ლიდერებმა. ედუარდ შევარდნაძე აქტიურ პოლიტიკას ვარდების რევოლუციის გამო ჩამოშორდა 2003 წელს, როცა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მისი, როგორც მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსის, კარიერა კი 1985 წლიდან დაიწყო, როდესაც ის საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა მიხაილ გორბაჩოვა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. მანამდე კი მას საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა. საქართველოში ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს დაბრუნდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიდ განსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ და სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყნის ლიდერი გახდა. იგი ჯერ გარდამავალ ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს - ედგა სათავეში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, მოგვიანებით კი, 1995-2000 წლებში, ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. ედუარდ შევარდნაძის გახსენებისას მისი, როგორც სახელმწიფო მეთაურის, პრესმდივანი 1993-1995 წლებში, რამაზ საყვარელიზე, ამბობს, რომ „მას ჰქონდა ნიჭი ყოფილიყო გამორჩეული“.

ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის, შეფასებისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს გამოყოფს, თუმცა აღნიშნავს წარუმატებლობასაც, მათ შორის აფხაზეთში ომს:

„მისი პერიოდის მთავარი მახასიათებელი იყო ორი ცუდი და კარგი რამ. ერთი ის, რომ ეს იყო დაკარგული შესაძლებლობა მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები შედიოდნენ დასავლეთში და იყვნენ ორიენტირებული რეფორმებზე და ჩამოაყალიბეს ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ეს შანსი დავკარგეთ სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში. მეორე მხრივ, მის პერიოდში ჩაისახა ის კავშირები დასავლეთთან, რომელიც მერე იყო ძალიან კარგად გამოყენებული - იგივე ნავთობსადენი, იგივე ბაზების გაყვანა, ეს არის ის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც უფრო გართულდებოდა დასავლეთთან გარკვეული მიმართულებების განვითარება“.

ედუარდ შევარნაძე კვირას, 13 ივლისს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ეზოში, მეუღლის, ნანული შევარდნაძის გვერდით დაკრძალეს. მის დაკრძალვას ესწრებოდნენ მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი, და სხვები.

გასულ კვირაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა 21 თვითმმათველ ოლქში. თბილისის მერობის არჩვენებში კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა და, წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში დავით ნარმანიამ ხმების 72, 47 %-ი მიიღო, მისმა კონკურეტმა, ნიკა მელიამ კია ხმათა 27,53% დააგროვა 727 უბნის მონაცემებით. ამის შესახებ არჩევნების მეორე დღეს, დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ:

„თბილისის მერი: #5 ნიკანორ მელია 27,53% , #41 დავით ნარმანაია 72,47%; თვითმართველი ქალაქი თელავი: #5 ალექსი ძულიაშვილი 29.39%, #41 პლატონ კალმახელიძე 70,61%; თვითმმართველი ქალაქის მერი, ქალაქი რუსთავი: #5 მამუკა ჩიქოვანი 35,23%, #41 დავით ჯიქია 64,77%; თვითმმართველი ქალაქის მერი, ქალაქი მცხეთა: #6 დავით მაჩხანელი 37,01%, #41 ავთანდილ ნემსიწვერიძე 62,99%; თვითმმარველი ქალაქის მერი, ქალაქი გორი: #14 კახაბერ ერგემლიზე 37,77%, #41 ზურაბ ჯირკველიშვილი 62,23%; თვითმმაღთველი ქალაქის მერი, ქალაქი ოზურგეთი: #8 შოთა გოგიბერიძე 41,1 %, ბეგლარ სიორიძე, #41 - 58, 9%; თვითმმართველი ქალაქის მერი, ქალაქი ფოთი: #8 უშანგი გეგენავა 27,62%, #41 ირაკლი კაკულია 72,38%; თვითმმართველი ქალაქის მერი, ქალაქი ბათუმი: #5 გიორგი დიასამიძე 22,71% #41 გიორგი ერმაკოვი 77,29%“.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადევნებდნენ თვალს, არჩევნების მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში წარიმართა. ის დარღვევები, რაც დაფიქსირდა (წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის შევსების წესის დარღვევა), ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე ან არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

გასულ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა ქორეპისკოპოს იაკობის საკვირაო ქადაგებას, რომელშიც ის სასამართლო სისტემას შეეხო, ასევე ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ გუნდებს შეახსენა, რომ ამომრჩეველი მათი საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, ნაციონალურ მოძრაობას „ქვეყნისთვის ღირსების ამყრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ამომრჩეველი მას ხმას არ მისცემს. თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა სამჯერ აუკრძალა კონკრეტულ სასულიერო პირებს რომელიმე პოლიტიკური ძალის პოზიციის დაკავება, ისინი მაინც არ ემორჩილებიან სინოდის მითითებას და ამისათვის არც სინოდი და პატრიარქი ითხოვენ მათგან პასუხს.

„პრობლემა, ჩემი აზრით, დღეს ის უფროა, რომ ეკლესია არ წარმოადგენს ქრისტიანულ დაწესებულებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო გილდია, რომელიც ვაჭრობს თავისი სიმბოლური ავტორიტეტით და კაპიტალით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ურიგდება იმ ძალას, რომელიც მას მეტს გადაუხდის და მის პოზიციას ახმოვანებს. ეს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა და, რაც მთავარია, ეკლესია იქცა კაცთმოძულეობის მქადაგებელ დაწესებულებად და ეს უფრო მიმაჩნია პრობლემად და არა ის, რომ ისინი თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ ამა თუ იმ საჯარო თუ პოლიტიკური საკითხისადმი“, დასძინა მინდიაშვილმა.

ქორეპისკოპოსის განცხადებები წინასაარჩევნო აგიტაციად შეაფასა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. „ახალგაზრა იურისიტთა ასოციაციამ“, „საერთშაორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს მიმართეს, შეისწავლოს ქორეპისკოპოსის განცხადებები. თავის მხრივ ცესკომ წერილობით მიმართა ქორეპისკოპოსს განმარტებისთვის, და, როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ეკა აზარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პასუხის მიღების შემდეგ გადაწყვეტს ცესკო შემდგომ მოქმედებებს. ასეთი კი შეილება იყოს სამართალდაღვევის ოქმის შედგენა, რის საფუძველზეც საბოლოოდ გადაწყეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასმართლოს მიერ 3 ივლისს მიღებულ გადაწყეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ბოლო დროს გაუმჯობესებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა 2006-2007 წლებში ქართველების მასობრივ დაკავებასა და რუსეთიდან დეპორტაციას უკავშირდებოდა. საქართველოს სარჩელის პასუხად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე რუსეთი და საქართველო ერთი წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ. სწორედ ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომ რუსეთს არ დაურღვევია ეთნიკურ ქართველთა უფლებები და რომ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი არც შევიდოდა, რომ არა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ისტერიული ანტირუსული პოლიტიკა. კარასიანის ამ განცხადების გამო გაკვირვება გამოთქვა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ვინაიდან, მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია მსოფლიოში და მისი გადაწყეტილება მიუკერძოებელია.

„აქედან გამომდინარე, ალბათ, არ მოიპოვება ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ან გააკრიტიკებს, ან უნდობლობას გამოუცხადებს. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ყველასთვის გაკვეთილი, თუ როგორ შეიძლება სამართლებრივი არგუმენტებით საერთაშორისო ასპარეზზე დაამტკიცო სიმართლე და დაიცვა ადამიანის უფლებები, რადგან 2006 წელს ათასობით ქართველი მოქალაქის უფლებები დაირღვა და სწორედ ეს თქვა თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ".

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავე რეგიონებში - სამეგრელოსა და შიდა ქართლში - თავისუფალი ეკონომიკური ზონები უნდა შეიქმნას. საუბარია ერგნეთის ბაზრობის მსგავს ცენტრებზე, თუმცა გეგმის კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გასულ კვირაში გამოქვეყნდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევალება პროკურატურის რეფორმა და შერჩევითი სამართლის შთაბეჭდილების გაქრობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის სხვა აქცენტებს, აქ ვხვდებით წამების წინააღმდეგ ბრძოლის, შრომითი უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემას და ამ კონტექსტში ნახსენებია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეს რეკომენდაცია ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართალს, რადგანაც დაუშვებელია ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით კავშირის დამყარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა არ აისახება ევროკავშირთან საქართველოს სამომავლო დაახლოების პროცესზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG