Accessibility links

logo-print

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან უდავოდ გამორჩეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 26 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლასა და მართლმსაჯულების განმტკიცებაზე ილაპარაკა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს საგარეო კურსის ურყეობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს:

„ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მმართველობის ყველა დონეზე დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა დაბრუნებისა ევროპული ქვეყნების ოჯახში, რომელთანაც გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო ღირებულებები“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოუერთდეს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების ხორცშესხმის ძალისხმევას:

„ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები. ჩვენ, ქართველებს, გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ“.

ამ დღეს დაეცა სოხუმი... სოხუმის დაცემით დასრულდა ძმათამკვლელი ომი. სოხუმში დაბრუნება იქნება ძმათა შერიგების შედეგად გამოწვეული სიხარული...

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება ახლებურად უდგება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ გადადგა ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას.

გასულ კვირაში 21 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. 1992 წლის ზაფხულში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს, როცა სოხუმი დატოვეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა. საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა ეს დღე ტრადიციულად გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან მისვლით აღნიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ განაცხადა, რომ ომის დასრულებას ლოგიკურად უნდა მოჰყვეს შერიგება:

„ამ დღეს დაეცა სოხუმი... სოხუმის დაცემით დასრულდა ძმათამკვლელი ომი. სოხუმში დაბრუნება იქნება ძმათა შერიგების შედეგად გამოწვეული სიხარული. ეს დღე იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგებით სოხუმში ძმებთან დაბრუნება“.

თარხან ბათირაშვილზე დიდად არც გაჰკვირვებიათ. თქვეს, რომ ის საკმაოდ ოდიოზური საველე მეთაურია, აი, მურადის ამბავი კი გაუკვირდათ, რადგან მას ყველა იცნობს როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანს...

გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასახელა სირიაში მოქმედი იმ ტერორისტების ვინაობა (ჯამში, 21-კაცი), რომლებთანაც ამერიკის მოქალაქეებს ნებისმიერი კომერციული ტრანსაქციების განხორციელება ეკრძალებათ. ტერორისტთა სიაში მოხვდა საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 28 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ექსტრემისტული დაჯგუფების (ISIL) ერთ–ერთი მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია. ამავე სიაშია კიდევ ერთი პანკისელი, მურად მარგოშვილიც, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი უწოდებს სირიაში მოქმედ ჩეჩენთა ლიდერს, რომელმაც თურქეთის საზღვართან ექსტრემისტთა საწვრთნელი ცენტრი დააარსა. თარხან ბათირაშვილი 2005-2009 წლებში საქართველოს არმიის უმცროსი ოფიცერი იყო. გასულ კვირაში პანკისის ხეობაში იმყოფებოდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშვილი, რომელიც ამბობს, რომ პანკისელები ამ საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან და დიდად არც ჟურნალისტების ყურადღება სიამოვნებთ. რაც შეეხება ე.წ. „შავ სიას“, რომელშიც თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი მოხვდნენ, მათ საკუთარი მოსაზრებები აქვთ:

„თარხან ბათირაშვილზე დიდად არც გაჰკვირვებიათ. თქვეს, რომ ის საკმაოდ ოდიოზური საველე მეთაურია, აი, მურადის ამბავი კი გაუკვირდათ, რადგან მას ყველა იცნობს როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანს. ცნობილია, რომ ის ჩეჩნეთში იბრძოდა, შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ იყო დაკავებული 2003 წელს, მისმა ნათესავებმა გამოისყიდეს დიდი ფულით და მას მერე ცხოვრობდა პანკისში. ჩვენ გავესაუბრეთ მის ნაცნობ პიროვნებას, რომელმაც გვითხრა, რომ ის წელიწად-ნახევრის წინ გაემგზავრა პანკისის ხეობიდან. ასევე დაგვიდასტურეს, რომ მართლაც წვრთნის მეამბოხეებს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ სწორედ ამის გამო შეიყვანეს ‘შავ სიაში’“.

გასული კვირა მძიმე აღმოჩნდა ქართული სპორტის ქომაგებისათვის. კვირა დაიწყო ჭიდაობის ეროვნულ ფერედაციაში დაპირისპირებით. ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა რევაზ მინდორაშვილი და ბეგი დარჩია - თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, თუმცა მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავად ლუკა კურტანიძის გადადგომა მოითხოვა.

გასულმა კვირამ ასევე აჩვენა, რომ კიდევ უფრო ძმიმე ვითარებაა შექმნილი ქართულ ფეხბურთში. საქმე ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით, 8 მსაჯი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსაჯები გარკვეული თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს თავიანთი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ.

გასულ კვირაში გამოვლინდა ყოველწლიური ლიტერატურული პრემიის - „საბას“ -ლაურეატები ათ ნომინაციაში. 340 ნაწარმოებიდან ჟიურიმ თავისი არჩევანი შეაჩერა 10 საუკეთესო წიგნსა და მათ ავტორებზე, რომლებსაც ფულადი პრემიის სახით 4-4 ათასი ლარი გადაეცათ. „საბას“ დამფუძნებელია თი-ბი-სი ბანკი, პრემია კი 2003 წლიდან გაიცემა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG