Accessibility links

გასული სამუშაო კვირის ორშაბათს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. NDI-მ კვლევა 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩაატარა და 3 338 ადამიანი გამოკითხა. დასაქმება და უმუშევრობა, სიღარიბისა და კრიმინალის დონე ქვეყანაში, დემოკრატია და რეფორმები, უმცირესობათა უფლებები, საგარეო პოლიტიკა, მედია, დემოგრაფია, არჩევნები, ეკლესია და პოლიტიკა და ა.შ. - კვლევის პროცესში მოსახლეობას სწორედ ამ საკითხებზე უწევდა პასუხის გაცემა. NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი დირექტორის, კრისტინა უილფორის განცხადებით, ხალხს საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ სიღარიბისა და სამუშაო ადგილების საკითხი აწუხებს. მისივე თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, ევრაზიის კავშირში საქართველოს გაერთიანების ნაცვლად, და ასეთი არის გამოკითხულთა 60 პროცენტი. 78% კი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიზანს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა:

„გამოკითხული ადამიანების მნიშვნელოვანი უმრავლესობა, 69%, ამბობს, რომ ამართლებს საქართველოს ამ ქმედებას - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. და ეს განწყობა თითქმის ასევე ვრცელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქზე“.

პირველი სამი ყველაზე მოწონებული პოლიტიკური ფიგურა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელია - თავდაცვის მინისტრი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე...

უცვლელია საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტული საკითხები: გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, 32% სიღარიბეს ასახელებს, 25% - პენსიების ოდენობას. სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში ვითარება არ შეცვლილა.

გასული კვირის ოთხშაბათს კი ერონულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა უკვე ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნება“ კვლავაც წამყვან პოლიტიკურ ძალად რჩება. მაღალია ამავე პოლიტიკური პარტიის ლიდერთა რეიტინგის მაჩვენებელიც. პოლიტიკოსი ლიდერების სათავეში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დგას, ოპოზიციური პარტიებიდან კი წამყვან ძალად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელდება. NDI-ის საქართველოს დირექტორის კრისტინა უილფორის თქმით:

„პირველი სამი ყველაზე მოწონებული პოლიტიკური ფიგურა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელია - თავდაცვის მინისტრი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ამ პოლიტიკური ფიგურის რეიტინგმა 7-დან 10 პროცენტით დაიკლო აპრილის კვლევის შემდეგ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში“.

ოთხ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას შორის მოხვდა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, 48%-იანი მაჩვენებლით. 48%-ს მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, აპრილის კვლევასთან შედარებით (51%), დაკლებულია და 45%-ია. გამოკითხულთა შორის პოლიტიკოსი ქალებიდან ყველაზე მეტად მოსწონთ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - მისი რეიტინგის პროცენტული მაჩვენებელია 44%.

გამოკვლევის შედეგებს, ტრადიციულად, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, სახელისუფლებო კოალიცია ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის კვლევას და მის მეთოდოლოგიას უნდობლობას უცხადებს, მთავარი ოპოზიციური ძალა კი, „ნაციონალური მოძრობა“, კვლევის შედეგს იზიარებს.

არსებითად ერთი და იგივე პოლიტიკა გრძელდება. ეს არის რუსეთის მეტი ჩართულობა აფხაზეთის მართვაში. ეს არის საზოგადოებაში უპერსპექტივობის განცდა, რადგანაც მათ არ სურთ რუსეთთან მეტი ინტეგრაცია...

მაგრამ 27 აგვისტოს გამოქვეყნებულმა პოლიტიკურმა რეიტინგებმა ანალიტიკოსებს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მაინც მისცა. ამ ეტაპზე გამოვლენილი მონაცემები პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს უმყარებს აზრს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი მწიფდება და ცვლილებების მომსწრენი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გავხდებით. ანალიტიკოსის ერთ-ერთი ვერსიით, ერთმანეთს ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე დაუკავშირდებიან, რადგან პირველი და მეორე ვერაფერს გახდება მესამის გარეშე:

”მიუხედავად ირაკლი ალასანიას ფიგურის მოწონებისა, ის დამოუკიდებლად თუ გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერად, მისი მაჩვენებელი არ იქნება სახარბიელო, რადგანაც მას კრიტიკოსი და ოპონენტი ბევრი ჰყავს... ასევეა მარგველაშვილი - შეიძლება ვიღაცას მოსწონს მისი ინტელექტი, მისი დაუმორჩილებლობა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური ფიგურისა, ჯერჯერობით გაურკვეველია მისი ხედვები და ასე შემდეგ. ამიტომ, სერიოზული და პერსპექტიული გაერთიანების შექმნას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი მას შეუერთდება ლევან ვასაძე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის კონსერვატიული და ტრადიციული შეხედულებების მქონე, მაინც, ბოლო-ბოლო, მილიონერია, ბოლო-ბოლო, ბიზნესმენია და მისთვის დასავლური ღირებულებები მთლად უცხო არ არის”.

ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი კი იქრობს, რომ მართალია, თვითონ პარტიის მოწონების რეიტინგი 11%-ს არ აღემატება, მაგრამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რეიტინგში ”ნაციონალური მოძრაობა” გამოკვეთილი ლიდერია და მისი მაჩვენებელი 51%-ს შეადგენს. სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” პერსპექტივებს უკავშირებს ირაკლი ტაბლიაშვილი კოალიცია ”ქართული ოცნების” დაშლის პერსპექტივასაც, ანუ თუ მოიკრიბა ძალა ამ პარტიამ, კოალიციისთვის წაგებიანი იქნება დაშლა, მაგრამ თუკი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობა მაინც დადგება, ირაკლი ტაბლიაშვილი იქ მთავარ ფიგურად არ ხედავს გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც უგრძელდება.

გასული სამუშაო კვირის ორშაბათს ცნობილი გახდა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები: 24 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში რაულ ხაჯიმბას ამომრჩეველთა 50,57 პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში გამართული არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 24 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს „ეგრეთ წოდებული“ და „უკანონო“ უწოდა პაატა ზაქარეიშვილმაც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თუმცა მან ისიც შენიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოების აქტიურობისა და განწყობის ცოდნა:

„გამოიკვეთა გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესები, მათი ლიდერები და ჩვენ მზად ვართ გვქონდეს ურთიერთობა აფხაზეთის საზოგადოების ნებისმიერ ლიდერთან, რადგანაც მიგვაჩნია, რომ არსებითად ვითარება არ იცვლება. არსებითად ერთი და იგივე პოლიტიკა გრძელდება. ეს არის რუსეთის მეტი ჩართულობა აფხაზეთის მართვაში. ეს არის საზოგადოებაში უპერსპექტივობის განცდა, რადგანაც მათ არ სურთ რუსეთთან მეტი ინტეგრაცია“.

რაულ ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში კი გაირკვა, რომ რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე თვეში ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ, რაც, სავარაუდოდ, კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნასაც გულისხმობს. ეს საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, შეხვედრის დროს განიხილა. „იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, ილაპარაკა ”აფხაზეთისა და რუსეთის კოლექტიური შეიარაღებული ძალების” ამოქმედებაზე, რასაც ის უსაფრთხოების განსამტკიცებელ მექანიზმად განიხილავს. აფხაზეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ ამ პროექტის რეალიზებით რუსეთის მხარეც არის დაინტერესებული, თუმცა ამგვარ პერსპექტივაზე ლაპარაკს წმინდა პოლიტიკურ გზავნილად განიხილავს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, აფხაზებისთვის ნამდვილად არაფერი შეიცვლება, რადგანაც უკვე დიდი ხანია ყველაფერს ერთპიროვნულად რუსეთი წყვეტს:

”დღეს აფხაზეთის შეიარაღებული ძალები, როგორც ანგარიშგასაწევი, არ არსებობს. იქ დგას რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, რომელიც ყველაფერს განაგებს. რუსეთის გენშტაბში საზღვრავენ რა და როგორ უნდა გააკეთონ და ისინი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ადგილობრივ სეპარატისტებს, აფხაზებს, არც არაფერს შეეკითხებიან, ისე იმოქმედებენ”.

მოწესრიგება და არა გამკაცრება - ასე აფასებდნენ საქართველოს მთავრობაში ცვლილებებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და საქართველოში შემომსვლელთათვის საჭირო სავიზო პროცედურებსა და ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეცვლის. ევროკავშირის, ნატოს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებული იქნება, ხოლო ქვეყანაში შემოსასვლელი ყველა ტიპის ვიზის ღირებულება 50 დოლარი ეღირება. საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა კი 180-დღიან პერიოდში 90 დღით შეიცვლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს იმ ქვეყნების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა მოქალაქეებსაც მოკლევადიანი მიზნებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ.

დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ...

კვირის ბოლოს უკრაინაში არსებულ მზარდი დაძაბულობის ვითარებას, საერთაშორისო თანამეგობრობის გარდა, თბილისიც აქტიურად ეხმაურებოდა.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ქმედებებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე „ღია აგრესიად“ აფასებს - ეს განცხადება მედიასთან სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინას უსწრაფესად უნდა აღმოუჩინოს დახმარება და ის არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებებით. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ასევე მზად არის დაეხმაროს მეგობარ ქვეყანას:

"ჩვენ ინტენსიურ კონტაქტში ვართ უკრაინელ კოლეგებთან. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლაც უკრაინაში იმყოფება და თავის კოლეგასთან განიხილავს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ. ამავე მიზნით ყველა ჩემი კოლეგა თავის პარტნიორ უწყებასთან ინტენსიურ კონტაქტშია", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. განცხადების თანახმად, „დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისაკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად“.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თურქეთში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის განცხადებაშიც აღნიშნული იყო, რომ „საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG