Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოსა და საქართველოს თავდაცვის იმედების კვირა


ნატოს მიმავალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე უელსში.
ნატოს მიმავალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე უელსში.

საქართველოსთვის კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკავშირდება ნატოს სამიტს, რომელსაც 4-5 სექტემბერს უელსის ქალაქი ნიუპორტი მასპინძლობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ ამ სამიტზე ვერ მიიღო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), მაგრამ, სამაგიეროდ, მიიღო არაერთი შეთავაზება და დაპირება. უელსის სამიტის მიწურულს დამტკიცებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის შეთავაზებული ”არსებითი პაკეტი” ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება:

„დღეს დავამტკიცეთ არსებითი პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარებას, ტრენინგებს, წვრთნებს, განმტკიცებულ კავშირს და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებულ შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობათა გაძლიერებას, რაც დაეხმარება საქართველოს წინ წაიწიოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში”.

საქართველომ ამ სამიტზე ვერ მიიღო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), მაგრამ, სამაგიეროდ, მიიღო არაერთი შეთავაზება და დაპირება.

უელსის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია ასევე, რომ ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი, როდესაც სრულად დააკმაყოფილებს ალიანსის სტანდარტებს. ნატო ადასტურებს, რომ საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების განხორციელების კუთხით, თუმცა ქვეყანას კვლავაც მოეთხოვება გააგრძელოს რეფორმები, მათ შორის: დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირების, სამართლებრივი რეფორმის გაგრძელებისა და კანონის სრული უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

უელსის სამიტზე, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილი მზარდი აგრესიის ფონზე - ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა, ალიანსის ლიდერებმა წამოაყენეს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობათა განვითარების ინიციატივა, რომელიც განიხილება სტაბილურობის უზრუნველმყოფ და კონფლიქტების აღმკვეთ მექანიზმად, მასშტაბური სამხედრო კონტინგენტის განთავსების გარეშე. ინიციატივა, რომელშიც ჩართულად გამოცხადდა საქართველო, მოლდავეთი და იორდანია, გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, კონსულტაციებსა და დახმარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების პოტენციალის გაძლიერებაში.

საქართველოს ვხვდებით კიდევ ერთ, სრულიად ახლად შექმნილ, ჯგუფში - შვედეთის, ფინეთის, იორდანიისა და ავსტრალიის გვერდით. ამ ჯგუფს ალიანსი გაძლიერებულ შესაძლებლობათა ინიციატივის ქვეყნების ჯგუფად მოიხსენიებს და მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 5 სექტემბერს ნიუპორტში გამართულ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა:

”მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო მოწვევა იმუშაოს იმ გამორჩეული ქვეყნების ჯგუფთან ერთად, რომლებსაც განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა სურთ ნატოსთან. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც დემონსტრირებაა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებისა, და კონკრეტული განზომილებაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო გააფართოებს მის პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობას“.

საქართველო უელსის სამიტზე დამტკიცებული დეკლარაციის კიდევ რამდენიმე მუხლშია მოხსენიებული. მაგალითად, 94-ე მუხლში ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით და მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „სრულად შესრულებას“. ამავე მუხლში დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს მიბაძოს საქართველოს და მანაც აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. აქვეა კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში:

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწვეტილება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“.

არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი შეასრულებს ნატოს ლიდერების მოწოდებებს, რაც უკრაინაში გამოვლენილი აგრესიული ქმედებების დაგმობის კონტექსტშიც მრავლად გაისმა უელსის სამიტზე.

არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი შეასრულებს ნატოს ლიდერების მოწოდებებს, რაც უკრაინაში გამოვლენილი აგრესიული ქმედებების დაგმობის კონტექსტშიც მრავლად გაისმა უელსის სამიტზე. ნატოს შეფასებებმა და გადაწყვეტილებებმა აშკარად გააღიზიანა მოსკოვი და ეს კარგად ჩანს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც. მასში ნათქვამია, რომ ნატო, ცივი ომის დროს შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, არ ღალატობს თავის ”გენეტიკურ კოდს”, ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ”სამიტზე აღებულ იქნა კურსი ნატოს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გაგრძელებისა და ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდისა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ასეთი გეგმა უკვე დიდი ხანია შემუშავებული იყო და უკრაინის კრიზისი იქცა მხოლოდ საბაბად მისი რეალიზების დასაჩქარებლად”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველო ნატოს არ განიხილავს ”ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად”. ეს საკითხი მხოლოდ მშვიდობიანად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ჭრილში უნდა გადაწყდეს და რუსეთს არ უნდა აღიზიანებდეს ნატოსთან დაახლოებული საქართველო:

”(საჭიროა) აფხაზეთისა და ოსეთის, აფხაზებისა და ოსების ინტეგრირება ქართულ პოლიტიკურ ერთიან სივრცეში, რომ ერთიანი დემოკრატიული წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში ჩავრთოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. შესაბამისად, საქართველოს არ გააჩნია არავითარი აგრესიული პოლიტიკა არც ერთი თავისი მეზობლის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკას, რომ საქართველოს მისწრაფება ევროპისა ან ევროატლანტიკური სივრცისკენ იქნეს აღქმული აგრესიულად ან რაიმენაირად გამაღიზიანებელი იყოს ჩვენი მეზობლებისთვის”.

საქართველოს პრეზიდენტის ასეთი შეფასების მიუხედავად, ანალიტიკოსებისთვის სავსებით ნათელია, რომ რუსეთს არც ნატოს გაძლიერება აძლევს ხელს და არც საქართველოსა და ნატოს დაახლოება. შესაბამისად, მით უმეტეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს მეტი ფიქრი უწევს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხითაც არის მოსალოდნელი და, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, უელსის სამიტის შემდეგ საქართველო იქნება უფრო დაცული, რადგანაც ნიუპორტში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობები ჰქონდეს საჰაერო და ანტისატანკო თავდაცვის საშუალებები. უშუალოდ რომელი ქვეყნისგან მიიღებს საქართველო თავდაცვით სისტემებს, უელსში ეს არ დაკონკრეტებულა, თუმცა ექსპერტები ამას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან - აშშ-ისგან მოელიან.

სწორედ ამ კონტექსტში განიხილება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეიგელის სტუმრობა საქართველოში, რაც ასე სწრაფად მოჰყვა უელსის სამიტს. თუმცა თავდაპირველად ვარაუდისთვის რეალური საფუძველი შექმნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განცხადებით, რომელიც მან 3 სექტემბერს, ესტონეთში ვიზიტის დროს, გააკეთა:

„მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების - მათ შორის, საქართველოსა და მოლდავეთის - დასახმარებლად, რათა გავაძლიეროთ ასევე მათი თავდაცვის უნარი“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთგული პარტნიორი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე უელსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის თემაზე კიდევ ერთი რეზოლუცია დაამტკიცა. 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით, რეზოლუცია მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე დამტკიცდა.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის თემაზე კიდევ ერთი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუცია მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე დამტკიცდა.

”ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი არათუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - წერია საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ ერთობლივად მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, წარუდგინა:

”მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებების და სხვადასხვა ფორმატში წარმოებული მოლაპარაკებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებით დღემდე ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ”.

3 სექტემბერს დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს პარლამენტი ”გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას, განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს”. აქვეა მოწოდებები ნატოსა და ევროკაშირის მისამართით, რომ მიიღონ ”ეფექტური ზომები” როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდავეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ”და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის”.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ ტექსტში დასმული აქცენტები დაგვიანებულად და არაადეკვატურად მიიჩნიეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მათ მიუტევებელ ნაკლად ჩათვალეს ის, რომ რეზოლუციის ტექსტი ვერ ასახავს დროის მოთხოვნებს და, ამდენად, არ არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო თანამეგობრობის ამჟამინდელ პოზიციასთან. ამის უმთავრეს გამოხატულებად კი, როგორც, მაგალითად, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმაც აღნიშნა, მიჩნეულ იქნა ის ფაქტი, რომ ტექსტში არაფერია ნათქვამი რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებთან დაკავშირებით:

”ძალიან უკან ჩამოვრჩებით იმ პოლიტიკას, რასაც ახორციელებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი. ისინი უკვე მესამე ეტაპზე არიან გადასული სანქციებისა, რუსეთის ფედერაციის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. და ახლა, როდესაც ჩვენ უკვე მერამდენედ ვიხილავთ რეზოლუციას, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი გადაწყვეტილი პოლიტიკა არის თავის შეკავება, დამალვა და საერთოდ სანქციებზე საუბრისგან თავის არიდება”.

3 სექტემბრის სხდომაზე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რეზოლუციის საკუთარი ვარიანტიც წარადგინა, მაგრამ ის კენჭისყრამდეც ვერ მივიდა, რადგან მანამდე არ იქნა წარდგენილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. შედეგად, ”ნაციონალური მოძრაობა” გამოეთიშა უმრავლესობის მიერ მომზადებული ვარიანტის დამტკიცების პროცესს და საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. უკრაინის შესახებ რიგით მეორე რეზოლუცია კვლავ საპარლამენტო უმცირესობის გარეშე დამტკიცდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG