Accessibility links

logo-print

სახელფასო დანამატების, ეკლესიის მილიონებისა და ქალებზე ძალადობის კვირა


სოციალური თემატიკით დატვირთული გამოდგა გასული კვირა. ვნებათაღელვა მოჰყვა მერიის ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის სახელფასო დანამატის გაცემაზე კვირის დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციას. საინტერესო აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ეკლესიის დაფინანსების თაობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა კი მაინც კახეთში, სოფელ ლამბალოში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი გახდა. ახალგაზრდა ქალს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღალატში ამხილეს, ქმრის ნათესავებმა სოფლის ცენტრში სცემეს, ამის შემდეგ კი ქალმა თავი მოიკლა.

გასული კვირის ორშაბათი დაიწყო პრემიერ-მინისტრის კრიტიკით. ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის, სასამართლოსა და მედიაზე ზეწოლის გამო გააკრიტიკა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაზე: საქართველოში მოქმედმა მედიაორგანიზაციებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სისხლის სამართლის საქმე არ გააშუქეს, ამავე დროს კი, სათანადო თანადგომა არ გამოიჩინეს თავიანთი კოლეგის, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, ზაზა დავიათაიას მიმართ, რომელსაც სცემესო. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მიუღებელია როგორც არასრულწლოვნის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი, ასევე პრემიერ-მინისტრის მომეტებული ინტერესი კერძო ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისადმი.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოზიციის პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება: იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად უწევს მონიტორინგს კერძო მედიაკომპანიის თანამშრომლის ოჯახის წევრის საქმესო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია როგორც სასამართლოს მიმდინარეობით, ასევე მედიის მიერ ამ მოვლენის გაშუქებით:

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება და რატომ ინტერესდება პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებით, მათი ოჯახის წევრებით. როგორც ჩანს, მას აქვს მიცემული ინსტრუქცია ან ის პირები, ვინც მის გარშემო არიან, აგროვებენ ასეთი ტიპის ინფორმაციას და აწვდიან მას, მაშინ როცა ეს არ არის საზოგადოების მაღალი ინტერესის საქმე“.

გარდა ამისა, როგორც ეკა გიგაურმა თქვა, მიუღებელია ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი, რაც შესაძლებელს ხდის არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას.

მომდევნო ინფორმაცია, რომელმაც მოქალაქეების განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია, სამშაბათს გავრცელდა. საქმე ეხება თბილისის მერის დავით ნარმანიას ბრძანებას, რომელიც მან გასული კვირის დასაწყისში გამოსცა და რომელიც მერიის თანამშრომლებისათვის სახელფასო დანამატის გაცემას გულისხმობს. დოკუმენტის თანახმად, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად ხელფასთან ერთად გაიცემა და ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. ოპოზიცია მერის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში დეფიციტია და ახალი მთავრობა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწუნებდა.

თბილისის მერის ბრძანების მიხედვით, დანამატს მერიის სულ 26 თანამდებობის პირი მიიღებს. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებს, მათი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ხელფასიც ღირსეული უნდა ჰქონდეთ. ასე ფიქრობს, მაგალითად, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლკსი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წახალისება ხანდახან საჭიროა:

„ასეთი მაღალი თანამდებობის პირებს, ვისაც დიდ თანხებთან აქვთ შეხება, უნდა ჰქონდეთ მართლაც ღირსეული ანაზღაურება, რომ იმუშაონ იმ ენერგიით, რასაც მათგან მოითხოვენ. ხანდახან საჭიროა მათი წახალისება“.

არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, სადაც წერია, რომ პირი, რომელიც ინიშნება საჯარო სამსახურში, უფლება აქვს მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიიღოს ანაზღაურება, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას და დანამატს...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, საჯარო მოხელეებს მართლაც უნდა ჰქონდეთ ნორმალური ანაზღაურება და სტიმულის მისაცემად მათთვის ბონუსების სისტემაც უნდა არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ისაა, თუ როგორ იყენებ ამ სისტემას ან არსებობს თუ არა მსგავსი სისტემა, საერთოდო.

„საქართველოში ამ მხრივ არანაირი სისტემა არ არსებობს. არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, სადაც წერია, რომ პირი, რომელიც ინიშნება საჯარო სამსახურში, უფლება აქვს მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიიღოს ანაზღაურება, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას და დანამატს. კანონი ერთმანეთისგან არ მიჯნავს, რომელი როდის და რა პირობებში უნდა გამოიყენონ. ერთადერთი დათქმაა ის, რომ დასაქმებულმა პირმა ხელფასის გარდა კიდევ შეიძლება მიიღოს პრემია და დანამატი“, - აცხადებს საიას იურისტი სულხან სალაძე.

გამოდის, რომ ერთ კონკრეტულ თვეში საჯარო პირმა შეიძლება ერთდროულად აიღოს ხელფასიც, დანამატიც და პრემიაც.

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია კახეთში, სოფელ ლამბალოში, 30 წლის ქალის თვითმკვლელობის შესახებ. სოფლის რწმუნებულის მახმუდ ალიევის ინფორმაციით, ქალი ქმრის ნათესავებმა ღალატში ამხილეს, სოფლის ცენტრში გამოიყვანეს და სახალხოდ სცემეს. მომხდარიდან ორ დღეში ქალმა თავი ჩამოიხრჩო. სახალხოდ ცემის ფაქტს ლამბალოს მკვიდრნი ჟურნალისტებთან საუბრისას არ უარყოფდნენ.

შსს-ს ცნობით, ქალმა თავი 18 სექტემბერს ჩამოიხრჩო. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარმოებს და არა ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე. როგორც მედიაპორტალს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, მედიაში გავრცელებული მასალის მიხედვით, შედეგსა, ანუ თვითმკვლელობასა, და ცემას შორის პირდაპირი კავშირი იკვეთება. ანა აბაშიძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, შსს-ს მხრიდან არაადეკვატურ რეაგირებაზე ამახვილებს ყურადღებას:

ანა აბაშიძე

ანა აბაშიძე

„ფაქტი მოხდა სახალხოდ. და სად იყო ამ დროს სამართალდამცავი სტრუქტურა? როგორ შეიძლება მთელი სოფელი ასამართლებდეს ლინჩის წესით ქალს „ღირსების სახელით“ და ამას ადეკვატურად არ პასუხობდეს სამართალდამცავი სტრუქტურა!“

გასულ კვირაში გამოქვეყნდა ანგარიში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკის შესახებ. გამოკვლევა, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენციისა და აბსოლუტური პრივილეგირების მიდგომას ეფუძნება. გამოკვლევის თანახმად, სახელმწიფოსგან დაფინანსების ძირითად ნაწილს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია იღებს. სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა საკმაოდ მასშტაბურია - ის წელიწადში თითქმის 29 მილიონს აღწევს.

თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა ძირითადად დაუსაბუთებელია. მისივე თქმით, გამოკვლევა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისების დროს ეკლესიის დაფინანსება რადიკალურად იმატებს:

„ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, სწორედ საკუთარი ლეგიტიმურობის დასაფუძნებლად სარგებლობს ეკლესიის მხარდაჭერით და მისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. და რიგ შემთხვევაში, სწორედ ეკლესიის მხრიდან ლოიალობის მოპოვების საფუძველი არის დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან. დაფინანსების მოდელი სეკულარული და კანონიერი რეგულაციის ჩარჩოში უნდა მოექცეს და არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები რელიგიურ მიზნებს ხმარდებოდეს“.

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

თუკი გასული კვირის მიმოხილვას პოლიტიკური და თავდაცვითი თემით განვაგრძობთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან 9 ოქტომბერს გააკეთა და რომლის მიხედვითაც, საქართველო მზად არის ნატოს ინფრასტრუქტურის განსათავსებლად თავის ტერიტორიაზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, საქართველომ ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა, კონკრეტული გეგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ორშაბათს გადაგზავნა და ახლა ”უახლოეს ერთ თვეში” ელოდება თანხმობას ნატოს წევრი ქვეყნებიდან. ირაკლი ალასანია საზოგადოებას ჰპირდება, რომ დეტალებთან დაკავშირებული ცნობისმოყვარეობა სწორედ ნატოს წევრი ქვეყნებიდან მიღებული თანხმობის შემდეგ დაკმაყოფილდება. მანამდე კი მინისტრი გარკვევით ამბობს, რომ საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება გადაწყვეტილია და რომ ეს აუცილებელია საქართველოს უსაფრთხოებისთვის:

”ეს არის ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. საქართველო-ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა, - საქართველოსთან ერთად, ბუნებრივია, - რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა და ამით ავამაღლოთ შეკავების ფაქტორი იმ აგრესიისა, რომელიც რუსეთიდან მოდის და, ასევე, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა”.

ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში მნიშვნელოვან, უალტერნატივო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ ექსპერტები. მაგალითად, როგორც პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ასეთ ნაბიჯს საფრთხეების შეკავების ძალაც ექნება:

”როდესაც ქვეყანაში იარსებებს - ბაზა იქნება ეს თუ რაღაც დამატებითი ცენტრი, სადაც რეგულარულად იქნება გარკვეული რაოდენობა წარმოდგენილი ნატოს შეიარაღებული ძალების პერსონალისა - ოფიცრებისა, სამხედროებისა - და მუდმივად იქნება აქტივობები აქ, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი. ნატოს პერსონალის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია უცილობლად გამოიწვევს იმას, რომ ნატო იქნება უფრო მეტად ჩართული ამ საკითხში და, შესაბამისად, რუსეთისთვის რისკები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა”.

FIDH მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანების უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს საბაზისო ინსტრუმენტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებში ადგილობრივი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული...

გასული კვირის მიწურულს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - “ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH), გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპაში, ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი. ეს რესპუბლიკებია: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა უკვე ყირიმიც. „თვითაღიარებული რესპუბლიკის სტატუსი სერიოზული უფლებადარღვევის ფაქტების წყაროა და მსხვერპლს ხელი არ მიუწვდება სამართლიანობის აღდგენაზე“, ვკითხულობთ „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის“ ანგარიშში. FIDH მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტების მოგვარება სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვით დაიწყოს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე თავად მონაწილეობდა FIDH-ის მიერ 2014 წლის აპრილში მოწყობილ შეხვედრაში, რომელსაც სწორედ ამ კონფლიქტურ რეგიონებში მოღვაწე უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. მათი განწყობები და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაედო კიდეც საფუძვლად საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშს. ნინო ტლაშაძე ამბობს, რომ ამ ანგარიშს გამოარჩევს მისი მკვეთრი აქცენტები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ერთბაშად ხუთი კონფლიქტური რეგიონის მაგალითზე:

„FIDH მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანების უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს საბაზისო ინსტრუმენტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებში ადგილობრივი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, არ არის დამოუკიდებელი დე ფაქტო ხელისუფლებებისგან და, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია თავისი უფლებების დასაცავად. მას ასევე არ მიუწვდება ხელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთადერთი გზა მათკენ არის საქართველოს გავლით“.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიური წვლილი შეიტანონ ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში - დაიწყონ ეს ადამიანის უფლებების დაცვით, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებამდაცველების მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკური აქტივობით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო მთავრობები.

XS
SM
MD
LG