Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათმილიონიანი დახმარება და ექსპრეზიდენტის დაყადაღებული ქონება


ახალ სასწავლო წელს განათლების სისტემა ცვლილებებით შეხვდა. მნიშვნელოვანი სიახლეები იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. გადაწყდა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ. პროკურატურამ კი მიხეილ სააკაშვილის ქონება დააყადაღა.

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადაეცათ, 42 ათას პირველკლასელს კი - სასკოლო კომპიუტერებიც. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებსა და სკოლის ინფრასტრუქტურულ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ:

„სიახლეები არის როგორც სკოლების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგების კუთხით, ასევე სიახლეებია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილებები შეეხება მეორე უცხო ენის სწავლებას, თვითონ სასწავლო ხანგრძლივობის გაზრდას: 36-კვირიან სასწავლო განრიგზე გადავდივართ, რითაც უკვე მოვდივართ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. უცხო ენა ვახსენეთ და ჩვენ დავიწყებთ მეხუთე კლასიდან უცხო ენის შესწავლას“.

გამომდინარე იქიდან, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა ამ რეგიონთან, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან - უკრაინასთნ, მოლდოვასა და საქართველოსთან - ურთიერთობას, ეს პროცესი იქნება დროულად შესრულებული...
დავით ზალკალიანი

წელს კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ თბილისის 100 საპილოტე სკოლაში ექიმის კაბინეტი ამუშავდება.

ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის წევრი გიორგი გახელაძე კრიტიკულად აფასებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ერთ ცვლილებას, კერძოდ, სადამრიგებლო საათის შემოღებას. მისი თქმით, ამ საათის დეტალური რეგულირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მასწავლებლების მოთხოვნაზეა დამყარებული, მაინც შეამცირებს მასწავლებლების ავტონომიურობას და შორდება დეცენტრალიზაციის პრინციპს.

პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღე იყო 18 სექტემბერი. გადაწყდა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ - ამას ითვალისწინებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის კანონპროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 18 სექტემბერს მიიღო. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ეძლევა სანქციები დაუწესოს იმ რუსულ სამხედრო, ენერგო და ფინანსურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და სირიაში ვითარების დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. დოკუმენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ცალკეული კომპანიებისთვის, მათ შორის, „როსობორონექსპორტისა“ და „გაზპრომისთვის“ ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის სამხედრო და არასამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად 350 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ასევე გულისხმობს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განმარტებით, აქტის დამტკიცებისთვის კანონპროექტმა მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, თუმცა დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ პროცესი არ გაჭიანურდება:

“იმისთვის, რომ ამ რეზოლუციამ საბოლოო სახე შეიძინოს, კიდევ საკმაო პროცედურებია გასატარებელი. იგი უნდა იყოს ასევე გასული წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ ისევ უნდა დაბრუნდეს სენატში, გადაიგზავნოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემდეგ გახდება იგი უკვე სავალდებულო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ, გამომდინარე იქიდან, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა ამ რეგიონთან, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან - უკრაინასთნ, მოლდოვასა და საქართველოსთან - ურთიერთობას, ეს პროცესი იქნება დროულად შესრულებული“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირველად ხდება, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, სენატის დონეზე, საქართველოში არსებულ მდგომარეობას გარკვეულ სანქციებს აბამს და რუსეთს პირობებს უყენებს:

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

“ბუნებრივია, ამ რეზოლუციის მთავარი თემა უკრაინაა, მაგრამ უკრაინასთან ერთად მოლდოვასა და საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ძალების გაყვანა და, ზოგადად, დეოკუპაციასთან დაკავშირებული პროგრესი არის ბმაში“.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება პროკურატურამ დააყადაღა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 აგვისტოს, ხოლო სააპელაცო სასამართლომ 3 სექტემბერს მიიღო, პროკურატურამ კი 19 სექტემბერს აღასრულა. როგორც პროკურატურა განმარტავს, ქონების დაყადაღების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებაა - მას ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედება.

ლაშა ჩალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ამბობს რომ მათი ორგანიზაცია ამ თემის იურიდიულ მხარეებს ჯერჯერობით სწავლობს, თუმცა კარგი იქნებოდა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი უფრო დასაბუთებული ყოფილიყო:

„პროკურატურას შეუძლია მიმართოს საქართველოს სასამართლოს ქონების დაყადაღების მოთხოვნით, თუ დადასტურებულია, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა შეძენილი. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, ის ბრალი, რაც მიხეილ სააკაშვილს ედება, ანუ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, მე, პირადად, ვისურვებდი, უფრო დასაბუთებული ყოფილიყო“.

რთული ვითარება იყო პენიტენციარულ სისტემაში. სამი გარდაცვლილი და ერთი ნაცემი პატიმარი - ასეთია ბოლო დღეების სტატისტიკა საქართველოს ციხეებიდან. რუსთავის #6 განყოფილებაში ერთი პატიმარი, 50 წლის ზ.ს., გარდაიცვალა (ის ჩამომხრჩვალი იპოვეს), მეორე კი, 21 წლის ჯ.ქ., ფიზიკური დაზიანებებით ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორი პატიმარი გარდაიცვალა #17 დაწესებულებაშიც, მათ შორის ერთმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩვენს რადიოსთან საუბარში შენიშნავს, რომ როცა ასეთ მოკლე პერიოდში სამი პატიმარი იღუპება, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემებია:

„თუნდაც სუიციდის პრევენციის თვალსაზრისით, ციხეებში ამ მიმართულებით მომუშავე პირთა როლი გაძლიერებეული უნდა იყოს, მაგრამ როდესაც დაწესებულებებში არ ჰყავთ ფსიქოლოგები, სამედიცინო პერსონალის დანაკლისია, ცხადია, ამ პრობლემასთან ბრძოლა რთული იქნება. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად დამოკიდებულებაა შესაცვლელი პატიმართა გარდაცვალების ფაქტების მიმართ. ეს ისე აღიქმება, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და არა ტრაგედია. არადა, ყველა ასეთი ფაქტი უნდა იყოს საგანგაშო დაწესებულებებისათვის და მთლიანად სისტემისათვის“.

პარლამენტმა 30 ხმით 28 -ის წინააღმდეგ ვერ დაამტკიცა დადგენილება ბარბარე რაფალიანცის საქმის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, მმართველ კოალიციაში კი კომისიის შექმნის თაობაზე აზრი გაიყო. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ. 2012 წლის არჩევნებამდე მომხდარ საქმეს პროკურატურა იძიებს. იმის გამო, რომ 2 წლის განმავლობაში საქმის გამოძიება ვერ დასრულდა, ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის მიზეზი დღემდე გაურკვეველია.

ეს პროექტი ითვალისწინებს სოციალურ დახმარებას, მაგრამ, უპირველესად, ის არის ბიზნესზე ორიენტირებული, ბიზნესგარემოს ხელშეწყობაზე ორიენტირებული. მეწარმეები მთით ინტერესდებიან ხოლმე, როგორც კი მთაში მათთვის რაღაც განსაკუთრებული პირობა იქმნება...
კობა არაბული

სახელმწიფო კომისია ასრულებს მუშაობას კანონზე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. კომისიის წევრების თქმით, სახელმწიფო იწყებს მთიანი რეგიონების მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას. კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და იქ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად მომდევნო თვეში გადაეგზავნება.

უმუშევრობის დაძლევა და მთაში ბიზნესის გააქტიურების ხელშეწყობა იქნება მთავარი პრიორიტეტი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონისა, რომელზეც უკვე ერთი წელია მუშაობს სპეციალური სახელმწიფო კომისია და, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული. როგორც ის ამბობს, ახალი კანონი იქნება ორიენტირებული არა სოციალურ დახმარებაზე, როგორც არსებული, მისი სიტყვით, მკვდრადშობილი კანონი, არამედ ახალმა კანონმა მთაში ბიზნესის გააქტიურებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ეს პროექტი ითვალისწინებს სოციალურ დახმარებას, მაგრამ, უპირველესად, ის არის ბიზნესზე ორიენტირებული, ბიზნესგარემოს ხელშეწყობაზე ორიენტირებული. მეწარმეები მთით ინტერესდებიან ხოლმე, როგორც კი მთაში მათთვის რაღაც განსაკუთრებული პირობა იქმნება. ამ კანონპროექტში ჩადებულია ისეთი ვარიანტი, რომ თუკი მთის რეგიონში, მთის რესურსების გამოყენებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ადგილზე შეიქმნება წარმოება, აი ეს შეღავათები და ხელშეწყობა უნდა იყოს სწორედ მათზე გათვლილი“, - ამბობს კობა არაბული.

ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც, კობა არაბულის თქმით, კანონში უნდა შევიდეს, მთაში მცხოვრებთა საპენსიო ასაკის ხუთი წლით დაწევას გულისხმობს. ანუ მთაში მცხოვრები ქალების საპენსიო ასაკი 55 წლით განისაზღვრება, კაცები კი პენსიას 60 წლის ასაკიდან მიიღებენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG