Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების კვირა


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

გასულ კვირაში საქართველოს და მსოფლიოს ყურადღება უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტისკენ იყო მიპყრობილი. ტრაგედიას 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისში კი, საკუთარი ბინის ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი - პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამავე კვირაში საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას უყარა კენჭი.

გასულ კვირას თბილისში, მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერობისათვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, პროკურატურა გამოძიებას მაინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, ანუ პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, აწარმოებს. გამოძიების მსვლელობას აკვირდებიან სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

17 ივლისს შემთხვევის ადგილზე, ილია ჭავჭავაძის 37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში, ჟურნალისტებთან ერთად მისულმა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა, განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება როგორც ექსპერტიზის პასუხს, ასევე გამოძიების დამთავრებას:

ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

„უცნაურად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იარაღს არ ჰქონდა სისხლის კვალი. ამის თაობაზე ექსპერტებსაც მოვახსენე ჩემი აზრი და შემდეგ გამომძიებლებსაც ვუთხარი. სხვა დეტალებიც ამყარებს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ“.

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ეჭვებს მკვლელობასთან დაკავშირებით ასევე აძლიერებს ის გარემოება, რომ გარდაცვლილს შეკრული აქვს უსაფრთხოების ღვედი, ხოლო სათვალთვალო ვიდეოკამერას, რომელიც გარდაცვლილის ავტომობილს უყურებდა, შეცვლილი აქვს ხედვის კუთხე. პროკურატურის წარმომადგენლის კოკა კაციტაძის თქმით კი, კამერების ნაწილი გამოძიებისთვის საერთოდაც გამოუსადეგარია.

მთავარ შეკითხვას - იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და არა ექსპერტმა. ასე ფიქრობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიბჯენით სროლისას, ანუ როცა ლულა მიდებულია სხეულზე, ამ შემთხვევაში - მარჯვენა საფეთქლის არეში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ვერც მკვლელობას გამორიცხავს და ვერც თვითმკვლელობას. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ტყვიის გულასა და მასრის მდებარეობას.

„როგორც მე ვიცი, ტყვიის გულა აღმოჩენილია მანქანის სალონში, კორპუსის ერთ-ერთ დეტალში. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ასევე პოზას, რომელშიც მიცვალებული იქნა ნანახი შემთხვევის ადგილზე, ამავდროულად იმასაც, თუ სად იყო მასრა განლაგებული, ანუ მასრა იქ უნდა ყოფილიყო ამ გასროლის შემთხვევაში, სადაც ნახეს, თუ - არა. იმ პოზის გათვალისწინებით, რა პოზაშიც იყო ბატონი ეროსი უკვე ღვედდაფიქსირებული, შესაძლებელი იყო თუ არა უმანძილო სროლის პირობებში ტყვიის გულა აღმოჩენილიყო იქ, სადაც ნახეს“, უთხრა ალექსანდრე გეჯაძემ რადიო თავისუფლებას. გამოძიება გრძელდება.

ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არა როგორც საუკეთესო, არამედ როგორც ერთადერთი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს და მისწრაფებებს დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე...
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს კენჭი უყარა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. 123 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - დღის ბოლოს სწორედ ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა. ეს ნაბიჯი, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, არის ფრთხილი კაკუნი ევროკავშირის კარზე, როგორც წინაპირობა ამ კარის მომავალში უფრო ფართოდ გაღებისა.

„123 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, ხელშეკრულება რატიფიცირებულია“ - ამ სიტყვების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის დადგენილებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.

ასოცირების შესახებ შეთანხმების დოკუმენტის კენჭისყრამდე პარლამენტის წევრებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე სიტყვით მიმართა და ყველას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არა როგორც საუკეთესო, არამედ როგორც ერთადერთი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს და მისწრაფებებს დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თანამედროვე, ძლიერი ევროპული სახელმწიფო“.

როდესაც მე ვახსენებ საქართველოს, პატივს ვცემ მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელზე, მე ვგულისხმობ სარგებელს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის...
შტეფან ფიულე

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ასოცირების შესახებ შეთანხმების სიკეთეებზე საუბრისას თქვა, რომ ყველა ეს სარგებელი ერთნაირად შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს:

„ნება მიბოძეთ გარკვევით ვთქვა, რომ როდესაც მე ვახსენებ საქართველოს, პატივს ვცემ მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელზე, მე ვგულისხმობ სარგებელს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის. მჯერა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე საქართველო მომდევნო წლებში დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყანა გაატარებს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას ევროპულ სივრცეს დაუახლოებს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და სოციალურად“.

