Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის წლისთავი და ხელისუფლების პოლემიკა ევროპელ ლიდერებთან


გასული სამუშაო კვირის ორშაბათს თბილისში ყოველწლიური ამბასადორიალი გაიხსნა. დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება ერთი წლის ფარგლებში სახელმძღვანელო რეკომენდაციებსა და აქცენტებს სთავაზობდა. აქცენტი ამჯერად დაისვა საქართველოს საერთაშორისო გეგმებში ნატოს უელსის სამიტის სამზადისსა და იმ გავლენაზე, რომელიც შეიძლება იქონიოს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებმა - მათ შორის, ექს-პრეზიდენტისა და ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებამ. თუმცა, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 4 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით ვიმსჯელებთ, ექს-პრეზიდენტის გასამართლების ფაქტი ვერავითარ უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს სამომავლო გეგმებზე:

”სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო, არის სრული აბსურდი. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას - ეს არის ყველაზე მთავარი და ვერც ერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობებს ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არის ბრალდებული ძალიან მძიმე დანაშაულებში... და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას”.

ამ საკითხთან მიმართებით განსხვავებულია პრეზიდენტის პოზიცია. გიორგი მარგველაშვილისთვის ეს საკითხი საქართველოს მიერ ”ჩასაბარებელ გამოცდას” ჰგავს, რათა, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ინტენსიური მონიტორინგის ფონზე, ქვეყანამ დაამტკიცოს, რომ არ აწარმოებს პოლიტიკურ დევნას. ამბასადორიალის გახსნისას სიტყვით გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მთავარ წარმატებად შეაფასა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და შენიშნა, რომ ეს არის საზღვარგარეთ გასავრცელებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი. რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს გამოწვევებს, ამ საკითხს პრეზიდენტი პირდაპირ აკავშირებს უკრაინასა და რუსეთთან:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და ჩვენი ქვეყანა მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია, დალაგება და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა”.

გასულ კვირაში ყოფილ პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდათ. მათ სისხლის სამართლის ბრალდებებს მიემატა 9 წლის წინანდელი ამბავი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი. 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ისინი ”დანაშაულის ორგანიზატორებად” დაასახელა. ”ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს, რასაც ”ქართული ოცნება” აბსურდად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტების კამათი მთელი კვირის მანძილზე ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა სამჯერ უპასუხა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს მიხეილ სააკშვილის სამართალში მიცემის გამო. უკანასკნელი გამოხმაურება ტვიტერის მიკრობლოგზე ბილდტმა 8 აგვისტოს დატოვა. ეს იყო პასუხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებაზე, რომელიც მან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უფრო ადრინდელი - 7 აგვისტოს - პოსტის გამო გააკეთა მედიასთან საუბარში. 7 აგვისტოს კარლ ბილდტი წერდა, „მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება სცდება ევროპულ გზასო“.

შერჩევითი სამართლის გამოყენების გამო ხელისუფლებას, კარლ ბილდტის გარდა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და შეერთებული შტატების ოთხი სენატორიც საყვედურობს. სენატორებმა 1 აგვისტოს წერილი პირადად ირაკლი ღარიბაშვილს მისწერეს, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მათ საპასუხოდ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ეს არის უფროსი მეგობრების გარკვეული რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსათვის, მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ რეალობა და იქ, წერილში, მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თითქოს ჩვენ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის მთავარ, ძირითად პრინციპებს. ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელსაც აქვს გარკვეული მეგობრული ვალდებულება და ისინი, უბრალოდ, თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად, ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში“.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ გამოხმაურებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, ისევ ტვიტერით, შემდეგი პოსტი შეაგება:

„თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს მოუსმინოს მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირში, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას მხედველობაში მივიღებთ“.

განსხვავებით პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრების განცხადებას უწოდებს ევროპელი ლიდერების პოზიციას, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მანამდეც არაერთხელ და 7 აგვისტოს რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეშიც“ განაცხადა, რომ თვალს ადევნებს „პოზიციების ინტენსიურ დაფიქსირებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან“ და ძალიან ყურადღებით აკვირდება მათ:

„და აქ ჩვენ ყველანი, ბუნებრივია, ვიქნებით გაერთიანებული იმისთვის, რომ ბატონ კარლ ბილდტს თუ ჩვენს სხვა პარტნიორებს, რომელთა კომენტარებზე მე სულაც არ მეცინება, - პირიქით, მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვგრძნობ იმ მნიშვნელობას, რომელიც ამ ხალხის მხარდაჭერას აქვს საქართველოსთვის, - ჩვენ ყველა უნდა ძალიან ყურადღებით შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით კი, სამართლის პრინციპების დაცვა სწორედ ევროპული ღირებულებაა და არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა საქართველოში ექსპერტების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან ამგვარი პოლემიკა შეიძლება ქვეყნისთვის სასიკეთო არ აღმოჩნდეს.

გასულ კვირაში 6 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ომის წლისთავზე ხელისუფლებას გაუჩნდა კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება. ამ კითხვაზე პასუხად 7 აგვისტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ ეს შესაძლებელი იყო, საქართველოს მაშინდელი მთავრობა რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდა. ის წინდაუხედაობად მიიჩნევს საქართველოს ომში ჩაბმას:

„დღეს უკვე ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინელი ხელისუფლება პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის გამო, მაინც ჩანს, რომ თავისი საგარეო გავლენები ვერ გამოიყენეს საიმისოდ, რომ საქართველოს საკითხი ყოფილიყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა. ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში და მსოფლიო დღეს ხელახლა აფასებს აგვისტოს ომსაც“.

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ამ ომის შედეგები დღეს ორ ქვეყანას შორის მთავარი გადაუჭრელი პრობლემაა, ქვეყნის ნაწილი კი დღემდე ოკუპირებულია.

ომიდან ექვსი წლის შემდეგ იმის თქმა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის თავიდინ აცილება შეიძლებოდა, სწორად არ მიაჩნია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას და ამას, მისი აზრით, უკრაინის მაგალითიც ადასტურებს:

„ეს იყო რუსეთის მიერ დიდი ხნის წინ განსაზღვრული მოცემულობა, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება - სააკაშვილის ხელისუფლება იქნებოდა ეს თუ შევარდნაძის - ამას ვერ ასცდებოდა, იმ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მისდევს. თანამედროვე უკრაინის მაგალითიც ამას გვიჩვენებს: უკრაინამ თითქოს ყველაფერი დათმო, მაგრამ ყირიმის ანექსია მაინც მოხდა, ხომ?!“

8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ომის ყველა დანაშაულის გამოძიება. აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე ილაპარაკა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ ამ დანაშაულთა გამოძიება საქართველოს პრესტიჟის საქმეა:

„2008 წლიდან დაიწყო ომის გამოძიება და რამდენიმე ათასი ადამიანი დაკითხეს კიდეც, მაგრამ შემდგომ ეს პროცესი შენელდა და გამოძიება არ გაგრძელდა იმავე ინტენსივობით. დღეს ეს პროცესი ისევ აღდგა, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაო ისევ ძალიან ბევრია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG