Accessibility links

ექსპრეზიდენტისათვის მორიგი ბრალის წაყენების კვირა


მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასათვის ბრალის წაყენება. მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულად ცნო სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე. პროკურატურის წარმომადგენლის კოკა კაციტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის გადაწყვეტილება 2009 წლის აპრილში მიიღო, მანამდე კი პრეზიდენტის ხარჯები ღიად ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებით:

„დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელებს. თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხმების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები“.

სახეზე გვაქვს ნორმატიული ბაზის შესაბამისად, კანონის საფუძველზე გაწეული ხარჯები. შემდგომი საკითხია საქმის პოლიტიკური ნაწილი, ანუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ესა თუ ის ხარჯი, მაგრამ პროკურატურაში ასეთი საკითხი არ ირჩევა...

ბრალის წაყენების შემდეგ თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და მოქმედებდა კანონის შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ კი იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს:

„სახეზე გვაქვს ნორმატიული ბაზის შესაბამისად, კანონის საფუძველზე გაწეული ხარჯები. შემდგომი საკითხია საქმის პოლიტიკური ნაწილი, ანუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ესა თუ ის ხარჯი, მაგრამ პროკურატურაში ასეთი საკითხი არ ირჩევა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ექსპრეზიდენტის მიერ კოსმეტიკური პროცედურებისთვის გაწეული ხარჯი 673 260 ლარს შეადგენს, ხოლო ”ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი”. ასევე ირკვევა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირებისთვის საზღვარგარეთ ავიალაინერის, ვერტმფრენის, იახტის, ავტომობილისა თუ ველოსიპედის დაქირავება სხვადასხვა დროს 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. დიდ ბრიტანეთში სააკაშვილისათვის ნაყიდი 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს ფასი 49 499 ლარს შეადგენს, ხოლო ხელით შეკერილი 2 კოსტიუმისთვის გადახდილია 8 ათასი ლარი. ექსპრეზიდენტის საიდუმლო ხარჯების გამოქვეყნებას და სააკაშვილისთვის მორიგი ბრალის წაყენებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელი იყო აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაპირისპირება. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილს იმის გამო უსაყვედურა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის მიერ გაწეული ხარჯების გასაჯაროების პროცედურა შეაფერხა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად და კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას:

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

„საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში ხუთი წუთი იფიქროს თუ მეტი იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციაში შედის. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც ჩათვალა საჭიროდ. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი უკავშირდება საქართველოს პოლიტიკას“.

თუმცა მთავრობის მეთაურისა და პრეზიდენტის დავა ამ ორი განცხადებით არ ამოწურულა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ საჭიროდ ჩათვალა შეეხსენებინა პრეზიდენტისათვის, რომ მას არ გაუცია პასუხი პრემიერ-მინისტრის შეკითხვაზე:

„ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან და სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია დროულად და ოპერატიულად გასცეს პასუხი საზოგადოებაში გაჩენილ ნებისმიერ კითხვას. არადა, პრეზიდენტის კომენტარებიდან გამომდინარე, კითხვები კვლავ უპასუხოდ დარჩა“.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ოლეგ მელნიკოვის მიერ ბრალის აღიარება და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. ოლეგ მელნიკოვმა მოსამართლეს უამბო, თუ როგორ დაავალა კუდის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ, სანდრო გირგვლიანის მოშორება, რადგანაც ის თითქოსდა აწუხებდა მის თანმხლებ გოგონას. მოწმის მონათხრობის მიხედვით, ეს ყველაფერი 2006 წლის 27 იანვარს, ღამით, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში ხდებოდა.

„თაკო სალაყაიამ უთხრა ახალაიას, დაეხმარეო გოგოს. ახალაიამ დაიწყო რეკვა. მერე გავიგე, რომ ალანიასთან და მეტრეველთან რეკავდა. მერე დაგვანახვა ორი პიროვნება და გვითხრა, დააკავეთო“, განაცხადა ოლეგ მელნიკოვმა სასამართლო პროცესზე.

ოლეგ მელნიკოვის ჩვენებას გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის ოჯახი, რომელმაც დამნაშავეების მფარველობის გამო ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, თუმცა დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მელნიკოვი აიძულა ცრუჩვენება მიეცა.

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

გასულ კვირაშივე გახდა ცნობილი, რომ 1 სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილი ექიმის რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მედიკამენტები სამ ჯგუფად დაიყო. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, ურეცეპტოდ მხოლოდ მესამე ჯგუფში შეტანილი დაახლოებით 4 ათასამდე მედიკამენტი გაიყიდება:

„რეცეპტის ინსტიტუტი მიმართულია იქითკენ, რომ არასაჭირო დანიშნულებები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. რეცეპტის შემოღებას სწორედ ეს ამოცანა აქვს, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად იყოს განაწილებული ექიმს, ფარმაცევტსა და პაციენტს შორის“.

ასევე პირველი სექტემბრიდან შეიცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების წესი. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების ადგილზე არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობის მიხედვით მივა, ხოლო პრიორიტეტებს დისპეტჩერები განსაზღვრავენ.

XS
SM
MD
LG