17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში განიხილეს. მდგომარეობა ციხეებში პატიმართა ჯანდაცვისა თუ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, უსახლკაროთა მდგომარეობა ქვეყანაში, დევნილთა პრობლემები, ბავშვთა სიღარიბე და სიკვდილიანობა, უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა, ქალთა უფლებები - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია სახალხო დამცველის 633-გვერდიანი ანგარიშისა, რომლის მთავარი აქცენტები ხელისუფლებასა და ოპოზიციას უჩა ნანუაშვილმა გააცნო.

უჩა ნანუაშვილს ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ 2013 წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოეხილა და ხელისუფლებისათვის უმთავრესი რეკომენდაციებით მიემართა. მისი თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არაერთი მიმართულებით განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა, რიგ სფეროებში კვლავაც რჩება გადაუჭრელი პრობლემები. სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც სწორედ ამ სფეროებში ვითარების გამოსწორებისკენ იყო მიმართული:

„ავიღოთ, მაგალითად, სიცოცხლის უფლება. ამ მხრივ ჩვენი რეკომენდაცია მთავარი პროკურორის მიმართ შემდეგია: სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს მამუკა მიქაუტაძის საქმე და სიცოცხლის მოსპობის სხვა რამდენიმე შემთხვევა. გამოიძიოს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა საქმეები, მათ შორის რუსეთის მოქალაქე მაგომედ მაგომედოვის გაუჩინარების ფაქტი. მოვითხოვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების გამჭვირვალობას, რადგან დღემდე შეუსაბამოდ მწირია ხელისუფლების მიერ საზოგადოებისათვის ამ ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია ამ საქმეების გამოძიების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების სისტემური გამოძიების მიზნით“.

ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, ხომ არ არის ის გარკვეულწილად შეზღუდული საკუთარი შეფასებების დაფიქსირებისას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკურ მოტივაციას...
ჩიორა თაქთაქიშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანგარიშში გამოუძიებელი საქმეების ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. მათ შორისაა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საკნიდან გაყვანის საკითხის გამოძიებაც, რომელზეც, ომბუდსმენის განცხადებით, ჯერჯერობით სრულყოფილი პასუხები არ არსებობს. ომბუდსმენის მოთხოვნებს შორისაა ე.წ. „ტრაქტორების საქმის“, ასევე მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომლის დაკავების საქმის ხელახალი გამოძიება.

ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მისი საკმაოდ კრიტიკული შინაარსის და მასში მოყვანილი ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტისა, ომბუდსმენი მაინც ერიდება მწვავე შეფასებების გაკეთებას:

„ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, ხომ არ არის ის გარკვეულწილად შეზღუდული საკუთარი შეფასებების დაფიქსირებისას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკურ მოტივაციას. ის დეტალურად აღწერს დარღვევებს, მაგალითად, იგივე ვანო მერაბიშვილის საქმეში, მაგრამ არ აფასებს მას“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მოისაკლისა რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომლებიც, მისი თქმით, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა, მათ შორის - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქურდული ავტორიტეტების გავლენის საკითხი, ე.წ. „მაყურებლების“ არსებობის პრობლემა და 8 თებერვლის ცნობილი თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე.

ბატონი გიორგი არის ძალიან კარგი ფილოლოგი, კარგი მეცნიერი. წლების მანძილზე უწევდა მოღვაწეობა როგორც მენეჯერს სხვადასხვა სტრუქტურებში. ასე რომ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ჰყავს ძალიან კარგი და ცნობილი მეცნიერი...
ჯაბა სამუშია

14 ივლისს თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. კოალიცია “ქარული ოცნების” წევრების მიერ წარდგენილ გიორგი ალიბეგაშვილს მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 8 იყო.

ახალი მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ჯაბა სამუშიას თქმით, კოალიციამ გიორგი ალიბეგაშვილის კანდიდატურაზე ყურადღება შეაჩერა შემდეგი გარემოებების გამო:

„ბატონი გიორგი არის ძალიან კარგი ფილოლოგი, კარგი მეცნიერი. წლების მანძილზე უწევდა მოღვაწეობა როგორც მენეჯერს სხვადასხვა სტრუქტურებში. ასე რომ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ჰყავს ძალიან კარგი და ცნობილი მეცნიერი. ბუნებრივია, მისი წარსული არის ის საფუძველი, რის გამოც მასზე შეჩერდა ყურადღება და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.

გიორგი ალიბეგაშვილი
გიორგი ალიბეგაშვილი

გიორგი ალიბეგაშვილი 1959 წელსაა დაბადებული. სხვადასხვა დროს იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი, თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

”ტარიფებს არანაირი ზრდა არ ემუქრება”, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 16 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და იქვე ისიც განმარტა, რომ უსაფუძვლო ეჭვები ”ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლის გაურკვეველმა განცხადებებმა გამოიწვია. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება კომპანიის წარმომადგენელთა ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა ტარიფიც გაიზარდოს, თუმცა ეჭვები ამ მხრივ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის სიტყვებმაც გაამძაფრა. ”მოლოდინია, რომ ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება”, - თქვა მარიამ ვალიშვილმა 15 ივლისს, რაც ბევრისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ ტარიფის გაზრდა, მართალია, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც არის მოსალოდნელი.

ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხმაურს უსაფუძვლოდ, ხოლო შეკითხვებს ამოწურულად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შესაბამისი განმარტებები, როგორც უკვე ვთქვით, ვიცე-პრემიერისგან მოისმინა 16 ივლისის მთავრობის სხდომაზე. ამ ყველაფრის უკან ირაკლი ღარიბაშვილი მიზანმიმართულ გეგმას ხედავს:

”მიმაჩნია, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია იყო... რაღაც აგორებული ტალღა, სრულიად უსაფუძვლო, და ის განცხადებები, რაც გაკეთდა, იყო მიმართული იმისაკენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ”.

მართალია, მთავრობა უკვე გადაჭრით ამბობს, ტარიფი არ გაიზრდებაო, მაგრამ სინამდვილეში ამჟამინდელი ტარიფის გადახედვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ”ენერგო-პრო ჯორჯიამ”, რომელიც ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ამარაგებს რეგიონებში და 980 000 აბონენტს ითვლის, სატარიფო განაცხადი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, მომსახურების ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, ახლახან შეიტანა. როგორც სემეკის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ”სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ეტაპზე ამგვარი პროგნოზების გაკეთება საფუძველს მოკლებულია. სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომისიაში შემოტანილი აქვს სატარიფო განაცხადი, რომლის განხილვა და ანალიზი მიმდინარეობს კომისიის აპარატში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ტარიფის გაანგარიშება მოხდება ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ცალსახად გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფის დადგენას”.

მე მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა საერთოდ გაუქმებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ადამიანის უფლებები მეტად იყოს დაცული...
ნაზი ჯანეზაშვილი

ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდება - ამ ცვლილებას მოიცავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი, რომლის შესახებაც 15 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და უნდა შეიცვალოს.

იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი იხსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სასამართლოს ყველა სტანდარტის იგნორირებით, არაერთ ადამიანს შეფარდებია 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც წინასწარი პატიმრობის ვადასაც კი აღემატებოდა. ხშირად ასეთი პატიმრობის მიზეზი ხდებოდა, მაგალითად, დემონსტრაციის დროს გზის გადაკეტვა ან სხვა რამ, ადამიანის დაკავებისთვის კი პოლიციელის ჩვენებაც საკმარისი იყო:

„მე მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა საერთოდ გაუქმებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ადამიანის უფლებები მეტად იყოს დაცული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს პატიმრობა დარჩება 15-დღიანი ვადით, აუცილებელია, რომ დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპები და მაქსიმალურად იქნეს დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპიც“.

გასულ კვირას მთელი მსოფლიო შეძრა "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტმა.

17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტთა კონტროლქვეშ არსებულ რეგიონში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად გამოდის მოწოდებით, "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებათა დასადგენად ჩატარდეს სრული, ღრმა და დამოუკიდებელი გამოძიება. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ვაშინგტონს ძლიერი ეჭვი აქვს, რომ „ბოინგი“ მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედმა უკრაინელმა სეპარატისტებმა ჩამოაგდესო.

როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავი ჩამოაგდო „ბუკის“ ტიპის სისტემამ, რომელიც მოქმედებდა აღმოსავლეთ უკრაინის იმ რაიონიდან, სადაც სეპარატისტები არიან გამაგრებული. პაუერისვე ვარაუდით, ტექნიკური სირთულის გამო, სეპარატისტები ვერ შეძლებდნენ მის მართვას მცოდნე პერსონალის დაუხმარებლად. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ რუსეთიდან ამგვარ ტექნიკურ დახმარებასო.

თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. მგზავრთა გვამები და თვითმფრინავის ნაწილები მიმოფანტულია ათი კილომეტრის რადიუსში, დონეცკის ოლქის შახტიორსკის რაიონის სოფელ გრაბოვოსთან. ეს ადასტურებს, რომ მიწაზე დანარცხებამდე თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG