Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილისათვის პატიმრობის შეფარდების კვირა


გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილს სააკაშვილს, და მასთან ერთად ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეეფარდათ. მათ ბრალად ედებათ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა თბილისის ახალი მთავრობის სრული შემადგენლობა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებულად ცნობის თაობაზე. საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის ხელში ჩაგდებას. კვირის ბოლოს კი მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ პარასკევს, გვიან ღამით, გამოიტანა.

მათთან ერთად ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილსა და უგულავას პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვთ შეფარდებული. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება, - განაცხადეს წუხელ, პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულთა ადვოკატებმა.

აგვისტოს ომის წლისთავის წინ პუტინი უკეთეს საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ ჩემი დაპატიმრების ბრძანება...
მიხეილ სააკაშვილი

როგორც ადვოკატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, დაცვის მხარე ყველა ფორმალურ პროცედურას გაივლის. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია.

აგვისტოს ომის წლისთავის წინ პუტინი უკეთეს საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ ჩემი დაპატიმრების ბრძანება, - ასე ეხმაურება აშშ-დან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, რომელზეც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე გუშინ იმსჯელეს.

სააკაშვილის განმარტებით, მისი დაკავების ბრძანებით ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება.

გასული კვირის ბოლოს თბილისის ახალი მერი დავით ნარმანია თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა - ის შაბათს მივიდა მერიაში და ახალი ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობაც დაასახელა.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად - ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი - მამუკა ჩოქური.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების იმგვარი დარღვევების გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად. გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გასული წლების გახმაურებული საქმეები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას 2012 წლის არჩევნებამდე დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესული იმ ათასობით საჩივრის გამო, რომლებიც შეეხება არასამართლიან სასამართლოს, წამებასა და ქონების უკანონო ჩამორთმევას, თუმცა, ამავდროულად, კომიტეტი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში პოლიტიკური ანგარიშსწორების საშიშროებასაც ხედავს. მოხსენებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის თქმითაც, გაერო საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას მაქსიმალურად დაჩქარდეს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების პროცესი:

ჩვენმა უმრავლესობამ ისე გაიგო, როგორც უნდოდა. არადა, საუბარია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, საუბარია ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაჭერაზე, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე...
მიხეილ მაჭავარიანი

„როგორც მათ პირველად დასკვნაში არის აღნიშნული, გაეროს კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და იქ საუბარია ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც არის ადამიანების წამება, ქონების დატაცება და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა მრავალი უხეში ფაქტის გამოძიება. ეს არის ჩვენთვის დასაფიქრებელი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც იმოწმებს გაეროს მოხსენებას და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება უნდა დაჩქარდეს, თუმცა სულ სხვა დასკვნა გამოიტანეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენებიდან ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა. მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი:

„ჩვენმა უმრავლესობამ ისე გაიგო, როგორც უნდოდა. არადა, საუბარია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, საუბარია ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაჭერაზე, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე. წამების ფაქტებზე წარმოებული გამოძიება დასრულდა მთავარი დამნაშავეების (ისეთის, როგორიც არის ბედუკაძე) საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მსუბუქი სასჯელით. ასე რომ, ძნელია საფუძვლად გამოიყენო ეს დოკუმენტი და მასზე დაყრდნობით მწვანე შუქი აუნთო პოლიტიკური რეპრესიების წარმოებას“.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას აპირებს. საუბარია 1994 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის გადახედვითაც მოსკოვი რამდენჯერმე დაემუქრა თბილისს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო. პროექტი შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს წიაღში, თუმცა ინიციატორად საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელდება. მთავრობის დადგენილების პროექტად ჩამოყალიბებული ინიციატივა უკვე შეთანხმებულია იუსტიციის სამინისტროსთანაც.

ჩვენ რუსეთთან მომავალში ვივაჭრებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, ანუ ისე, როგორც ვაჭრობს რუსეთთან მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა. ამაში ტრაგედია არაფერია...
ზურაბ აბაშიძე

როგორც უშუალო მომლაპარაკებელმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში - ზურაბ აბაშიძემ უთხრა 31 ივლისს ჟურნალისტებს, საქართველო ამჟამინდელი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას შეეცდება, მაგრამ თუკი რუსეთი თავისას არ დაიშლის, ორ ქვეყანას შორის ჩვეულებრივი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდება:

”ჩვენ რუსეთთან მომავალში ვივაჭრებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, ანუ ისე, როგორც ვაჭრობს რუსეთთან მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა. ამაში ტრაგედია არაფერია. საუბარია იმაზე, რომ, თუკი აქამდე ექსპორტი საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო, ახლა იქნება საბაჟო გადასახადი, რაც, გარკვეულწილად, პროდუქციას, ალბათ, გააძვირებს”.

მოსკოვიდან წამოსული არაერთი მუქარის მიუხედავად, რუსეთის სამთავრობო გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიასთვის, რომლის აზრითაც, ეს გადაწყვეტილება საქართველოზე მეტად რუსეთს დააზარალებს:

”რუსული საქონელი 4-ჯერ მეტი შემოდის აქეთ, ვიდრე ჩვენი საქონელი შედის რუსეთში. შესაბამისად, უფრო დაზარალდებიან რუსული კომპანიები, ვიდრე ჩვენი კომპანიები. მეგონა, რომ რუსები დათვლიდნენ, ელემენტარულად, და ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. კი, რუსეთი ჩვენზე ბევრად დიდია, მაგრამ საკმაოდ სენსიტიურია და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია დღეს. მას ჩვენი ბაზარი სჭირდება დღეს და არ მგონია, რომ ეს თემა მისთვის უმნიშვნელო იყოს მაშინ, როცა მას ბოიკოტს უცხადებენ ევროპიდან და ამერიკიდან”.

გასულ კვირაში საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარმა ავარიამ ხალხს 90-იანი წლები გაახსენა. ერთდროულად სამი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული დაზიანების შედეგად, თითქმის მთელ საქართველოს, სამეგრელოსა და აჭარის გარდა, 27 ივლისის ღამით ელექტროენერგია ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობას შუქი სომხეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მიღების შემდეგ ეტაპობრივად ჩაურთეს. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2010 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ავარია. ავარიის მიზეზი კი უამინდობა გახდა: ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო დაზიანდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე მდებარე 106-ე ანძის სადენი. ელექტროენერგიის გათიშვამ მეტროპოლიტენისა და რკინიგზის მუშაობაც შეაფერხა - თბილისის მეტროს სადგურებიდან ასობით მგზავრის ევაკუაცია გახდა საჭირო:

„ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" და 220 კილოვოლტი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი "პალიასტომი-1““.

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა მოიწვია, რომლის მთავარი თემაც ნატოს უელსის სამიტისათვის მზადება იყო. საქართველოს დელეგაციას ნატოს სამიტზე სწორედ გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ დეტალურად განიხილეს საქართველოსათვის შემოთავაზებული პაკეტი. მისივე სიტყვებით, სექტემბერში დაგეგმილ სამიტამდე საქართველომ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოს დარჩენილი დრო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 31 ივლისს 4 მასშტაბური პროექტი - მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამა - წარმოადგინა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, წლებია საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად მსგავსი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG